მარიამ ქვრივიშვილი ჯი-ემ-თი ჯგუფს სასტუმრო „მოქსი თბილისის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობის გამო მადლობას უხდის
„ჯი-ემ-თი ჯგუფმა სასტუმრო „მოქსი თბილისი“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმრო „მოქსი თბილისის“ თანამშრომლებსა და მენეჯერებს შეხვდა. სასტუმროს პერსონალს ტრენინგი ჩაუტარდათ, თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვან. სასტუმრო „მოქსი თბილისი“ 130 ნომრისგან შედგება.
„ჯი-ემ-თი ჯგუფმა გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო „მოქსი თბილისი“ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო, რათა საქართველოში ახალი კორონავირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ჩვენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სასტუმროს საკარანტინო ზონად გამოვიყენებთ. დღეს ჩვენ სასტუმროში ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად სასტუმროს მმართველებს და პერსონალს გავაცანით ის პროცედურები, რომელიც სავალდებულოა, რომ ერთობლივად დავიცვათ, როგორც სასტუმროს შიგნით, ასევე გარეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯი-ემ-თი ჯგუფს, მათ განსკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინეს, ასევე ჩვენ მოვუწოდებთ სხვა სასტუმროებს, რომ შეძლებისდაგვარად ჩაერთონ იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის პრევენციას გულისხმობს.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით 63 სასტუმროშია შექმნილი საკარანტინო ზონები, სადაც 4147 მოქალაქეა განთავსებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას