აგრო სახლი “ქორენა” – გაიცანით მაია კეზევაძე

საქმეს, რომელსაც იწყებ უნდა გიყვარდეს და გულით გააკეთო, ხოლო რასაც გულით და სიყვარულით აკეთებ, ის აუცილებლად გამოვა ძალიან კარგი - მაია კეზევაძე

გაიცანით მაიკო კეზევაძე, რომელმაც გელათის მონასტერთან  ახლოს აგრო-ტურისტული მეურნეობა შექმნა. თბილისიდან ქუთაისში საცხოვრებლად წასულმა ტურისტებისთვის მამა-პაპისეულ სახლში არაჩვეულებრივი გარემო შექმნა. კულინარიული მასტერკლასები, რთველი და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც აგრო ტურიზმს უკავშირდება ობიექტს ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.

  1. ვინ არის მაია კეზევაძე (მოგვიყევით თქვენს შესახებ)

მე ვარ მაიკო კეზევაძე. პროფესიით პედაგოგი, სპეციალობა – სოციოლოგია, მიმართულება „კომუნიკაციის საფუძვლები თანამედროვე საზოგადოებაში“. ვმუშაობ უნივერსიტეტში, სკოლებში, ვარ ასევე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ რეგიონალური კოორდინატორი იმერეთში, ვარ პრაქტიკოსი ტრენერი აგროტურიზმის დარგში, ვეხმარები დამწყებ მეწარმეებს სწორად საქმის წარმართვაში.

 

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში?

ჯანმრთელობის პრობლემების გამო სარეაბილიტაციოდ, მამა-პაპისეულ სახლში, სოფელ გელათში ჩამოვედი 2007 წელს. ეს პერიოდი იყო ჩემი და ჩემი უტკბილესი სოფლის შეგუების წელი, ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სამუდამოდ მეცხოვრა ამ სამოთხეში, ტურიზმის ბიზნესზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს. 2008 წელს შემთხვევით გავიცანი პოლონეთიდან ჩამოსული გოგო კატარზინა. ის მოხალისედ იყო საქართველოში ჩამოსული და ტყიბულის განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებდა პროექტს აგროტურიზმის განვითარებაზე, სწორედ კაშას გაცნობის შემდეგ მოხდა საუბარი იმაზე, რომ შეიძლებოდა გელათშიც განმეხორციელებინა ეს ტურისტული მიმართულება, თუმცა ჩემთის ეს ყველაფერი ძალიან უცხო თემა იყო. მივიღე მონაწილეობა პროექტში, გავხდი ბენეფიციარი და პროექტის ფარგლებში წავედი სტაჟირებაზე პოლონეთის და ჩეხეთის აგროტურისტულ ასოციაციებში. იქიდან დაბრუნებულმა უკვე ზუსტად ვიცოდი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, დავაფუძნე აგროტურისტული ასოციაცია და ყველა წევრი დავსაქმდით ტურისტული მიმართულებით. პირველი ვიზიტიორი გვყავდა 2009 წელს, პოლონეთიდან, ამის შემდეგ უკვე ნელი სვლით დავიწყეთ მუშაობა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ იყო მარტივი გზა… მაგრამ შევძელით და გადავლახეთ ყველა სიმძიმე. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი რომელიც დავიწყე ცარიელი ხელებით, მხოლოდ მამაპაპისეული სახლით და ნივთებით, ამჟამად წარმატებული ბიზნესია, უკვე გვაქვს მეორე სახლიც და ვეწევით საკუთარი მეურნეობის განვითარებასაც. სოფელში დავასაქმე სულ 14 ადამიანი. მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა 8 დასაქმებული, 1 შ.შ.მ პირი და ორიც უხუცესი ბებო, რომლებიც გვასწავლიან ძველი იმერული სამზარეულოს რეცეპტებს.

  1. როგორ გაჩნდა „ქორენას“ დაარსების“ იდეა?

სიტყვა „ქორენა“ უცნაური კონტექსტის სიტყვაა, თუმცა როცა გვინდოდა დაგვერქმია რაიმე სახელი, არჩევანი შევაჩერეთ გელათში მდინარე წყალწითელაზე მდებარე თამარ მეფის ხიდის სახელ „ქორენა“ – ზე. ლეგენდის თანახმად, როდესაც თამარს ხიდი აუშენეს და სანახავად მიიყვნეს ხიდიდან ბევრი ქორი აფრენილა… თამარს უთქვამს ეს ხიდია თუ ქორენაოო.

  1. რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ვიზიტიორებს ვთავაზობთ საოჯახო სასტუმროს მომსახურეობას, კვებით და კვების გარეშე, ასევე ეზოშივეა იმერული სახლი-მუზეუმი, რომელიც ითვლის 200 წელს, სახლში განთავსებულია უძველესი ქართული ტრადიციული ნივთები, ყველა ნივთს თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს.

ამ სახლშივე ვახშმობენ ვიზიტიორები, იმართება ფოლკლორული საღამოები, ქართული სამზარეულოს მასტერკლასები, (ხაჭაპურის და ჭადის გაკეთება უძველესი მეთოდით ბუხარში კეცზე, ლობიო ქოთანში, ფხალი და სოკო ნიგოზში, წიწილა ახალ ტყემალში) სადილი, ვახშამი და საუზმე მზადდება სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან, გვაქვს საოჯახო მარანი და ვამზადებთ იმერულ ღვინოებს, ცოლიკაური, ციცქა და ოცხანური საფერე.

დაინტერესებული სტუმრები ასევე ნახულობენ სოფლის მეურნეობის ნაირსახეობებს.

1) ბაღჩა, სადაც მოგვყავს ყველანაირი ბოსტნეული;

2) სიმინდი და ლობიოს ყანა;

3) საოჯახო მსხვილფეხა და წვრილფეხა ფრინვლებს და ცხოველებს (როგორ ვაბინავებთ, როგორ ვუვლით);

4) ვანახებთ როგორ იწველება ძროხა და როგორ ამოგვყავს იმერული ყველი;

ეს ყველაფერი არის საოჯახო მეურნების ნაწარმი.

მონაწილეობას ვაღებინებთ ყურძნის კრეფაში, ღვინის დაყენებაში, ხილის მოკრეფა შენახვაში, ყანის აღებაში და ა.შ.

  1. რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ მუშაობის პროცესში? რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

რა თქმა უნდა სირთულე ყველა საქმეს ახლავს რასაც კი იწყებ. ჩემს შემთხვევაში იყო პირველ რიგში ფინანსების უქონლობა, სველი წერტილების მოწესრიგება და ყველაზე მთავარი მეზობლებისგან მიღებული ხისტი შეხედულება ჩემს საქმიანობაზე. რამდენიმე წელი დასჭირდა იმას, რომ მე მათთვის გავმხდარიყავი კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება საკუთარ სახლში გაკეთო შემოსავლის წყარო, პრობლემა იყო და ისევ რჩება სოფელში გაზის უქონლობა, დაძველებული წყლის სისტემის მოუწესრიგებლობა, რისთვისაც ზამთრობით ვერ ვიღებთ სტუმრებს.

გაკეთებული ყველა საქმე. საქმეს, რომელსაც იწყებ უნდა გიყვარდეს და გულით გააკეთო, ხოლო რასაც გულით და სიყვარულით აკეთებ, ის აუცილებლად გამოვა ძალიან კარგი.

ჩემი საქმიანობის წარმატების საიდუმლო შეიძლება დავარქვათ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების კეთილგანწყობას მომსვლელთათვის, კარგი კომუნიკაცია, ბევრი შრომა და გულით

  1. ხართ თუ არა რომელიმე გრანტის მონაწილე?ამის შესახებაც რომ გვითხრათ?

მოგებული მაქვს მცირე გრანტები აგროტურიზმის განვითარებისათვის.

  • საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, (საოჯახო მარნის მოწყობისათვის);
  • ასოციაცია „ელკანა“ სასტუმროს მოწყობა გაფართოებისათვის;
  • ორგანიაზაცია „ადამიანი გაჭივრებაში“ (PIN) თემის მობილიზება აგროტურიზმის განვითარებისათვის;
  1. როგორ ფიქრობთ რა არის ის, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებათ?

კონკურენციის დაძლევაში ისევ ისევ დამეხმარა ბევრი შრომა, ბევრი პოზიტივი და ნაკლები დანახარჯით საინერესო პროდუქტის შექმნა. ჩემს შემთხვევაში ავთენტურობის შენარჩუნება, ძველი სამზარეულოს გაცოცხლება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება.

  1. როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანი თქვენი პროდუქტი სოფლის ტურიზმის განვთარებისთვის?

სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოვიპოვეთ ხალხის კეთილგანწობა და პოპულარიზაცია, ეს იმაზე მეტყველებს რომ გვყავს (და კიდევ უფრო მეტიც გვეყოლება) საქმიანობის მიმდევრები. ამით სოფლის მოსახლეობას გაუჩნდება ინტერესი თავისივე სოფელში განახორციელონ რაიმე სახის მცირე ბიზნესი და ნაკლებად იქნება სოფლებიდან მოსახლეობის გადინება. დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ნახულობს ჩვენს მიერ შექმნილ პროდუქტს, ვასწავლით როგორ დაიწყონ და განახორციელოდ მსგავსი ტიპის საქმიანობა.

  1. როგორც ვიცით თანამშრომლობთ „ტურიზმის ორგანიზაციასთან“ სადაც ჩართული ხართ ონლაინ ტრენინგში „სოფლის ტურიზმის“ მიმართულებით, ამის შესახებაც რომ მოგვიყვეთ.

როგორზ ზემოთ ავღნიშნე სერთიფიცირებული ტრენერი გახლავართ და ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან ტრენინგებზე. მათ შორის ერთ-ერთი “ტურიზმის ორგანიზაცია” გახლავთ, რომელთანაც სოფლის ტურიზმის და გასტრონომიული ტურიზმის ტრენინგზე ვარ მოწვეული ტრენერი, სადაც საშუალება მაქვს საკუთარი გამოცდილება გავაზიარო.

  1. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ხომ არ ფიქრობთ რაიმე ახალი პროდუქტის დამატებას?

პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო წლვანდელ წელს გამიჭირდება ჩვეულ რიტმში მუშაობა, თუმცა ვფიქრობ შიდა ტურიზმი ცოტა მაინც ამუშავდება. სამომავლოდ ვფიქრობ სახელობითი ღვინის მარანი გავაკეთო და გვქონდეს ჩვენი აგრო-სახლის ღვინო ბოთლებში. ასევე მინდა კიდევ დავამატო რამდენიმე ეკო-კოტეჯი და გავაფრთოვო სოფლის მეურნეობა.

  1. და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს იდეა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?

და ბოლოს იმ ადამიანებს ვისაც სურვილი აქვს რაიმე საქმის დაწყების და ეშინიათ გამოვა თუ არ გამოვა ???? ყველას ვეტყოდი თამამად „თუ მოინდომებ, ბევრს იშრომებ და ყველა საქმეს სიყვარულით, დაუზარელი შრომით ააკეთებ, ის საქმე აუცილებლად გამოვა… არასოდეს თქვა არასოდეს „ყველაფერი კარგად იქნება… ამ პანდემიის პრობლემებსაც მოვერევით… მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ხელი არ ჩავიქნიოთ ჩვენს საქმიანობაზე…

ავტორი:თორნიკე ფურცელაძე

Tags: