ლიკანში ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

  • Home
  • მთავარი
  • ლიკანში ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

ლიკანში ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსის“ დაფინანსებითა და ორგანიზებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აქტიური მონაწილეობის საფუძველზე პარკის ტერიტორიაზე არსებულ XIX საუკუნის (1892-1895 წწ) ისტორიულ შენობა-ნაგებობებს სრულმასშტაბიანი რესტავრაცია ჩაუტარდებათ.
ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. ისტორიული სასახლის სივრცე მუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობა, სადაც რესტავრირებული ნივთები და სხვა კულტურული ფასეულობები გამოიფინება. დენდროლოგიური გეგმის მიხედვით მოეწყობა ისტორიული პარკი, სადაც ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობები და საფეხმავლო ხიდი განთავსდება.
ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა. პირველად, არსებობის მანძილზე, ლიკანის ისტორიული კომპლექსი საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი გახდება და მის მარშუტებში ინტეგრირდება.
საპარტნიორო ფონდის დაკვეთისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დავალების საფუძველზე, კომპლექსის სარეაბილიტაციო პროექტი, მისი განვითარების გენერალური გეგმა და სამუზეუმო მოწყობის კონცეფცია ქვეყანაში მოქმედი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ განისაზღვრა. „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საეთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირის მიერ (საქართველოს „ICOMOS-ის“კავშირი) დამზადდა საიმპერატორო სასახლისა და ორანჟერეის სარეაბილიტაციო პროექტი. ისტორიული კომპლექსის გენერალური გეგმა, ვიზიტორთა ცენტრისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაცია ა(ა)იპ „საქართველოს მემკვიდრეობა“-ს სპეციალისტების მიერ შემუშავდა. კომპანია „არქიტექტორები.ჯი2“-ს მიერ კი მომზადდა სასტუმრო-საკონფერენციო ბლოკისა და სასახლის მუზეუმოგრაფიის პროექტი. საპროექტო ეტაპზე შემუშავებულ დოკუმენტაციას ნაწილობრივ საფუძვლად დაედო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო არქივში მოძიებული და შესწავლილი ფოტო მასალები.
ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია და მისი საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნის პროცესი მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი პროექტისა, რაც ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის იდეას მოიცავს. ეს პროექტი ქ. ბორჯომში ხუთ მუზეუმსა და ერთი საიტ-ატრაქციას გააერთიანებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში საკურორტო ქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდება ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კავალერიის კორპუსი – როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ლიკანის სასახლე და პარკი, მინერალური წყლის პარკის ჰიდროელექტროსადგური – როგორც ინდუსტრიული მუზეუმისა და მინერალური წყლის “ბორჯომის“ საექსპორტო შენობა – რომელიც რეაბილიტაციისა და სამუზეუმო ადაპტაციის შემდეგ „ბორჯომი“-ს წარმოების ისტორიას დაეთმობა. სამუზეუმო ქალაქის იდეის თანმიმდევრული განვითარების პროცესში საპარტნიორო ფონდთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც მონაწილეობს.
„ლიკანის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტის“ პრეზენტაცია დღეს ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე შედგა.
ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია სამომავლო განვითარების მიზნით „საპარტნიორო ფონდს“ ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტრომ მართვის უფლებით 2011 წლიდან გადასცა.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა