ლიგურიის მინიატურული სამოთხეები

ბოლო რამდენიმე წელია ჩემს ზაფხულებს იტალიას ვუძღვნი. ყოველ წელს მინიმუმ ერთი განსაკუთრებული ადგილი თუ არ შევარჩიე, ისე არაფერი გამოვა ხოლმე. გასულ ზაფხულს პორტოფინოს დავადგი თვალი. ამას ისიც დაემთხვა, რომ ჩემმა ტურინელმა მეგობარმა, სარამ, ლიგურიაში დამპატიჟა. თვითონ თავის ბიძაშვილს დაუპატიჟებია, ზღვაზე სახლი მაქვს და რამდენიმე დღით დაგითმობო. სარამ მაშინვე მესიჯები დამაყარა. ტოსკანაში საქმეებს რომ მორჩები, ლიგურიაში გადმოისეირნეო. მე ჯერ ავსტრიაში წავედი, მერე კი სარას ჩავაკითხე ტურინში.

გამგზავრების დღეს სარას დედამ ჩანთები პროდუქტებითა და საჭირო ნივთებით გამოტენა. ასე უფრო უკეთ დაისვენებთო. სარა საჭესთან მოკალათდა. მე ნავიგატორი მოვიმარჯვე. ტურინიდან ლიგურიამდე საკმაოდ პატარა მანძილია, მაგრამ სარა პირველად ატარებდა მანქანას მაგისტრალზე და საშინლად ნერვიულობდა.

კამოლი, ლიგურია, იტალია

ლიგურიის ზღვის გამოჩენამ დაძაბულობა დაახშო. მეც მოვდუნდი. ჩელემდე ცოტაღა დარჩაო, ნავიგატორმა მითხრა. ჩელე ლიგურიის ერთ-ერთი პატარა დასახლებაა. ზღვისპირასაა გაშენებული და ხუთიათასამდე მოსახლე ჰყავს. გადატვირთული ტოსკანური ივლისისა და უზომოდ დამღლელი ავსტრიული არდადეგების შემდეგ მხოლოდ ასეთ ადგილას მოხვედრა თუ დამეხმარებოდა ძალების დაბრუნებაში.

ჩელე, ლიგურია, იტალია

ქალაქში რომ შევედით, ისე გაფაციცებით ვუყურებდი ყველაფერს, აღარც ნავიგატორი მაინტერესებდა და აღარც მანქანის დასაპარკინგებელი ადგილი. სახლი მარტივად ვიპოვნეთ. მთებზე შემოკიდებულ სახლებს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა. ზღვიდან ათი წუთის სავალზე იყო. მიტოვებულ, ჩარაზულ, ჩაბნელებულ, ჩახუთულ სახლში შევედით და ერთ წუთში ახალი სიცოცხლით ავავსეთ. გავაღეთ ყველა კარი და ფანჯარა. უსაყვარლესი სახლი იყო მწვანე მთებში ჩარგული. საძინებელი მოვაწყეთ, სამზარეულოსაც მივხედეთ, აივნები მივალაგეთ და მხურვალე მზის გადასვლას დაველოდეთ პლაჟზე გასასვლელად.

ლიგურიაში პირველად არ ვარ. ორი წლის წინ ჩინკვე ტერეზე ვისერინე, ერთი წლის წინ გენუაში, მაგრამ წელს ნამდვილი ლიგურიის ნახვის დროა. იტალიის  ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვარ. მთელი რეგიონი ზღვის სანაპირო ზოლს დაუყვება. აქაურობა ცნობილია ძალიან გემრიელი სამზარეულოთი და ულამაზესი პატარ-პატარა ქალაქ-სოფლებით.

კამოლი, ლიგურია, იტალია

ჩვენ თითქმის ერთი კვირა გვქონდა ლიგურიის დასატკეპნად. დღე მზის შემოჭყიტინებით იწყებოდა. თავს ავწევდი თუ არა ყავის სუნი გამომაფხიზლებდა ხოლმე. ხანდახან სარა წიგნებითა და კომპიუტერით ახუნძლული დილით ადრე გადიოდა სანაპიროზე, ბარში დავჯდები და იქ ვიმეცადინებ, ასე უფრო ბევრს ვსწავლობო. მე წიგნები და კომპიუტერები დროებით ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. დილით ბედნიერად გაღვიძებული, ყავას რომ დავლევდი და გემრიელად ვისაუზმებდი, ღიღინ-ღიღინით და მუსიკის რითმს აყოლილი სხეულის მსუბუქი მოძრაობებით სანაპიროსკენ დავეშვებოდი ხოლმე. სანაპიროზე გასული სარას წავეჭორავებოდი და მერე პლაჟზე ვაგრძელებდი ძილს. სარასგან განსხვავებით ჩემთვის ზღვა და სწავლა ორი სხვადასხვა რამაა. ჩანთაში წიგნიც მედო, დღიურიც და მუსიკაც, მაგრამ არცერთს ვიკარდებდი. მარტო თვალების დახუჭვა და ზღვის ხმის, ჩიტების ჟღურტულისა და ტურისტების ტიტინის მოსმენა მინდოდა. მზე რომ ბოლომდე ამიდუღებდა ტვინს და გამიცხელებდა სხეულის ყველა წერტილს, მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო. სარა ამ დროს სამზარეულოში წინსაფარაკრული ჩემს ზარს ელოდებოდა. პლაჟიდან რომ წამოხვალ, დამირეკე მაკარონი ჩავყაროო, დილაობით მაფრთხილებდა ხოლმე. ხოდა ავდიოდი ჩვენს აპარტამენტებში და სასადილო ოთახში უკვე მხდევოდა ნეტარების ობიექტი – პასტა. დესერტად გემრიელი ხილი და ყავაც გაემზადებინა ხოლმე.

სანტა მარგერიტა ლიგურე, ლიგურია, იტალია

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გამიმართლა ასეთი დაღლილი ასეთ ნეტარ დასვენებას რომ მივეცი. ამაში ისიც დამეხმარა, რომ ლიგურიაში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ან ოჯახები ან ხანშიშესული წყვილები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ იტალიელი ახალგაზრდობა ლიგურიის სანაპიროებს არ ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, ძნელია გასართობი ადგილების პოვნა და ახალი ხალხის გაცნობა. ყველაფერი უზომოდ სასიამოვნო და სახალისო იყო, მაგრამ მოსაღამოვდებოდა თუ არა უბრალოდ არაფერი იყო გასაკეთებელი. სარა ბედნიერი იყო, ასეთ უზომო სიმშვიდეში რომ უწევდა ყოველი საღამოს გატარება. მისთვის საღამოს გასვლები ყოვლად მიუღებელია. მე აშკარად გული მწყდებოდა, მაგრამ როცა მიხვდი რომ არანაირი გამოსავალი არ მქონდა, მისაღებ ოთახში დივანზე წამოკოტრიალებულებმა ყველანაირ საინტერესო-უინტერესო საკითხებზე გავაბით დიალოგი.

ერთ მშვენიერ დღეს, ნაცრისფერი ღრუბელი გადაეფარა ლიგურიის ლურჯ ცას და მალე გაწვიმდა კიდეც. მზის გამოსვლის არანაირი იმედი არ გვქონდა. მივხვდით, რომ მისაღები ოთახი ვეღარ დაიტევდა ამდენ საინტერესო-უინტერესო საკითხს და ახლო დასახლებების მონახულება გადაწყვიტეთ.

ვარაცე, ლიგურია, იტალია

ამ დღეს სამი პაწაწუნა ქალაქის შემოვლა მოვასწარით: ვარაცე, ნოლი და სპოტორნო. როცა ნაკლებად წვიმდა ვიწრო-ვიწრო ქუჩებში დავხეტიალობდით. როცა წვიმა დაუშვებდა, სანაპიროზე პირველივე კაფეს ვაფარებდით თავს, ცხელ კაპუჩინოს შევექცეოდით და აბსტრატულ სახელებზე ვიწყებდით ხოლმე ლაპარაკს, როგორიცაა ბედნიერება, ნეტარება, ტკბობა, დასვენება, სიამოვნება და სხვ.

ამ სამი ქალაქიდან განსაკუთრებით ნოლი მომეწონა. ზუსტად ვერ ვიტყვი რატომ, შეიძლება იმიტომ, რომ სხვებთან შედარებით დიდია. ანდა იმიტომ, რომ სარას განსაკუთრებით უყვარს აქაურობა და ბევრს მიყვება ხოლმე აქ გატარებულ ბავშვობის წლებზე. შესაბამისად, თავისი ემოციები გადმომდო.

ნოლი, ლიგურია, იტალია

დანარჩენ დღეებში მზე ამაყად ეკიდა ლიგურიის ლურჯ ცაზე და რომ სცოდნოდა როგორ მაბედნიერებდა, ალბათ ვერც იმ დღეს გაბედავდა ღრუბლებს უკან მიმალვას. ჩვენი ლიგურიული დღეები დასასრულისკენ მიდიოდნენ. ლიგურია კი ამჯერად კამოლისა და  პორტოფინოს გარეშე ვერ დასრულდებოდა. ტურინში დაბრუნებამდე, ბედნიერი ღიმილი დავიკერეთ სახეზე და კამოლისკენ წავედით. თვეებით ადრე პორტოფინოში მისასვლელ გზას რომ ვეძებდი, კამოლი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. სურათების ნახვამ სუნთქვა შემიკრა. გადავწყვიტე, სუნთქვა უფრო მეტად შემკვრობდა და პორტოფინოში ჩასვლამდე აქაც გამევლო. სარას გავუგზავნე კამოლის ფოტოები. მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა. წასვლისას ბევრი იწუწუნა, მანქანა დავტოვოთ და მატარებლით წავიდეთო. ბოლოს მაინც დავიყოლიე რომ საჭესთან დამჯდარიყო, გზას მე და ნავიგატორი ვასწავლიდით. ასე მთელ ლიგურიას ვნახავდით და კიდევ უფრო გავიხალისებდით მოგზაურობას. ჩელედან კამოლიმდე ერთი საათის გზაა. გავიარეთ ძალიან ბევრი პატარა სოფელი. ასეთი სილამაზეები არ ვიცი რას უნდა შევადარო. გენუაში სარას გზა აერია და ისე ანერვიულდა ლამის უკან დამაბრუნა. კამოლიში რომ შევედით, გული თავის ადგილას აღარ მეტეოდა. თავი ძველისძველ იტალიურ ფილმში მეგონა, პატარა მანქანებით კიდევ უფრო პატარა ქუჩებში რომ დაძვრებიან და ბედნიერი კისკისით ახალისებენ მაყურებლებს. როცა მივხვდით, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არსად იყო, კისკისი ცოტახანს გვერდით გადავდეთ. სარა ნერვიულობისგან კინაღამ ატირდა. მე ვამშვიდებდი, რომ ჩემს ქალაქში შეჩვეეული ვარ ასეთ სიტუაციებს და რამდენიმეჯერ თუ შემოვუვლიდით დასახლებას, ოდესმე გაგვიმართლებდა. პატარა ადგილი ვიპოვეთ და ვცადეთ წინა ბორბლები მაინც ჩაგვეტია პარკირების ზოლში. ასეც მოვიქეცით. მანქანიდან გადმოსულებმა ოდნავ ქვემოთ თავისუფალი ადგილი შევნიშნეთ. ადგილის დასაკავებლად ისეთი სისწრაფით გავვარდი, ვერცერთი მანქანა ვერ დამეწეოდა, მაგრამ სხვა ქვეითებმა დამასწრეს. სარა უარესად გაგიჟდა ამაზე. სხვა გზა აღარ იყო. კიდევ რამდენიმე წრეზე უნდა წავსულიყავით. ბოლოს სადგურის წინ გაგვიმართლა. სანერვიულო აღარაფერი იყო, მაგრამ სარას დამშვიდებას დიდი ხანი დაჭირდა.

კამოლი გორებზე შეკიდებული ზღვისპირა ქალაქია. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ან როგორ უნდა აღვწერო ასეთი საოცარება. ალბათ არსებობს შესაბამისი სიტყვები. თვეებია ვფიქრობ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს გავხდი. კიბეებზე რომ დავეშვით და სანაპიროს რომ მივუახლოვდით, მივხვდი, სარა ჯერ კიდევ პარკინგის ძიების სტრესში იყო. მაშინვე ბარში შევვარდით და სული მოვითქვით. მე კაპუჩინოთი და შოკოლადის კრუასანით, სარამ კი ხილის ცივი წვენით. მერე ხელახდა გავხედეთ კამოლის უსაზღვრო სილამაზეს და ერთმანეთს გადავუბუტბუტეთ, რომ სამოთხეში მოვხვდით.

კამოლი, ლიგურია, იტალია

სამოთხეს ტყუილად არ ვადარებ. ყურეს, რომლის პირასაც აქაურობა გააშენეს, სამოთხის ყურე ჰქვია. ფერადი შენობები თურმე იმიტომ აუშენებიათ, რომ სახლში დაბრუნებულ მეთევზეებს ადვილად მიეგნოთ საკუთარ სახლისთვის ამ მაღალსართულიან და მჭირდოდ აშენებულ ნაგებობებში. წარმოდგენა არ მაქვს, მიწის ასე უზომოდ პატარა მონაკვეთზე როგორ დაატიეს ნამდვილი სამოთხე.

უზომოდ ცხელოდა. კაშკაშა მზე ისე უხდებოდა ამ ფერად საოცრებას, რომ წუწუნიც კი არ გაგვიბედავს. კამოლიზე ამბობენ, იტალიელებმა საიდუმლოდ შემოინახეს მისი არსებობა ჩინკვე ტერესა და პორტოფინოსგან განსხვავებითო და მართალიცაა. უფრო მეტი დამსვენებელი იყო, ვიდრე ტურისტი. ვიცი, ამ პოსტით იტალიელების საიდუმლოს გავცემ, მაგრამ ვიცი, რომ მაპატიებენ.

კამოლი, ლიგურია, იტალია

კამოლის ტური ფოკაჩას ჭამით დავაგვირგვინეთ და სადგურზე წავედით. მალე პოტროფინოში ვიქნებოდით. მანქანა კამოლიში დავტოვეთ, ამაზე წინასწარ შევთანხმდით. პორტოფინოში მატარებლით წავედით. დაახლოებით 4 წუთის გზაა და ბილეთი 3 ევრომდე ღირს. პორტოფინოსთან ყველაზე ახლოს სანტა მარგერიტას სადგურია. სადგურიდან გასულებმა პორტოფინომდე ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ. კარგა ხანს რომ ვიარეთ, ცოტა დავეჭვდით გზის სისწორეში. რუკას დავხედეთ და მივხვდით რომ პორტოფინო არც ისე ახლოს იყო, როგორც ჩვენ გვეგონა. მანქანით 10 წუთის გზა იქნებოდა. ფეხით – ერთი საათის. ადგილი, სადაც დავსეირნობდით ნახევარკუნძლივითაა შეჭრილი ზღვაში. პორტოფინო ამ ნახევარკუნძლის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთითაა და ხმელეთის განსაკუთრებული ფორმისა და მდებარეობის გამო ლიგურიის ერთ-ერთი  ტოპ ადგილია.

ირგვლივ ისეთი ლამაზი ხედები იშლებოდა, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ფეხით სიარულს, მაგრამ სარას მუხლი აწუხებდა და ავტობუსის პირველივე გაჩერებაზე დავდექით. ავტობუსი 10-15 წუთში მოვიდოდა. სანაპიროსკენ გადავუხვიეთ და უახლოეს ბარში ყინულიანი ყავებით გავგრილდით. პორტოფინოსკენ მიმავალი ავტობუსი ხალხით გადატენილი აღმოჩნდა. იმდენი ხალხი იყო, მძღოლამდე ვერც მივაღწიეთ ბილეთი ასაღებად. უჰაეორობასა და სულის შეხუთვაზე არავინ ფიქრობდა ფანჯრებს მიღმა ისეთი პანორამები ენაცვლებოდა ერთმანეთს. ზღვა ყოველ წუთას ფერებს იცვლიდა. მზე სულ უფრო და უფრო ძლიერად გვიგზავნიდა მხურვალე სხივებს.

პორტოფინოში მისულებმა სუფთა ჰაერი ჩავყლაპეთ და ტურისტებს ავეკიდეთ. პორტოფინო ლიგურიის ამ ნაწილის ყველაზე პატარა დასახლებაა. აქ დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს. პაწაწუნა, მაგრამ ულამაზესი სანაპირო აქვს. გეგონება, წყალში ჩაყრილი ფერადი ნავებიც კი ბედნიერებით ტკბებიანო. ბევრს ვერაფერს იტევს. სანაპიროზე, ფერადი სახლების წინ ბარები და რესტორნებია. ორიოდე სანაყინე და საშოპინგე მაღაზიაა, მაგალითად დიორი და გუჩი. ნაყინი სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით ძვირია. რესტორნების მენიუებზე აღარაფერს ვამბობ. შესაბამისად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ პორტოფინოში ჩვეულებრივი მოკვდავები არასოდეს ისვენებენ. ისინი (როგორც მე) უბრალოდ ცხოვრების დღეებს იტკბობენ ამ არარეალურად ლამაზი მინიატურული სამოთხის ნახვით.

პორტოფინოს გამორჩეული ხედის სანახავად პატარა ბილიკს დავადექით და სან ჯორჯოს ეკლესიისკენ წავედით. აქ მივხვდი, რომ თურმე ღია ბარათებს გაცოცხლება შეუძლიათ. ხის ფოთლები შრიალებენ, წყალი კი ქამელეონივითაა და მოძრაობს.

პორტოფინო, ლიგურია, იტალია

როცა მეკითხებიან საკუთარი ბედნიერებისთვის რას აკეთებო, მინდა ჩემს თვალებში ჩარჩენილი ეს კადრები უცვლელად ვანახო ამ ადამიანებს, რომ მიხვდნენ რას ნიშნავს საოცნებო ადგილებში მოგზაურობა. მინდა, რომ ყველას გადავდო ეს სენი. მინდა, რომ ყველამ იოცნებოს იმიტომ, რომ ერთ დღეს ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე უოცნებიათ, ახდეს.

სან ჯორჯოს ეკლესიასთან გარეთ ვისხედით. მარჯვნივ პორტოფინოს ვუყურებდით მარცხნივ ულიმიტო ზღვას. თითქოს უხილავმა ძალებმა ქვეყნიერებას მოგვწყვიტეს და უხილავ ღრუბლებზე დაგვსვესო.

ისევ სარამ დამაბრუნა დედამიწაზე. საათს დახედა, წასვლის დროაი. ქვემოთ დავბრუნდით. მარჯვენა მხარეს პორტოფინოს ნავსადგურზეც გავისეირნეთ. სარამ I FOUND MY LOVE IN PORTOFINO დაიკერა პირზე და მერე აღარც გავჩერებულვართ. სიმღერა დამწვარ და დანამცეცებულ შეყვარებულზეა. ამას იქით მეტი რომანკიტა რომ აღარ არსებობს. ღიღინ-ღიღინით დავუბრუნდით ავტობუსის გაჩერებას. ბილეთები იქვე ვიყიდეთ. ჯერ სანტა მარგერიტას სადგურზე მივიდოდით, მერე კამოლიში, მერე კი ტურინის გზას დავადგებოდით. მანძილი დიდი იყო, მაგრამ ისეთი დამუხტულები ვიყავით, ამაზე არც კი გვიფიქრია.

აღმოჩნდა, რომ პორტოფინო სილამაზეზე მეტია. აქ გატარებული ყოველი წამი კი  მოგზაურობის თანხმლებ ყველანაირ სიამოვნებაზე მეტი. მის გახსენებაზე სუნთქვა ისე მიხშირდებაა, თითქოს ამოსუნთქვის არც ძალა და არც სურვილი მაქვსო. ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, სილამაზის რა საზომები აქვთ იტალიელებს. და კიდევ მაინტერესებს რა ვიქნებოდი მე ყოველდღე ამ სილამაზეებისთვის რომ მეყურებინა.

პორტოფინო, ლიგურია, იტალია