ლეჩხუმური თავგადასავალი. გაიცანით – ლევან ხმელიძე

ახალგაზრდა კაცი, ვინც ცხოვრობს მთაში, სოფელში აქ ყოველდღე დაბრკოლებებს აწყდება, მაგრამ აქ ყოველი დღე სიცოცხლით სავსეა, როდესაც იმას აკეთებ, რასაც ყოველდღიური ბედნიერება მოაქვს - ლევან ხმელიძე

ლევან ხმელიძე საკუთარი ისტორიისა და გამოცდილების შესახებ გვიყვება, თუ როგორ მოხვდა ტურიზმის სფეროში.

გაიცანით საკუთარ მხარეზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც მუდმივად იღწვის საკუთარი რეგიონის ტურისტულად განვითარებისა და მიგრაციის დონის შესამცირებლად, რაც დღეს სამწუხაროდ ბევრ რეგიონს აწუხებს.

  1. ვინ არის ლევან ხმელიძე? რატომ გადაწყვიტეთ ჩართულიყავით აგრო ტურიზმში ? (მოგვიყევით თქვენს შესახებ)

მე გავიზარდე ლეჩხუმში, ცაგერის მინიციპალიტეტის სოფელ ქორენიშში, რომელიც ხვამლის მთის ძირში მდებარეობს. ბავშვობიდან ლაშქრობების მოწყობის ოცნება მქონდა ხვამლის მთაზე. ასაკის  მომატებასთან ერთად ოცნებებიც გამეზარდა და ლეჩხუმში ტურიზმის განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. აგრო ტურიზმი იმიტომ, რომ  მეურნეობას ჩვენი ოჯახი დიდი ხანია ეწევა. ეკოლოგიურად სუფთა პროდიუქტების მოყვანა ეხლა საყურადღებო გახდა, მაგრამ ჩვენს ოჯახს გარემოდან გამომდინარე ეკოლოგიურად სუფთა პროფუქტი მუდმივად მოყავს. ამიტომ ვფიქრობ არ გამიჭირდება აგროტურიზმის მიმართულების განვითარება.

  1. მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში, როგორ დაიწყეთ ?

პირველი ტურისტები იაპონიიდან გვყავდა. 2016 წელს მივიღე ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, სადაც გავიცანი ბევრი ტურისტული კოპანია, რომლებმაც ადგილზე ღვინის დეგუსტაციების ჩატარება შემომთავაზეს. მეც დავთანხმდი. არც კი მეგონა ასე სწრაფად თუ გაიზრდებოდა მოთხოვნა.

  1. როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ საკუთარი გესთჰაუსი (საოჯახო სასტუმრო) გაგეკეთებინათ?

2017 წელს ღვინის დეგუსტაციებთან ერთად საოჯახო სასტუმროს მოთხოვნაც გაჩნდა. ხშირად ლეჩხუმში ამოსულ ჯგუფს ღვინის დაგემოვნების შემდეგ ქუთაისში წასვლა აღარ უნდოდა ღამისთევისთვის. სწორედ ამიტომ ჩემი სახლი დაგავაკეთე საოჯახო ტიპის სასტუმროდ 10 ადამიანზე, სადაც შევქმენი კომფორტული გარემო ღამისთევისთვის.

  1. მოგვიყევით სად მდებარეობს თქვენი გესთჰაუსი და რა მომსახურებებს სთავაზობთ სტუმრებს?

საოჯახო სასტუმრო „ ქორენიშული ვერანდა“ მდებარეობს ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში, ქუთაისიდან 45 კმ. დაშორებით, რიონის ხეობის გავლით. ამჟამად სასტუმროს შეუძლია 16 ტურისტის მიღება 3 – ჯერადი კვებით. ასევე გვაქვს კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია და ტურების შეთავაზება მთელი რეგიონის მაშტაბით. ცხენით გასეირნება, ჯომარდობა რიონზე, ჯიპ–ტური ხვამლის მთაზე, საფეხმავლო ბილიკების გავლა, ჩანჩქერების დათვალიერება და სხვა აქტივობები.

  1. რა სირთულეეებს წააწყდით იდეის განხორციელების პროცესში?

პირველ რიგში ლეჩხუმის ცნობადობა… დღესაც ბევრი ადამიანი მხვდება თბილისში, ვისაც ლეჩხუმი რაჭაში ეშლება. მიუხედავად ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალისა არ არის არანაირი შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტის მიერ მოხდა რამოდენიმე ტურისტული ლოკაციის მოწყობა. მაგრამ ცნობადობის არქონა – ეს იყო და რჩება ყველაზე დიდი გამოწვევად ჩემთვის. გააცნო და დააჯერო კომპანიები, რომ ლეჩხუმს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, სირთულეს წარმოადგენს.

  1. თუ ხართ რომელიმე გრანტის მონაწილე, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ.

2016 წელს ავიღე აწარმოე საქართველოს პროგრამის გრანტი 6500 ლარი. ახლა მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ მერწმუნეთ ეს საკმარისი იყო იმასათვის, რომ საოჯახო მარანი მომეწყო და ბოთლის ღვინო მეწარმოებინა. ეს გახლდა ჩვენი განვითარების საძირკველი. 2017 წელს კიდევ ავიღე აწარმოე საქართველოს პროექტში გრანტი საოჯახო სასტუმროზე. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო მცირედი, მაგრამ დროული დახმარება ჩემი განვითარების პროცესში. ამან დიდი შედეგი გამოიღო და 2019 წელს მე პირადად შემოვიყვანე საქართველოში, კერძოდ კი რასაკვირველია ლეჩხუმში, 150 ტურისტი. 2020 დაგეგმილი მქონდა და უკვე დაჯავშნილი 250 ტურისტის შემოყვანა ევროპიდან. რა თქმა უნდა ჯავშნების 70% გაუქმდა პანდემიის გამო, მაგრამ ჩვენი სწრაფი განვითარება სახელმწიფოს მხრიდან დროული დახმარების შედეგია.

  1. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი განმასხვავებელი ნიშა?

რა არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშა? ლეჩხუმი.… მე ყველაფერში დადებითს ვხედავ.

თუ ლეჩხუმი აქამდე არავის ახსოვდა და ტურისტულად ცნობადი არ იყო, ახლა ზუსტად ამის გამოყენება შეიძლება, მხოლოდ  დიდი შრომაა საჭირო. საქართველოში ბევრი ტურისტული კომპანიაა, რომელიც დიდი ხანია ბაზარზეა და ახალ ლოკაციებს ეძებს, თანაც  განსხვავებული და ახალი შესაძლებლობებით დატვირთულს. აი, ზუსტად ამ მიმართულებით უკვე 3 წელია ვმუშაობთ და შედეგიც გვაქვს. მე თვითონ 2019 წელს ლეჩხუმში დავაარსე ტურისტული კომპანია და შევქმენი 2–3–4–7 დღიანი ტურ–პაკეტები, როგორც საზღვარგარეთის, ისე საქართველოს ტურისტული კომპანიებისთვის. ეს ამარტივებს მომსახურეობის მიწოდებას.

რას ნახავთ ლეჩხუმში? ამისათვის ესტუმრეთ ჩვენს youtube გვერდს – “wine hotel korenisuli veranda“, სადაც ორი წლის მანძილზე განხორციელებული ტურების ვიდეო რგოლებია განთავსებული და თქვენ აუცილებლად ნახავთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას.

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ? როგორ აპირებთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას ?

ზოგი ჭირი მარგებელიაო. აი, ასე გვინდა კორონა ვირუსის გამო შექმნილი ვითარების გამოყენება.

ჩვენ თუ აქამდე ვიყავით ორიენტირებულნი შემომყვან ტურიზმზე, ეხლა გადავერთვებით შიდა ტურიზმის განვითარებაზეც. რას ვგულისხმობ? ჩვენ გვინდა მომსახურეობის სეგმენტი გავზარდოთ. გვინდა სასტუმროში მივიღოთ – ოჯახები ბავშვებით, სასკოლო და სტუდენტური ჯგუფები, ასევე ტრენერებს შევთავაზებთ წყნარ და კომფორტულ გარემოს იმისათვის, რომ  ჩატარდეს ტრეინინგები ჩვენს სივრცეში. ამ საკითხებზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. რეალურად ეხლა მიმდინარეობს მეურნეობის ბაღ– ბოსტნეულის გამართვა და კომფორტული, ეკო გარემოს შექმნა. ვაწყობთ საბავშვო გასართობ ზონებს, გვექნება საცურაო აუზი, ვგეგმავთ ახალი კოტეჯების დამატებას, ასევე მთელი რიგი ინფრასტრუქტურის მოწყობას ადგილზე, რათა არა მარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივი სეგმენტიც გვესტუმროს და მათ თავი იგრძნონ ოჯახურ გარემოში, როგორც თავს გრძნობენ საკუთარ სახლში, სოფელში.

  1. რას ურჩევდით ადამიანებს ვისაც აქვთ იდეა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?

იდეები ბევრი მოდის ადამიანს… მთავარია გაერკვე რა არის შენი საკეთებელი და რა არა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ, როდესაც ზუსტად იცი ეს საქმე არის შენი საკეთებელი და  ამ საქმის კეთების დროსაც ბედნიერებას გრძნობ, არ გაჩერდეთ…

მე გაგიზიარებთ ჩემს მიდგომას, რომელიც წლებში გამოვცადე და მუშაობს.

ჩემი მიზნები ამბიციური და მაშტაბურია. მაგალითად, მე მინდა ლეჩხუმის რეგიონი იყოს ტურისტულად ისევე განვითარებული, როგორიც დღეს სვანეთია. მინდა, რომ მევენახეობა იყოს გამართული ისე, როგორც კახეთშია. თუმცა ვაცნობიერებ, რომ ამას დიდი დრო და ფინანსები სჭირდება. მაგრამ, მე თუ მინდა საოჯახო სასტუმრო გავაკეთო და ფულიც არ მაქვს, შემიძლია ეზოს დალაგებით დავიწყო, ამას არც ფული უნდა და არც დიდი დრო. მხოლოდ მონდომება და მიზნისკენ სვლაა საჭირო. შემდეგ იდეაც იხვეწება და საშუალებებიც ჩნდება. ზოგი იტყვის: ფული მქონდეს და მე ვიციო, მაგრამ ასეთებს ვეტყოდი, ფულიც რომ ჰქონდეს ეზოს დალაგებით ხომ უნდა დაიწყოს? ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე დავიწყე მეც. რა თქმა უნდა, რა მიზნებიც მაქვს ჯერ არ მიმიღწევია, მაგრამ უკვე არსებული შედეგით ბედნიერი ვარ. როდესაც ვხედავ, როგორ მივდივარ მიზნისკენ ყოველდღიურად ბედნიერი ვარ. დაბრკოლებები მილიონრებსაც აქვთ… მაგრამ არ ეგუებიან და არავის აბრალებენ, პასუხისმგებლობას  საკუთარ თავზე იღებენ და დაპრკოლებებიც  გადაილახება.

რომ დაფიქრდე, ახალგაზრდა კაცი, ვინც ცხოვრობს მთაში, სოფელში აქ ყოველდღე დაბრკოლებებს აწყდება, მაგრამ აქ ყოველი დღე სიციცხლით სავსეა, როდესაც იმას აკეთებ, რასაც ყოველდღიური ბედნიერება მოაქვს.

  1. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება ტურიზმი კორონა ვირუსის შემდგომ, გაჩნდება მეტი მოთხოვნა აგროტურიზმის მიმართ ?

აგროტურიზმზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ეკო პროდუქტებზე რომ გაიზრდება მოთხოვნა დარწმუნებული ვარ. თუმცა ოპტიმოზმით უყურებ აგროტურიზმსაც. მე ვფიქრობ დღეს მხოლოდ ჩანჩქერი, მთა და ღვინო არ არის საინტერესო ტურისტისთვის. კომპლექსური უნდა გახდეს მიდგომა. ერთ ლოკაციაზე რაც უფრო მეტი ხარისხიანი მომსახურეობის სერვისი იქნება, მით უფრო მოთხოვნადი გახდება ის ობიექტი. ასეთმა დაკვირებამ მიმიყვანა აგროტურიზმამდე. მე რომ მარტო ღვინო მქონდეს, შესაბამისად ნაკლები მოთხოვნა მექნებოდა დეგუსტაციებზეც. 45 კმ. გამოიაროს ვინმემ ქუთაისაიდან და მარტო დეგუსტაცია შესთავაზო მას, ასეთ მომსახურებას განვითარებაც არ ექნებოდა.

ჩვენი მიდგომაა მოთხოვნას ფეხი ავუბათ და შევქმნათ კომპლექსური სერვისები. გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ვაწარმოოთ მაქსიმალურად ადგილობრივი პროდუქცია.

ეს მეტად საინტერესო იქნება მომხმარებლისთვის, ვიდრე  ერთი სერვისის შეთავაზება.

ავტორი:თორნიკე ფურცელაძე

Tags: