კვავლო-ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

ახმეტის მუნიციპალიტეტში,თუშეთში მდებარე სოფელ კვავლოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ნასოფლარი მდებარეობს ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 7–8 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მაღალ მთაზე (მდინარის ნაპირიდან დაახლოებით 500 მ სიმაღლეზე. XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი, XX საუკუნის 20-იან წლებში კი 27 კომლი (სულ 43 მაცხოვრებელი).

სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ: თილიძე, გაწირიძე, მიშიძე. მოგვიანებით, საბჭოთა პერიოდში, სოფელი ნელ-ნელა ცარიელდებოდა. როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები, კვავლოელების ნაწილიც კახეთში გადასახლდა.

კვავლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი შესულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ნასოფლარში შემდეგი ძეგლებია: კოშკი, საქვაბე და ციხე-სახლი. ნასოფლარს აქვს შვიდი სალოცავი: ა) სადროშაე, ბ) სატაბლეო, გ) ღვთისმშობელი, დ) კარატისჯვარი, ე) ხახმატისჯვარი, ვ) კარუკუღმართი, ზ) საგანძური კოშკი. დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილოეთით, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამოშლილია II, III და IV სართულებისგადახურვა, მთელ სიაღლეზე დაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. საქვაბე. დგას შუა სოფელში. შენობათა გეგმით ოთხკუთხა, ნაგებია ფიქლით – მშრალად. შესასვლელი მთავარი ფასადის მხრიდან (სამხრეთიდან) აქვს. შიგნით სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში კერა კერაში ჩადგმულია ლუდის მოსახარში. 900 ლიტრი ტევადობის სპილენძის ქვაბი, რომელიც კედლებზე გადებულ მორზე ჯაჭვით იყო ჩამოკიდებული. ინტერიერის ვენტილაციის მიზნით,ა აღმოსავლეთ კედლის ზედა ნახევარი, მთელს სიგრძეზე, გახსნილია. კედელთან მოხარშული ლუდის (დარკოს) ჩასაწურად, დადგმული იყო მთლიანი ხისგან გამოთლილი ნავი. დასავლეთ კედელში მოწყობილია მცირე ზომის თახჩა. სახურავი ფიქლისაა – ცალკალთა. დაქანებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. სახურავი ეყრდნობოდა ხის ორ დიდი ბოძს. ციხე-სახლი. არქიტექტურული ძეგლი დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

 

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Tags: