კურ. შოვი – მყინვარი ბუბა – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნული კიდევ ერთი ბილიკია.
ხანგრძლივობა: 7 სთ.
მყინვარისკენ მიმავალი მარშრუტი კურ. შოვში იწყება და მდ. ბუბასწყლის ხეობას მოიყვება. დასაწყისიდან 700 მ-ის შემდეგ გზა მკვეთრად უხვევს მარცხნივ, აღმართს მიუყვება და გაშლილ ფერდობზე გადის. ამ მონაკვეთზე შეგხვდებათ მონასტრის ნანგრევებისკენ მიმავალი გადასახვევი და სურვილის შემთხვევაში მათ მონახულებასაც შეძლებთ (ბილიკიდან 80 მ-ში). ფერდობის შემდეგ მარშრუტი მეცხვარეთა სადგომს გაივლის და თხემზე ადის, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამა იშლება მყინვარსა და მის შემოგარენზე. თხემის დასასრულთან ბილიკი მარჯვნივ, ქვემოთ ეშვება და მყინვარის ენასთან ჩადის. აქედან მარშრუტი იგივე გზის გავლით, კვლავ შოვში ბრუნდება.
შენიშვნა: გთხოვთ სათანადო აღჭურვილობის, უნარ-ჩვევების და/ან გამყოლის გარეშე არ შეეცადოთ მყინვარზე შესვლას და მწვერვალისკენ გზის გაგრძელებას!