კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

  • Home
  • სიახლეები
  • კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დასრულდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. კოჭბაანის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. სააგენტოს მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციისა და ნებართვის საფუძველზე განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები, რომელიც ინდივიდუალურმა მეწარმემ „ბეჟან ყაველაშვილი-ზოდი“ აწარმოა, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“) მიერ დაფინანსდა.

ესრულებული სამუშაოების შედეგად, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით კაპიტალურად გამყარდა ეკლესიის საძირკველი და მოეწყო მისი საყრდენი კედელი. რთული ხსნარის გამოყენებით კლდოვანი ნატეხი ქვით აღდგა ნაგებობის გამჭოლი ბზარები. საკულტო ნაგებობის საპერანგე წყობის გამოქარულ ადგილებზე მოიხსნა მორყეული ქვები, რომლებიც დაინომრა და უწინდელ ადგილებზე დამაგრდა. კლდოვანი ჯიშის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით აღდგა ეკლესიის საფასადო წყობა. ინტერიერში მოეწყო ლავგარდანი. ეკლესიის სახურავი კი ღარიანი კრამიტით დაიფარა. თხელი ფლეთილი ქვით მოეწყო იატაკი. დამზადდა და დამონტაჟდა ხის ავთენტური ფორმის კარი.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა