სამხრეთ კორეული ავიაკომპანია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შეასრულა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი,,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და TAV GEORGIA-ს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კორეელ ტურისტებს საზღვარზე ქართული ღვინოები დაურიგდათ.
საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს კორეის რესპუბლიკასთან. უკვე მეორე წელია “Korean Air” სეულიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს ასრულებს. შარშან სეულიდან თბილისის მიმართლებით 3 პირდაპირი ფრენა განხორციელდა და 557-მა მგზავრმა ისარგებლა.
წელს ჩარტერების რაოდენობა ორმაგდება. პირველი რეისი სეულიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, 30 მაისს შესრულდა. 27 ივნისის ჩათვლით კი სულ კორეის დედაქალაქიდან საქართველოს მიმართულებით 6 ფრენა განხორციელდება.
საქართველოს მიმართ კორეელი ტურისტების ინტერესი იზრდება. 2018 წელს სამხრეთ კორეიდან საქართველოში 13278 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.
კორეის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია Hanjin Travel-მა მიმდინარე წლის დასაწყისში კორეელი ტურისტებისთვის საქართველოს მიმართულებით ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყო.