გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, რომელმაც დიდი მონდომებითა და მიზანსწრაფულობით, შექმნა ნობათი, რომელიც დღევანდელ ცხოვრებაში რთულად მოსაპოვებელია. “კორბოულის ნობათი” გახლავთ ნატურალური პროდუქტებისგან შემდგარი ასორტიმენტი, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივებში ასევე ტურისტებშიც, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ავთენთტური და ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც უნიკალური გემოვნური თვისებები გააჩნია.
- ვინ არის თამარ ხვედელიძე (მოგვიყევით თქვენს შესახებ)
მოგესალმებით, მე ვარ თამარ ხვედელიძე,25 წლის. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი. მე-2 კურსიდან დასაქმებული ვარ ტურიზმის სფეროში 5 წელი ვმუშაობდი ტურისტულ კომპანიაში ინგლისურენოვან გიდად.
- თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში?
პირველ რიგში ვიტყვი იმას,რომ ტურიზმი იყო სფერო, რომელიც გადავწყვიტე მე-8 კლასში .ამ დროიდან ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა მომავალში .. ჩემი პირველი ნაბიჯები ტურისტულ კომპანია ”GO TOUR”-ს უკავშირდება.თუ რეკლამაში არ ჩამითვლით, ეს არის კომპანია ,რომელმაც მომცა საშუალება გავმხდარიყავი ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი .
- როგორ გაჩნდა „კორბოულის ნობათის“ წარმოების იდეა?
რაც შეეხება იდეას, როდესაც ტურისტი მიკვეთავდა ტურს და ვადგენდით მარშრუტს, ჩემი ტურისტული პაკეტის შემადგენელი ნაწილი ყოველთვის იყო ჩემი სოფელი,კორბოული . ეს არის სოფელი სადაც ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობენ, სადაც ზაფხულის სამივე თვეს ვატარებდი . ჩემი აზრით, მოგზაურები აღარ ეძებენ ძვირადღირებულ სასტუმროებს , მათთვის ბუნების წალკოტი უფრო მიმზიდველია . იცით, ყველგან ,ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ძვირადღირებულ სასტუმროში დასვენება,თუმცა ყველა ქვეყანაში ვერ დააგემოვნებ ქართულ ,იმერულ სამზარეულოს ,ვერ დატკბები ბუნების წალკოტით. ყოველთვის როდესაც ჩემი სტუმრები აქ ჩამომყავდა,ეს შთაბეჭდილებები დღემდე მიჰყვებათ, დღემდე მწერენ რომ ერთი სული აქვთ საზღვრები გაიხსნას,ჩამოვიდნენ კორბოულში,მიიღონ მონაწილეობა ყველის ამოყვანასა და სხვადასხვა სოფლურ ამბებში,რასაც აქამდე ვაკეთებდით სრულიად უსასყიდლოდ. ცხოვრებაში კი დგება ის ეტაპი,როდესაც გინდა გქონდეს შენი პირადი სივრცე ,ეს ყველაფერი კარგად შევფუთეთ და ასეთ პროდუქტად წარმოვადგინეთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა.
- სულ რამდენი სახეობის პროდუქტს აწარმოებთ და სად შეუძლია მომხამრებელს შეძენა?
სულ 5 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ.ესენია:იმერული ყველი ,რომელსაც ვამზადებთ მაჭიკით იგივე კვეთით ,უარს ვეუბნებით ე.წ პეპსინს. სიმინდის ფქვილი ,რომელსაც ჩვენი ეზოს წისქვილით ვფქვავთ და თუ გასინჯეთ ჩვენებური მჭადი ,არასოდეს დაგავიწყდებათ მისი გემო . ვამზადებთ ასევე სულგუნს ზემო სვანური წესების დაცვით და აქვს უნიკალური გემო ,გვაქვს ასევე რძე და ნადუღი . ჩვენი პროდუქცია ჩამოგვაქვს კვირაში ერთხელ ,ყოველ შაბათს. წინასწარ ყოველთვის ვაანონსებთ კონკრეტულ უბნებს და საათებს ,ვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.
- რატომ უნდა დაინტერესდეს მომხმარებელი „კორბოულის ნობათით“?
მოხმარებელი ,რომელიც ანიჭებს უპირატესობას ნატურალურ პროდუქციას და იცის ნატურალური პროდუქტის ფასი ,ჩვენ უნდა მოგვმართოს . სამწუხაროა ,მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ნატურალური პროდუქტის დეფიციტია.სულ გვინდოდა ეს პატარა სოფელი თბილისამდე ჩამოგვეტანა და უდიდესი ძალისხმევით,ჩვენ ეს შევძელით.
- რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ წარმატების მისაღწევა.
ველაზე დიდი სირთულე რაც მახსენდება არის ის,რომ მომხმარებლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ნატურალური პროდუქტის მიმართ და აბსოლუტურად მესმის მათი.თუმცა ეს სირთულე ,მალევე გაქრა .ჩვენ შევძელით მათი ნდობის მოპოვება.
- როგორ ფიქრობთ რა არის ის, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გეხმარებათ?
კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება იმ ნატურალური პროდუქტის წარმოება ,რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და ბაზარზე დეფიციტშია. ჩვენ ყველის ამოყვანის პროცესს,სიმინდის დაფქვას ,ნადუღის კეთების პროცესს ,ამ ყველაფერს ხანდახან ლაივით ვაჩვენებთ,ხან ვიდეოებს ვდებთ. სოციალური ქსელი გვაძლევს საშუალებას ,რომ მომხმარებელს დავანახოთ თვალნათლივ როგორ მზადდება მათ მიერ შეკვეთილი პროდუქტი.
- როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანი თქვენი პროდუქტი სოფლის ტურიზმის განვთარებისთვის?
.ამ კითხვაზე ასეთი საოცარი პასუხი გვაქვს.. თავიდან როცა ამ საქმეს ვიწყებდით ,ბებო აპირებდა თავისი ძროხები გაეყიდა,რადგან მათთვის რთულია უკვე მათი მოვლა-პატრონობა. ჩვენ ეს გადავაფიქრებინეთ გაყიდვის მაგივრად,პატარა ბოჩოლებს ვზრდით კარგ მეწველ არსებებად . უამრავი შეტყობინებები მოგვდის ჩვენი ახალგაზრდა თანასოფლელებისგან ,რომ დიდი სტიმული ვართ მათთვის და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი.
- როგორ ფიქრობთ რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში ? (პიროვნული თვისებები, გარემო ფაქტორები)
.წარმატების მიღწევაში ერთი დაუწერელი კანონი გეხმარება:შრომა და მოთმინება ! და რაც მთავარია,ამ დროს უამრავი ადამიანი ჩნდება შენ გარშემო,ვისაც შენი არ სჯერა და სკეპტიკურად უყურებს შენს წამოწყებას. ამიტომ ყოველთვის როცა დაიღლებით,იფიქრეთ იმაზე რისთვის დაიწყეთ.არ უღალატოთ თქვენს ოცნებებს
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ხომ არ ფიქრობთ რაიმე ახალი პროდუქტის წარმოებას?
.ჩვენი მომავალი გეგმები უკავშირდება მესაქონლეობის გაფართოებას.ამ ეტაპზე მიწოდებაზე დიდი მოთხოვნა გვაქვს ,შეკვეთებს წინასწარ და ლიმიტირებულად ვიღებთ.
- და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვს იდეა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ბრკოლდებიან?
ვურჩევ ,რომ საკუთარი ოცნებები მიზნებად გადააქციონ ,კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმონ წარმატების მისაღწევად. შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს !
ავტორი:თორნიკე ფურცელაძე