კლდეებზე მოფენილნი ვით ჯიხვნი ყუბანურნი

  • Home
  • ბლოგები
  • კლდეებზე მოფენილნი ვით ჯიხვნი ყუბანურნი

არც ყუბანური ჯიხვები გვინახავს, არც კლდეები და არც მოფენილნი ვყოფილვართ სადმე, უბრალოდ, მოგზაური მგზავრები დანიშნულების ადგილს რაც უფრო ვუახლოვდებოდით და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მიხმობდა დედაბუნება: მწვანე მაღალ მთებს შევყურებდი რომლებიც ჩემს წარმოსახვაში გოროზ კლდეებად მესახებოდა. ამ კლდეებზე დახტოდნენ ჯიხვები მსხვილრქიანნი, იქით მთის არწივი დაფრინავდა, აქეთ ვჩანდი მე, რომელიც მათკენ ტალახიანი დიდბორბლებიანი მანქანით მივჯაყჯაყებდი და მერე ეს ოთხივე ელემენტი ერთად ვერთიანდებოდით (ზოგჯერ სიტყვები ვერ აღწერს ემოციას), თითქოს გურიაზე უფრო მთიან რეგიონში უნდა გქონდეს ეგ შეგრძნება მაგრამ არა, მე მშობლიურ მთებზე მქონდა…
გამგზავრების დღეს აგვისტოს პირობაზე საკმაოდ სასიამოვნო ალიონი იყო. გურული ციცქნა ოდის წინ ეზოში ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა დავდიოდი, მალე თანაგუნდელი მოგზაურები უნდა მოსულიყვნენ.
8 საათზე დავიძარით, 9 საათზე ჩოხატაურს გავცდით რომელსაც უკვე ალმური ასდიოდა, გავცდით ნაბეღლავს გავცდით ბევრ პატარ-პატარა“იაუ უაუ იაიაუუაუ“ გურულ სოფლებს და დავადექით აღმართს, საიდანაც უკვე ჩემი თავგადასავალი იწყება და რომელსაც ქვიაააა (აქ გონგის ხმა უნდა იყოს) ბახმარო !!
ბახმაროს გზა მხიარულად და სასიამოვნოდ გამიგრძელდა, ტრადიციული გურული უსწრაფესი და იუმორით სავსე „იქანე -აქანე“ „წაი-მოი“ საუბრების მოსმენა მართლა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს როგორც ყოველთვის, გზად რამდენჯერმე შევჩერდით და ძალიან მსიამოვნებდა ის, რომ ცხელ ბარს თანდათან ვშორდებოდი, რაც უფრო მაღლა ავდიოდით მით უფრო გრილდებოდა და ინისლებოდა ყველაფერი.
ბახმაროს მიწაზე ფეხის დადგმის შემდეგ ჩემში შემდეგი ფიქრები აღიძრა, რომელიც დღემდე მომყვება:
11 სიტყვით რომ ვთქვა, ბახმარო არის ის ადგილი რომელიც მთის მოყვარულმა ყველა ადამიანმა უნდა მოინახულოს! (ზღვის ხალხო, ბახმარო თქვენი არაა!)
ბახმაროს ირგვლივ მთები აკრავს და წიწვნარშია გახვეული, ივლის-აგვისტოში ცხელი დღეებიც არის მაგრამ ნუ შეგაშინებთ! საღამოს აუცილებლად გაიყინებით კოცონის არარსებობის შემთხვევაში (ელ.გამათბობელს ავიტანო შეიძლება ზოგმა იფიქროს მაგრამ ვაი რომ ზოგიერთ კოტეჯში ელ.გაყვაანილობა საერთოდ არ არის?  ჩემსაში მაგალითად).
ბახმარომდე ასასვლელი გზა სწორი, უპრობლემო, სასიამოვნო და რომანტიკულია: ტრანსპორტის ფანჯრებიდან გასცქერი ყვავილებით მოჭედილ მდელოებს, ლაჟვარდოვან ცას, ბიბინა ბალახს, მთებს. თან ბახმაროს ცენტრიც რა ლამაზია! მეტნაკლებად სწორი ადგილი, მყუდრო კოტეჯებით მორთული,ფერდობებზე შეფენილი ტყეებით, ცხენოსანი და ქვეითი სტუმართმოყვარე ადგილობრივები, ტურისტები, დამსვენებლები, ცენტრში ბახმაროს ერთადერთი ლამაზი შენობა- სასტუმრო დგას და ამ ყველაფრის შემყურე ადამიანს ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ სულიერთან ერთად აქ ფიზიკურადაც დაისვენებ…
ეს არის ბარის ბახმაროს მდგომარეობა. ახლა ჩემს რეალობაზე ვისაუბრებ. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებული ვიყავით ბარის ერთ-ერთი კოტეჯი მოკლე პერიოდით ჩვენ დაგვეკავებინა, ამ კოტეჯში არსებული კომფორტის გამო არ ვიყავით მომზადებული ბრუტალური ცხოვრებისთვის . თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს კოტეჯი უკვე დაკავებული აღმოჩნდა. აი მანდ დაგვემართა დასამართი! მადლობა ნეპოტიზმს, მისი წყალობით დავიკავეთ სხვა კოტეჯი. შუა გზაზე გავჩერდით. თურმე ამ ჩვენს მანქანას იმ გზებზე ასვლა არ შეეძლო და ამიტომ გზა „კუზავოზე“ ამხედრებულებმა გავაგრძელეთ. მე როგორც წესი საპატიო ადგილი მერგო სატვირთოს ძარაზე. ამსვეს ზურგჩანთებში და საძილე ტომრებში. დავიძარით. აქიდან მთავრდება რომანტიკა და იწყება ბრძოლა არსებობისთვის, ბრძლა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორებთან. გავხედე გზას რომელიც უნდა გაგვევლო დააა ოო! : უციცაბოესი ქვა-ღორღიანი აღმართი და ამ აღმართზე მივჯაყჯაყებდი მე, „კუზავოზე „ დასკუპებული. ჩემ თავს ძლივს ვიჭერ, აქით ვიღაცის ზურგჩანთას ვიჭერ, იქით ვიღაცის ჩემოდანზე დავდივარ ფეხებით (ჩემი მეგობრის აღმოჩნდა, რომელშც მისი საყვარელი ფინჯანი ედო და მე გავუტეხე თურმე :’( ) თან ვიღაცის ზურგჩანთები ცურავს და ყველა მე მეჯახება კოჭებში! თან საქარე მინიდან მძღოლი მიყურებს და მიღიმის…
ჯანდაბას! გავიარე აღნიშნული გამოწვევა. ჩემი თავი მშვიდობით მივიყვანე კოტეჯამდე. ახლა კოტეჯს შევხედე. წიწვნარ ,ძალიან ციცაბო აღმართ- დაღმართებში ეულად დგას პატარა ხის კოტეჯი, ზემოთ ტყეა ქვემოთ ხრამი, რა გინდა ქნა?! აღმოჩნდა რომ საუკუნეა კოტეჯში არავის შესულა. აქ იყო ონკანი რომელშიც წყალი არ მოდიოდა, იყო ელ. გაყვანილობა რომელიც გადამწვარი იყო, იყო ფანჯრები რომლებშიც არ იყო მინები. იყო იატაკი – არ იყო სრული გაუმჭვირვალობა (დიდი ღრმულები იყო) , სახურავი იყო- საიდანაც ქარი უბერავდა რადგან ჩამოშლილი იყო. სამაგიეროდ ხის მაგიდა და სკამები იყო! ჯანდაბას, ბუდე ავიშენეთ და დავიწყეთ ცხოვრება ვით კლდეზე მოფენილმა ყუბანურმა ჯიხვებმა.
ჩვენი კოტეჯი ძალიან ძალიან მაღლა იყო, ბარის ბახმაროს ზემოდან დავყურებდით. ჩვენზე ბევრად მაღლაც იყვნენ დასახლებული.
ბახმაროში ხალხი სეზონურად სახლობს, რადგან ზამთარში თოვლის საფარი 7-8 მეტრს აღწევს და იქაურ საცხოვრებლებს არ გააჩნიათ რესურსი, რომ მაცხოვრებელმა აქ ცხოვრება ზამთარში შეძლოს. თოვლი ყოველწლიურად ფარავს და აზიანებს სახლებს და მათი მუდმივი ‘გადახალისება’ უშედეგო იქნება, ამიტომაც როდესაც ბახმაროში აღმოჩნდებით მაშინვე შენიშნავთ, რომ ამ ლამაზ ბუნებას უსახური, მინგრეულ-მონგრეული ციცქნა ქოხები, ვისთვის შეიძლება ჰარმონიულად, ვისთვის არაჰარმონიულად, ერწყმის.
ბახმაროში სეზონურად სახლობენ აჭარლები თავიანთი საყოლით. ისინი ცნობილი არიან საფირმო კაიმაღით. ჩვენც გავემართეთ ერთ-ერთ აჭარელ ოჯახთან ამ არაჟანისეული ოჯახის საოცარი წარმომადგენლის დასაგემოვნებლად. ზოგადად ხომ უფროსი ადამიანები იკლებენ წლებს? თუმცა, ეს ვიზიტი იყო მომენტი, როცა 17 წლის ასაკში იძულებული გავხდი 5 წელი მომეკლო, აი რაში იყო საქმე:
ჩვენი მასპინძელი აჭარელი ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე აღმოჩნდა და დიდი პატივით მიგვიღეს. დღე სასიამოვნო საუბარში გავატარეთ მაგრამ რატომღაც ვამჩნევდი, რომ ოჯახის უფროსი თვალს არ მაშორებდა და საბოლოოდ მაინც იკითხა!:
-გათხოვილი ხარ შენ?
მსმენია მთის ტრადიციების შესახებ და მხოლოდ მშრალ შესაძლოა „არას“ არ ეკმარათ, ის-ისაა ვაპირებდი „დიახ“ მეთქვა თავის დაზღვევის მიზნით, როცა ჩემმა მეგობარმა გამოიჩინა გონებამახვილობა და დამაჯერებლად უპასუხა:
– არა, აგი ბაღანეა ჯერ, 12 წლისაა. ბიოლოგიური ასაკისთვის შეუფერებელი გარეგნობის ინდივიდი ალბათ ყველას შეგვხვედრიათ, ხოომ?!
ეს იყო იქაურ აჭარელ ხალხთან პირველი და ბოლო ვიზიტი, მათ საუკეთესო კაიმაღი და კიდევ გემრიელი რაღაცები გვიფეშქაშეს და ასე ხელდამშვენებულები დავემშვიდობეთ მათ.
შემდეგ დღეებში გაგვეცნო ბ-ნი რეინჯერი (სახელი დამავიწყდა) რომელიც საინტერესო მოსაუბრე და კარგი გიდი აღმოჩნდა.
მასთან ერთად მოვიარეთ ტყე-ღრე, მოვამზადეთ კერძი ჩვენს მიერ მოპოვებული სოკოთი (მე არ ვჭამე შემეშინდა), ვიჯირითე ჯაგლაგი ცხენებით, ინგლისურის პრაქტიკა გავიარე ტურისტებთან, „კუზავოთი“ მოგზაურობა ჩემი ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, მურიანი ჭურჭლიდან ჭამას თავისი მუღამი დავუჭირე, მესამე დღიდან მთის ფერდობებზე ჯიხვივით დავხტოდი და ა.შ.

!!აქვე რამდენიმე რჩევა, რასაც პირადი გამოცდილებიდან გიზიარებთ:
თუ სახურავიდან წვიმა წვეთავს, საწოლი სხვა მხარეს უნდა გადაწიოო
უმინებო ფანჯარას ცელოფანი უშველისო
თუ სახლი ირყევა, შეიძლება სახლის ქვეშ ხარები რქებს ათამაშებენო
სიმართლის თქმას, ასაკის კლება ჯობიაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო
რადგან გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, ამიტომ ამ ბლოგის ფინიშში მალე გავალ. ბახმარო იყო პირველი ადგილი, სადაც კომფორტის ზონიდან „ექსტრემალურ“ პირობებში გადავინაცვლე (შემდეგ იყო თუშეთი, რომელზეც ცალკე ბლოგი დაიწერებოდა), ბახმარო იყო ადგილი სადაც პირველად ავბობღდი მთებზე და გადავურჩი არაერთ მოტეხილობას, განვიცადე 5 დღის შემდეგ პურის დანახვით გამოწვეული სიხარული, ნათურის ნათება და ტელეფონის დატენვით (რასაც 1 დღე სჭირდებოდა) მიღებული სიამოვნება, ბახმარო იყო პირველი ადგილი სადაც გავიჭერი ველად და დავხტოდი კლდეებზე ვით ჯიხვი, ყუბანური ჯიხვი. ამწამსაც ამომიტივტივდა გონებაში ფიქრები ბახმაროზე :
უმშვენიერესი ლანდშაფტი, მთებზე ბობღიალი, ნისლში გახვეული წიწვნარი და ქვემოთ ღრუბლები, ხალისიანი მასპინძლები და გათბობის ერთადერთი საშუალება -ღამის კოცონი, დილით მცხუნვარე მზე და ღამით სუსხიანი მთვარე, ძნელად მოსაპოვებელი წყალი, კომფორტის დასასრული.

P.S კითხვა გაგიჩნდათ საიდან მოვიტანე ყუბანური ჯიხვი? მოგახსენებთ: ბიოლოგიის სტუდენტი ვარ, ზოოლოგიას ვსწავლობ, ყუბანური ჯიხვებიც ვიცი და გარსიანი ასციდიებიც :3

დასასრული