კივილი, რასელ ქროუ და “ცოფიანი ძაღლები”

  • Home
  • ბლოგები
  • კივილი, რასელ ქროუ და “ცოფიანი ძაღლები”

-ეს ანკესი რაღას წამოვათრიე, მეც არ ვიყო რა დიდი მეთევზე, თან ამ შუა ოქტომბერში, რა თევზი მოვა, თოვლია უკვე აბულის მთებზე. ღამე ალბათ ყინვაც იყო, კაი გვარიანად კი შემცივდა კარავში. – ვამბობ და მოძრაობაში საკმაოდ მძიმე ჩანთას ვისწორებ, – მხრები მატკინა უკვე, სულ ნათხოვარი ჩანთით როგორ უნდა დავბოდიალობდე? არა, მაინც ანკესზე უფრო მეშლება ნერვები. ადგილობრივებმა ეგრევე დამცინეს, ანკესით რომ დამინახეს, შენ რა, აქ თევზის დაჭერას აპირებო? სადაა თევზიო, არ არისო, ჩვენც ძლივს ვიჭერთო. მეთქი უეჭველი მეღადავებიან ესენი, მაგრამ მალევე მიხვდი, რომ არ მერადავებოდნენ. არა, კი მეღადავებოდნენ მაგრამ, მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ არც ისე კარგი მეთევზე ვარ. ადგილობრივებთან მაინც იხტიბარი არ გავიტეხე და – სათევზაოდ არც წამომიღია, მგლებზე ვნადირობ ასე, ჩემი მეთოდი მაქვს მეთქი. კაი, კაიო, – ისევ დამცინეს და ისიც მომაძახეს, – შენს ადგილზე ძაღლების უფრო შეგვეშინდებოდაო.

ეს მცირე დიალოგი, რათქმაუნდა, რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, ჩემი მხრიდან საშინელი გრამატიკული შეცდომებითურთ. ქართული ფაქტობრივად არავინ იცოდა, ყოველშემთხვევაში ჩემს შემთხვევაში ასე იყო.  ერთი ის მამშვიდებდა რომ გეზი ლევანის ტბისკენ გვქონდა აღებული, ბოლობოლო ჩემს მოსახელე ტბას მაინც ვნახავ მეთქი, ოღონდ ანკესის გარეშე.

სანამ ლევანის ტბამდე მივიდოდით ჯერ ფარავნისთვის უნდა შემოგვევლო და ასფარაში მივსულიყავით, ფაქტობრივად მიტოვებულ სოფელში, სულ სამი-ოთხი კომლი თუ იქნებოდა. ასფარაში გავათენებთ და დილით ლევანის ტბაზე დავაწვებით. ჩვენი ექსპედიციის მეთაური “ამხანაგი ბერია” შევკერე, რომ ჩანთები სოფელში დაგვეტოვებინა და ისე წავსულიყავით ტბისკენ, მაინც უკან უნდა მოვბრუნებულიყავით დაღამებამდე, თან ჩანთის უვარგისობაზე ვწუწუნებ, მესამე დღეა დავათრევ, პლიუს სწრაფად ვივლით და გზად ქოროღლზე ასვლასაც მოვასწრებთ. ვერაფერს იტყვი, ჭკვიანი ვარ.

ესეც ასე. ჯერ შუადღეა და ქოროღლის ციხეზე მივბობღავთ. მე მაგარი ზარმაცი აღმოვჩნდი და შუა გზაში კომფორტული, უშველებელი ლოდი ამოვარჩიე, წამოვუწექი და ოქტომბრის მზეს მივეფიცხე. სანამ ჩემები დაბრუნდნენ, კარგი ერთ საათიანი სიესტაც მოვიწყე. ისევ უკან ჩამოვბობღდით და გზა გავაგრძელეთ. მივდივართ, მივდივართ, არა ხე, არა გზა, არა კვალი, საერთოდ არაფერია. მივდივართ ამხანაგი ბერიას ინტუიციის ამარა. ეგეც რომ არ იყოს, კაცს ფრიად საჭირო საქმე რომ მოგინდეს, მთელი გუნდის გაფრთხილება გიწევს, რომ უკან არ მოიხედონ, გზა განაგრძონ და არც ისე სწრაფად იარონ, რომ ვეღარ დაეწიო. ამ უკან მოხედვაზე კიდევ სულ ის მახსენდება, ლოტის ცოლი და მარმარილოდ გადაქცევა. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს რატომ და ვის გამო, მე და გოგოები ჩამოვრჩით, თან საკმაოდ. მე და სამი გოგო. სამე ბრგე ვაჟკაცი, ამხანაგ ბერიას მეთაურობით დაწინაურდა, იმდენად, რომ წერტილებად ვხედავთ და ვიცით, საით უნდა წავიდეთ. ჩვენც მივდივართ, მივსეირნობთ. რა მენაღვლება, სამი იმისთანა გოგო მაბარია. ვიყურებით გარშემო, ვტკბებით ხედებით: აგერ ქვემოთ ფარავანი მოსჩანს, იქით ქოროღლი, აქეთ აბული, სადღაც შორს ცხვრის ფარა, ცხვრის ფარასთან ძაღლები, რომლებიც ჩვენსკენ მორბიან, მორბიან, მორბიან და ყეფის ხმამაც მოაღწია ჩვენამდე. 

ამის დედაც! ვერც გაიქცევი, არც ხეა ახლოს სადმე, ანკესიც კი არ მაქვს თან. რა გინდა რომ ქნა? არადა, ძაღლის ცხოვრებაში არ შემშინებია, მაგრამ ჯერ ერთი რომ ესენი ძაღლები არიან, თან ცხვრის ფარის, თან უზარმაზარები და გაჩერებასაც არ აპირებენ. ჩემი სახე არ ვიცი, მაგრამ გოგოების სახეს რომ შევხედე, – რატომ მუნკი არა ვარ, ამის დედა ვატირე, ახალ “კივილს” დავხატავდი მეთქი, – გავიფიქრე. ძაღლები კი გვიახლოვდებიან და გვიახლოვდებიან. გოგოები ტირიან, კანკალებენ და შველას მთხოვენ. აი აქ კი ჩაირთო ჩემი ლომური ინსტიქტები (მართალია მეუბნებიან, რა ლომი, ქალწული ხარო, მაგრამ მე ხომ ვგრძნობ არა?) ბრძანება გავეცი, რომ არავინ გაქცეულიყო. ძაღლები რომ საბოლოოდ მოგვიახლოვდნენ, ბოლო მომენტში მეგონა, რომ არც შეჩერდებოდნენ, ისე შემოგვახტებოდნენ ზედ, დაგვაგდებდნენ მიწაზე და შეგვჭამდნენ, მაგრამ გაგვიმართლა, – ალყა შემოგვარტყეს და ორგანიზებული შეტევის დასაწყებად მოემზადნენ. უცბად გადავთვალე, რვა ძაღლია, გავეშებული, იღრინებიან , პირიდან დორბლი სდით და კბილებს გვიკრაჭუნებენ. სულ რარაც ნახევარ მეტრში არიან. ჯანდაბა! სასწრაფოდ რამე შთაგონება მჭირდება. თავფარავნელი ჭაბუკი? არა, არ გამოდგება, ზედმეტად მოძველებულია. მამაცი გული? არც ეგ, ბოლოს თავს აჭრიან და ის შოტლანდიური კაბაც არ მაცვია, კვერცხები რომ გამოვაჩინო. მაქსიმუსი? აბა რა! მაქსიმუსი! მე რასელ ქროუ ვარ, თან დაბნეულები ვართ, ის მომენტი ხომ გახსოვთ, მაქსიმუსი თავის თავზე რომ იღებს ბრძოლას, გუნდს შეკრავს არენაზე და იმ დამპალო ხოაკინ ფენიქსის გლადიატორებს სახეს აახევს. ჰოდა, ეგ ვარ! რვა ძაღლია. ჩვენ ოთხნი ვართ. ორ-ორი ძაღლი უნდა ავიღოთ ჩვენს თავებზე. 

-ძაღლები გაინაწილეთ და თვალებში უყურეთ, რომ ვერ გაბედოს ვერცერთმა წამოსვლა! – გავეცი ბრძანება და ზურგებით შევტყუპდით.  თქვე დამპლებო, მე რასელ ქროუ ვარ, რომის არმიის გენერალი, ასე იოლად ვერ შემჭამთ!

არ მახსოვს, რამდენი ხანი ვიყავით ალყაში, ალბათ ერთი წუთი, ან მეტი. საბოლოოდ აქოშინებული პატრონი მოვარდა და ძაღლებმაც ალყა მოხსნეს. მე გამარჯვებული, გაბადრული მივედი პატრონთან, მივესალმე და აკანკალებული გოგოების გასაგონად ხმამარლა ვკითხე:

-არ იკბინებიან ხო?

იმ აქოშინებულ კაცს სახეზე ფერი არ ედო, გეგონება ეს ყოფილიყო იმ რვა ძარლის ალყაში.

ლევანის ტბა გადაიდო. უკანა გზაზე, როცა უკვე სამარშრუტო ტაქსში ვეყარეთ მისავათებულები, ამხანაგ ბერიას მივუტრიალდი:

-ლავრენტი, იცი რა ქვია მაქსიმალურად მუსუს კაცს? მაქსიმუსუსი.