კიევი მაიდნიდან ერთი წლის შემდეგ

თვითმფრინავი კიევის აეროპორტში დაეშვა. ილუმინატორიდან აბსოლუტური სითეთრე ჩანს – ყველგან თოვლი დევს. ბორისპოლში თბილისის აეროპორტთან შედარებით უჩვეულო სიჩუმეა.

 

აეროპორტის ადმინისტრაციამ სულ ამაოდ იზრუნა საახალწლო გარემოს შესაქმნელად. საახალწლო ნათურებსა და უზარმაზარ ნაძვის ხეს მგზავრები თითქოს ვერც ამჩნევენ – ან სწრაფი ნაბიჯით, საქმიანად უვლიან გვერდს, ან კიდევ რაღაც სხვაზე, აშკარად არაწინასაახალწლო თემაზე არიან ჩაფიქრებული.

 

გარეთ მინუს ხუთი გრადუსია. კიევური ვოიაჟისთვის საგანგებოდ მომზადებული გრძელი, ჩათბილული ქურთუკი სრულიად უსარგებლოა. მხოლოდ ამ სიცივეს შეჩვეული, ცხოველების ბეწვის ქურქებში გამოწყობილი უკრაინელები არ არიან აბუზული.

 

ერთი წლის წინ ზუსტად ასეთი ყინვა იყო კიევში, როდესაც ასიათასობით ადამიანი მაიდანზე უკრაინის ევროატლანტიკური კურსის დასაცავად კორუფციასა და ძალადობაში ჩაფლული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა.

 

მაშინ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გამოყენებულმა ძალამ 100-ზე მეტი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.

 

დღეს უკრაინის აღმოსავლეთი საომარ მოქმედებებშია ჩართული, ყირიმი ანექსირებულია და ამ პროცესებს თითქოს დასასრულიც არ უჩანს.

 

მანქანაში ჩავსხედით. ჩვენს მძღოლს საქარე მინაზე უკრაინის დროშა დაუმაგრებია და იგი გამონაკლისი არ არის – ეროვნული დროშა აქ თითქმის ყოველ მეორე მანქანაზე ფრიალებს.

 

ფანჯარაში ვიხედები, გარემო რუსთავს მაგონებს, ოღონდ ყვითლად და ლურჯად შეფერილ რუსთავს.

 

ცენტრისკენ ვმოძრაობთ, ჩვენს სახლამდე მისასვლელად მაიდნის გავლა გვიწევს. “მაიდნის“ მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა იმდორინდელი კვალი კიევს დღემდე ეტყობა.

 

კიევში ESFL-ის (European Students For Liberty) კონფერენციაზე ჩამოვედი. ქართველების გარდა კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები, ჟურნალისტები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ. დილით, ვიდრე კონფერენცია დაიწყება, ცენტრის დათვალიერებას ვასწრებ.

კიევის მთავარ ქუჩაზე – ხრეშატიკზე გადამწვარი შენობები ჩამწკრივებულა – ყოფილი უნივერმაღი, პროფკავშირების ყოფილი სახლი, რომლებზეც ახლა უზარმაზარი ბანერებია გაკრული წარწერებით – “ერთიანი უკრაინა“ , “მშვიდობა და დაცვა ჩვენს შვილებს“.

 

იქ, სადაც ზუსტად 1 წლის წინ ასი ათასობით ადამიანი ყინვაში ევროპული კურსის დასაცავად იდგა, დღეს მტრედებითა და მაიმუნებით გეგებებიან, რომელთა გვერდით ფოტოს გადაღებას 30 გრივნად უპრობლემოდ მოახერხებ. თუმცა შევაჭრების შემთხვევაში 20 გრივნადაც შეიძლება, დაითანხმო ცხოველების პატრონი. იქვe “პუტინ ხუილოს” გამოსახულებიანი ტუალეტის ქაღალდები იყიდება.

თავისუფლების მოედანზე კანდელებისგან დიდი სამკაპია მოხაზული – უკრაინის გერბი და ასევე წარწერა „დიდება უკრაინას – გმირებს დიდება”.

ცოტა ხალხია, ზოგი ერთი წლის წინანდელი დემონსტრაციების ამსახველ ფოტოებს ათვალიერებს, ზოგიც კი თავისუფლების მოედნის მარცხნივ მთელი აღმართის აყოლებაზე დადგმულ მემორიალებთანაა მისული. მემორიალთან ყვავილების ზღვაა, არც ერთი ყვავილი დამჭკნარი არაა – ყველა ახალია.

გაამართლა თუ არა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ, როგორია რუსეთისა და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება, რა განწყობაა მაიდნიდან ერთი წლის თავზე და სად არის გამოსავალი? – იქ მყოფთა უმრავლესობა ამ თემებზე საუბარს გაურბის. ინტერვიუზე უარს მეუბნებიან. შესაძლოა, ჟურნალისტებმა მოაბეზრეს თავი, ან კიდევ – ამ ყველაფრით გადაღლილებმა, არც იციან ბევრ კითხვაზე პასუხი. რამდენიმე მათგანთან გასაუბრებას მაინც ვახერხებ:

სამოციოდე წლის უკრაინელი ქალი, პომადა დაუდევრად აქვს წასმული, ცინიკური სახით მიყურებს და არც მალავს, რომ ჩემთან, ახალგაზრდა და გამოუცდელ გოგონასთან საუბარი ასეთ თემებზე არ სურს. მისი თქმით, მე ამას უბრალოდ ვერ გავიგებ, ბოლოს ვეღარ ითმენს და მაინც მეუბნება:

“ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოდის დედაბუდიანად გადავბუგავდი. არავითარი ზავი, ისინი ყველანი უნდა გაანადგურო. უბრალოდ, ძალიან მიჭირს დაჯერება, როგორ შეიძლებოდა, ჩვენი მეგობარი ერი ასე მოგვქცეოდა.“

უცებ ახალგაზრდა, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი შევნიშნე. სახეზე ვატყობ, რომ აინტერესებს, რას ვეკითხები ხალხს და მაშინვე ვუახლოვდები, გახარებული ჩემი ამ საკითხით დაინტერესების გამო, მონდომებით მიზიარებს თავის შეხედულებას:

“ერთი წლის წინაც კი ნათელი იყო, რომ ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელს ხდიდა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, თუმცა უკრაინელები ქვეცნობიერად უარყოფდნენ იმის შესაძლებლობას, რომ ერთი ვექტორის განვითარება ხელს შეუშლიდა მეორეს. უკრაინელებს ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურდათ და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსებს ძმებად მიიჩნევდნენ. თუმცა ახლა ბევრი რამ შეიცვალა“.


კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვებზე “ფიქრობთ თუ არა, რომ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი?“, “უნდა იმეგობროს თუ არა და უნდა შეინარჩუნოს თუ არა უკრაინამ ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები რუსეთთან?“-  უკრაინელების თითქმის თანაბარმა რაოდენობამ დადებითი პასუხი გასცა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე კი, პრორუსული პოლიტიკის მხარდამჭერი მხოლოდ 15% დარჩა. დანარჩენმა 85%-მა პროდასავლურ პარტიას მისცა ხმა.

ხალხისთვის ინტერვიუს თხოვნით ვიღლები, ხრეშატიკზე სკამზე ვჯდები. ჩემ გვერდით მჯდომ ხანშიშესულ ქალბატონს ყოველი შემთხვევისთვის, უიმედოდ ვეკითხები, გამცემს თუ არა მსგავს შეკითხვებზე პასუხს, მოულოდნელად საუბარს იწყებს:

“- უბრალო ხალხს რუსეთთან მეგობრობა უნდა იმიტომ, რომ იქ არიან ჩვენი ძმები, ბავშვები, ჩვენ გადაჯაჭვული ვართ და არ შეიძლება, ვემტროთ ერთმანეთს, რადგან ერთი ოჯახი ვართ. თქვენ ხომ ჩემს გვარს არ დაწერთ?
– თქვენ ხომ არ გითქვამთ ჩემთვის თქვენი გვარი…
– მაშინ შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რასაც ვფიქრობ. გამორთეთ ხომ უკვე დიქტოფონი ?
– კი.
– ყოველთვის მახსენდება მამაჩემის სიტყვები, რომ ერთ დღესაც უკრაინა რუკაზე აღარ იქნება.“

უკრაინა დღეს მართლაც გზაგასაყარზეა და ამას ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი უკრაინელებიც აღიარებენ. იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში, დიდწილად არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი.

კონფერენცია, რომელსაც ვესწრებოდი, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, “ცოდნის ფონდის“ დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის ხსოვნას მიეძღვნა, – ადამიანს, რომელიც კონფერენციის პროგრამაზე დახასიათებული იყო, როგორც “თავისუფალი ბაზრის ყველაზე ჭკვიანი და ენერგიული დამცველი პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

 

სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სპიკერები უკრაინის პერსპექტივებზე, რეფორმებსა და თავისუფლებაზე საუბრობდნენ. არც ერთი სპიკერის სიტყვას საქართველოს ხსენების გარეშე არ ჩაუვლია. უკრაინელებისთვის მიბაძვის ობიექტი გახდა ის ეკონომიკური წინსვლა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.

 

კონფერენციაში მონაწილე უკრაინელი სტუდენტები, რომლებსაც დავუმეგობრდი, მეკითხებოდენ, მართალი იყო თუ არა, რომ ჩვენთან პოლიცია ქრთამს აღარ იღებს, რომ უნივერსიტეტში საგნების ფულით ჩაწყობა არ მოსულა, რომ ნებისმიერი საბუთის ასაღებად მხოლოდ ოფიციალურ გადასახადს იხდი ბიუჯეტში…ჩემი პასუხები მათთვის, როგორც ისეთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც კორუფცია დღემდე ბატონობს, დაუჯერებელი იყო.

 

პრეზიდენტ იანუკოვიჩის ხელისუფლების გადაყენების შემდეგ სიტუაცია უკრაინაში უკეთესობისკენ არ შეცვლილა. “მაიდნის” მოვლენებმა ქვეყანას პრორუსული და კორუმპირებული ხელისუფლება კი მოაშორა, მაგრამ ახალმა მთავრობამ, რომელსაც ქვეყნის მთავარ შიდა საფრთხესთან – კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და გარე საფრთხეებთან გამკლავება უხდება, ბევრი ვერაფერი შეცვალა.

 

ოფიციალური სტატისტიკით, მაიდნის რევოლუციური მოვლენების შემდეგ 3,5-ჯერ გაიზარდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და კრიმინალის შემთხვევები.

 

კონფერენცია უმეტესად რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. თუმცა პანელური დისკუსიების დროს არც ერთ უკრაინელს შეკითხვა ამ ენაზე არ დაუსვამს. როგორც კი შესაძლებლობა ეძლეოდათ, მაშინვე უკრაინულად იწყებდნენ საუბარს და არა რუსულად, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი უფრო გასაგები იყო უმრავლესობისთვის.

კიევში ყოფნის უკანასკნელი დღეც დადგა. აქ გატარებული რამდენიმე დღე სრულიად არასაკმარისი გამოდგა იმ ყველაფრის სანახავად და მოსასმენად, რისი შემოთავაზებაც ჩემთვის ამ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს შეეძლოთ.

 

ისევ ბორისპოლი, ისევ მგზავრების უემოციო სახეები, ისევ ილუმინატორიდან შემოჭრილი სითეთრე. თვითმფრინავი ღრუბლებს ზემოთ აიჭრა, ჩამეძინა. მზის სხივებმა გამაღვიძეს და მივხვდი, უკვე ჩემს სამხრეთულ სამშობლოში ვიყავი, ჩემი ჩრდილოეთელი მეგობრები კი ათიათასობით კილომეტრის მოშორებით მინუს 7 გრადუსში მიმეტოვებინა.

 

ავტორი: ქეთი კაპანაძე