ტაძრამდე ,,პირველი გზის ბილეთი’’ (2008წ) პირველი ხელფასით შევიძინე,ცხრამეტი წლის ასაკში.სამსახურიდან წიგნის მაღაზიას ჩამოვუსეირნე და ლურჯი, სქელტანიანი წიგნი ვიყიდე.
საღამოობით , თითო ფურცლობით ვკითხულობდი, თადარიგიანი დედის მსგავსად, ტკბილეულს რომ უზოგებს შვილებს…
შემდეგი ,,ბილეთის’’ საყიდლად რამოდენიმეჯერ სახელოსნოში აღმოვჩნდი ,როცა პირველად ,,პრუსიული ლურჯის’’ მსგავსი ფერი ვიხილე და ,,ვარსკვლავებიანი ღამე’’ დავჯღაბნე.
ეს ამბავი უბრალოდ ვერ ჩაივლიდა და ლექსით აღვნიშნე.
შენი ესკიზი გამხადა ღმერთმა
არლში საღამოს, ფერმწერთა წრეში,
მდედრის სიშიშვლე გაპოხილ თმებში,
სხეულზე რუკა-ცხოვრების ფერში,
გუაში შენი მარჯვენა ხელში ,
ვინსენტმა იგრძნო დიდება ღმერთში!
შენი ესკიზი გამხადა ღმერთმა
ვიხდი ათას ფრანკს პრუსიულ ლურჯში!
ვიზრდებოდი ,სასურველ ტაძრამდე მისასვლელი გზა მცირდებოდა…
2018წლის 21 იანვარს გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ჩავფრინდით მე და ჩემი მეგობარი.
ორი კვირით ესენში დავბინავდით.თითოეული დღე დაგეგმილი და მკაცრად გაწერილი გვქონდა , თითქოს კი არ უნდა დაგვესვენა, არამედ, ამ ხნის განმავლობაში , რაღაც გეგმა გვქონდა შესასრულებელი და წესების სრული დაცვით უნდა გვემოქმედა.
დავათვალიერეთ ბებერი კიოლნი,( საკათედრო ტაძარი იგივე ,,დომი’’),ჩავედით დუსელდორფში,(როგორც მითხრეს ქალაქის ეკონომიკა იმდენად ძლიერია ,რომ ხალხი მეზობელი ქალაქებიდან დადის სამუშაოდ.) ვიყავით ობაჰაუზენში, თითქმის ფეხით შემოვიარეთ ესენი , სადაც ჩვენი ძირითადი ადგილსამყოფელი იყო .
დადებითი ემოციები ჩუმად შემოდიოდა ჩემში,თითქოს ყველაფერი, რაც მაოცებდა და აღფრთოვანებას იწვევდა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.ალბათ, კიდევ რჩებოდა რაღაც , რაც ჩემი შინაგანი ემოციებისა და სული აღტკინების კულმინაცია იქნებოდა …
და აი, ისიც! ნანატრი ბილეთი საოცნებო ხელოვნების ტაძრის კარამდე…
სამ საათიანი მგზავრობის შემდეგ ამსტერდამში,გერმანიაში მონატრებული მზე დამხვდა. სულ სხვანაირად ძგერდა ,,პრუსიული ლურჯი’’ცის ქვეშ გული…
ცენტრიდან (სასტუმრო ,,ვიქტორია’’) ორმოცწუთიანი დაუღალავი სიარულის შემდეგ მუზეუმების ქორწილში აღმოვჩნდი.
პირველად დავიბენი ამ ხნის განმავლობაში,თვალები დავხუჭე ,ღრმად ამოვისუნთქე და გულში წლების წინ ჩახატული ყვითელგულა,თავდახრილი მზესუმზირები გავაცოცხლე…
მე მაინც მოვედი!..
თითოეული სართული რუდუნებით მოვიარე, თითქოს ფეხი მიწაზე არც დამედგას.
წუთიერ შთაბეჭდილებებს,რომლებიც მუდმივად იცვლებოდა და მატულობდა შეეძლო ჩემი სულიერი განცდების ასახვა.თითოეული შემოქმედებითი ტილო ისახავდა ყველაზე მთავარ და უმნიშვნელოვანეს მიზანს- სილამაზის,ბედნიერებისა და სიხარულის ესთეტიკურ განცდას.
უკან დაბრუნებულს , გზად არაფერი მაოცებდა, არც ქალაქის ლეგალური პროსტიტუცია და აღარც ჰაერში გაჟღენთილი კანაფის გამაბრუებელი სუნი.
მე დავემშვიდობე მხოლოდ ამსტერდამს!
თინათინ გობრონიძე