ხდიდან ჯუთამდე – კავკასიონზე ციგაობით

  • Home
  • ბლოგები
  • ხდიდან ჯუთამდე – კავკასიონზე ციგაობით

მაშინ სულ რაღაც 13 წლის ვიყავი.

დედას ახალი დაწყებული ჰქონდა ლაშქრობებში სიარული, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი იყო.

 

არ მახსოვს – მე თვითონ მოვითხოვე თუ დედამ შემომთავაზა, მაგრამ ივლისის თვის ბოლოს თავისი ზურგჩანთასთან ერთად ჩემთვისაც გადმოიღო უზარმაზარი წითელი ჩანთა კარადიდან და დავიწყეთ ჩალაგება.

ერთი შეხედვით ბევრი არაფერი ჩაგვიწყვია, თუმცა ჩანთა ელვისებურად გაივსო და დამძიმდა.

იმ საღამოს ადრე დავიძინეთ, მეორე დილიდან დიდი თავგადასავალი უნდა დაწყებულიყო ჩემთვის.

 

10:00 საათზე დავიძარით, სამარშრუტო ტაქსში ჩალაგებული 7 ადამიანი – ხდეს ხეობისკენ

 

როგორც იყო მივედით საწყის წერტილამდე, ვანომ (ვანო გულედანი იყო ამ გასვლის გამყოლი) ყველას ჩანთა საგულდაგულოდ შეამოწმა, ნახა როგორ იყო ჩალაგებული შიგნით ტანსაცმელი და საჭმელი, რამდენს იწონიდა თითოეული (ჩანთა) და მხოლოდ ამის შემდეგ შევუყევით აღმართს.

 

თავიდან ძალიან ომახიანად მივდიოდი, თუმცა ვატყობდი, რომ ნელა ნელა ზურგჩანთა მძიმდებოდა, ფეხები მაკარონივით მიდუნდებოდა და სიარული მიჭირდა.

 

თავიდან ძალიან ციცაბო აღმართი ავიარეთ, შემდეგ ცოტა ხანი სწორ მდელოებზე ვიბოდიალეთ, შემდეგ უუუზარმაზარი ჭინჭრით დაფარული ფერდობი შეგვხვდა და აი მანდ დაიწყო თავგადასავალი.

 

ჭინჭრების საშუალო სიმაღლე ალბათ ასე 1.5 მეტრი იქნებოდა (ვვარაუდობ იმის მიხედვით, რომ ჩემზე ბევრად მაღლები იყო), მათ შორის კი ბილიკივით დაელაგებინათ ერთმანეთზე აკოკოლავებული ქვები. ამ ქვებზე ფრთხილად უნდა გევლო, ზოგიერთი ირყეოდა , ზოგიც პირდაპირ გეშლებოდა ფეხქვეშ. ერთი შეხედვით ეს ბილიკი დასუსხვისგან თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, თუმცა ძალიან შევცდით.ზუსტად ისე მივდიოდით ფილმებში  უფსკრულის თავზე გადებულ ბეწვის ხიდზე რომ უწევთ გადასვლა.

 

უზარმაზარი გაფოთლილი წინჭრები მაინც გვეხებოდა ფეხებზე და უმოწყალოდ გვსუსხავდა. არ გეგონოთ რომ  ფერდობი პატარა იყო, ალბათ რამდენიმე კილომეტრი იქნებოდა. ერთ წევრს  უბედურებაც შეემთხვა – თავით გადაეშვა ჭინჭრის უზარმაზარ ზღვაში, მას შემდეგ რაც ფეხი დაუცდა და თავი ვერაფრით შეიკავა.

 

ამ “ზღვის” გადალახვის შემდეგ ისევ  ფერდობს შევუყევით, რომელიც ჯერ  ბალახით დაიწყო, შემდეგ გაველურდა და ნაშალ კლდედ იქცა, ხოლო ბოლოს თოვლიც დაიწყო.

 

თოვლზე დაწალიკებულები მივდიოდით, ყველა ერთმანეთის კვალში. მე ვანოს შემდეგ- მეორე ვიდექი და ძალიან რთული იყო სიარული. ვანო საკმაოდ ღრმად ეფლობოდა თოვლში, შემდეგ მე ვეფლობოდი თუმცა ნაკლებად და დანარჩენები უფრო მსუბუქად მოდიოდნენ. ერთ მომენტში ვანო ძალიან ღრმად ჩაეფლო თოვლში, სცადა ხელებზე დაყრდნობა და ხელებითაც ჩაეფლო.
რა მექნა? მის უკან მეც წვივის ნახევრამდე თოვლში ჩაფლული ვიდექი, ვექაჩებოდი ზურგჩანთაზე რომ როგომე ამომეძრო. რის ვაივაგლახით გათავისუფლდა და გზა გავაგრძელეთ.

 

თოვლში სიარულმა ბოლო მომიღო, ისე დავიღალე, რომ თვალებიდან სიმწრის ცრემლები მცვიოდა დროდადრო, დასუსხული ფეხები სასწაულად მეწვოდა და მეფხანებოდა, მაგრამ ვერ გავჩერდებოდი, ვერც ჩამოვრჩებოდი. ყველასთან ერთად უნდა მევლო.პირველი ლაშქრობისთვის ზედმეტად ბევრი გამოცდილება მხვდა წილად.

 

ვანოსთან ერთად სიარულისას ორი რამ მამშვიდებდა:

  1. ის სულ კარგ ხასიათზე და გაღიმებული იყო
  2. როდესაც არ უნდა გეკითხა რამდენ ხანში მივალთო, ყოველთვის ერთნაირად დარწმუნებით გპასუხობდა -” ერთ ორ საათში იქ ვართო”.

ძალიან, ძალიან დაღლილებმა მივაღწიეთ კავკასიონის იმ წერტილს საიდანაც დაშვება უნდა დაგვეწყო.
სიმართლე გითხრათ ძალიან დაღლილი თვალებში ძლივს ვიყურებოდი, მაგრამ იქ მდგომს სასწაული შეგრძნება მქონდა, თავისუფლების და ბედნიერების სასწაული განცდა.იდგე კავკასიონზე და ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან უყურებდე ყველაფერს – წარმოუდგენელი რამეა, სიტყვებად რომ არ გარდაიქმნება ისეთი.

თოვლზე დაშვება იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ასვლა, თანაც  ბინდდებოდა, მთაში კი დაბინდებულზე თუ ბანაკი არ გაქვს  გაშლილი კარგი არაფერი გემუქრება.

ვანომ ერთხანს იფიქრა და მითხრა:
“მოხსენი პარალონი ჩანთას, ჩანთა ისევ კარგად მოიკიდე და პარალონზე დაჯექიო.”

ვანოს ნათქვამს არა მხოლოდ მე, ყველა უპირობოდ ასრულებდა. მეც ზედმიწევნით ზუსტად გავაკეთე რაც მითხრა და დავუწყე შემდეგ მითითებას ლოდინი.
ამ დროს ვანო მომიჯდა პარალონზე  და მითხრა დავეშვითო.

თურმე პარალონით ციგაობა იყო გეგმაში. არ ვიცი როგორ აღვწერო შეგრძნება – რა გიტრიალებს მუცელში, როდესაც კავკასიონზე პარალონით მოსრიალებ.

რა თქმა უნდა დანარჩენებმაც მოგვბაძეს და ატყდა ერთი ამბავი, ზოგი ბედნიერად დაეშვა, ზოგიც შუიდანვე კოტრიალით ჩამოვიდა, ერთი სიტყვით მაგრად გავერთეთ.

თოვლის მერე, ფერდობზე მოსიარულე უკვე ისევ უკიდეგანოდ დაღლილი გახლდით, აღარაფერი მინდოდა ამ ქვეყნად. იმ საღამოს დაბლობში ვერ მოვახერხეთ ჩასვლა და ბანაკის გაშლა ქედზე მოგვიწია.

ფერდობი საკმაოდ დამრეცი იყო, კარვებიც ასე ცერად იდგა.
ამასთანავე ქედზე წყალი არსად იყო, თუმცა ვანომ ძალიან მშვიდად გაგვაცნო გეგმა – ჩვენ ძველ თოვლს გადავადნობთ და იმას მოვიხმართო, შემდეგ დიდხანს არ უფიქრია – მოავლო ხელი ჭურჭელს და წავიდა.
ცოტა ხანში შავი, ჭიანი და აბსოლუტურად უცნაური მასით გავსებული ქვაბით დაბრუნდა უკან.
პრიმუსზე თოვლი გაადნეს და სცადეს მარლის საშუალებით გაეფილტრათ.

რა გვექნა გვშიოდა, გვწყუროდა და ჩვენც დავიწყეთ სითხის ათვისება. იმ საღამოს ჩემს სუპსა და ჩაიში (გარდა ჩვეულებრივი ინგრედიენტებისა) დაცურავდნენ: მუმიფიცირებული ჭიები, ქვები, მცენარეები და მათი ნარჩენები, მწერების ფრთები და მტვრის ულევი ნაწილაკი.

გინდათ სიმართლე გითხრათ? იმ წყლისაგან გაკეთებული ჩაიც, სუპიც და სხვა ყველაფერიც მაინც ძალიან გემრიელი და ნოყიერი გახლდათ და არც ერთ ჩვენგანს არაფერი მოსვლია.

შემდეგ დღეს აქტიურად ვიწყეთ ჯუთისკენ დაშვება. უკვე ბევრად ომახიანად მოვდიოდი და გვერდზეც ვიყურებოდი. ზურგი და მხრები მართალია მტკიოდა, მაგრამ ამას არ ვიმჩნვდი.
კარგა ხანი სიარულის შემდეგ ჯუთასაც მივადექით და დავიწყეთ ჭაუხისკენ ასვლა.

პირველი აღმართი არ გვქონდა ათავებული, რომ სეტყვამ დასცხო. ისე სეტყვაც არის და სეტყვაც.
ციდან ვაშლის ტოლი ყინულის ბურთები ცვიოდა. ჯერ ჩამუხლულები და პარალონ წაფარებულები ველოდით გადაღებას, შემდეგ კი მივხვდით, რომ გზას თუ არ გავაგრძელებდით საბანაკო ადგილამდეც ვერ მივაღწევდით.

რა გვექნა? წამოვიფარეთ თავზე პარალონები და სირბილით ავუყევით აღმართებს, გზაში ხელები დაგვისივდა (გვერდებიდან პარალონი გვეჭირა და სეტყვა გვხვდებოდა) და სიმწრისაგან ვყმუოდით.

როგორც იქნა გზის შუამდე მივედით, უკვე შებინდებულიყო და გადავწყვიტეთ, რომ იქვე ნაკადულთან დავბანაკებულიყავით. სასწრაფო წესით გავასუფთავეთ საკარვე ადგილები (ძირითადად სეტყვისა და ქვებისგან) სწრაფად ვივახშმეთ და შევძვერით საძილეებში.

ასე დასრულდა ეს დღეც.

შემდეგ დილას გაღვიძებულებს აბსოლუტური შოკი გვქონდა ყველას.
ბანაკის გარშემო ისეთი ბურუსი იდგა, რომ არათუ ნაკადულს ვერ მივაგენით პირის დასაბანად, ერთმანეთსაც ძლივს ვპოულობდით.

ამ დღეს ჭაუხებამდეც ავცოცდით ცოტა ვიძონძავეთ და ბედნიერად დავბრუნდით ქალაქში.

ეს იყო და ეს მოწამლული ვარ ბოდიალით, მას მერე დედასთან ერთად კიდევ ბევრ ადგილას ვიყავი და გაჩერებას არ ვგეგმავ!
ამ ლაშქრობის მერე ჭაუხი ჩემი სამოთხეა და იქ მოხვედრა ყოველ ჯერზე წარმოუდგენელ ბედნიერებასა და სიმსუბუქეს მმატებს ♥

 

თუმცა სულ მალე ეს შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ჩემს სამოთხეში გზის გაყვანა იგეგმება და წარმოიდგინეთ – ვინმემ რომ გითხრათ სამოთხის თუ გწამს მე მასზე კიბე უნდა მივაყუდო და დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ყველას მივცე გზა მისასვლელად, სამოთხეს პირველქმნილი სახე უნდა შევცვალოო. თქვენ რას გააკეთებდით?

 

 

Tags: