კემპერი ცთომილი

რა არის შენთვის თავგადასავალი? – მოდი ამ კითხვას თქვენ დაგიტოვებთ, რადგან ყველაზე მრავალფეროვანი ერი ვართ მთელს ცთომილში. (პლანეტას ქართულად ცთომილი ჰქვია და ულამაზესი გამოხატულებაა)

თავგადასავალი ჩემთვის იწყება აქ საქართველოში, სადაც უამრავი ადგილია სასიამოვნო და ემოციური ლაშქრობების მოსაწყობად და ამავე დროს შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მთელი საქართველო შემოიარო და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც შესაძლოა კარგად განვითარდეს სათავგადასავლო, ექსტრემალური და ეკოტურიზმი, რომელიც გულისხმობს ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას, ახალი შთაბეჭდილებების შეძენას და ტურისტის თუ არატურისტის მაქსიმალურ ჩართვას ნებისმიერ აქტივობაში.

მინდა ერთ – ერთი ჩემი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ რომლის დროსაც აღმოვაჩინე ულამაზესი ადგილი, სუფთა ზღვით, თეთრი ქვიშით, დიდი სიყვარულით და სიკეთით გამორჩეული… მე გურიიდან ვარ და შესაბამისად დამოკიდებულებაც ზღვისადმი გამორჩეული მაქვს, მიყვარს ზღვა მისი იდუმალებით, წითელი მზით, მშვიდი თუ აბობოქრებული ტალღებით, ზღვის კაცი აჩიკოთი, ლამაზი გოგონებით და ბიჭებით, რუჯით, ზაფხულის ფლირტებით და ბევრი სიკეთით.

მეგობრების უმეტესობამ გადავწყვიტეთ გაგვეტარებინა  ერთი გამორჩეული და  სიყვარულით სავსე ზაფხული, ასე სპონტანურად შევიკრიბეთ და მთელი 1 თვით წავედით ქობულეთში, სადაც გავატარეთ დაუვიწყარი დღეები, უსაზღვრო ემოციებით სავსე.

მინდა გითხრათ, რომ უამრავი ლამაზი და გასაკვირი ადგილი აღმოვაჩინეთ, თუმცა ჩემი გული და სული წამართვა ადგილმა, სადაც უცებ გავაშენე ჩემი ოცნება, ზუსტად რომ იტყვიან „ფრთა შევასხი“ და გავაგზავნე კოსმოსში სამოგზაუროდ და დასადასტურებლად, რომ ეს სალომეს თავგადასავალია სახელწოდებით „კემპერი ცთომილი“.

ეს ადგილია სოფელი ბუკნარი, რომელიც აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის პირას მდებარეობს. ბევრი თვქენთაგანი დარწმუნებული ვარ ბევრჯერ ჩაუვლიდით ამ ადგილს, თუმცა თქვენს ყურადღებას არ მიიპყრობდა იქ გაშენებული ყანები, მიტოვებული სახლები და შესაბამისად ამ პატარა სოფლის სტუმრობის სურვილიც არ გაგიჩნდებოდათ.

მაშინ ისმის კითხვა რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება? – უცნაურმა პლაკატმა რომელიც სოფლის გადასახვევთან აღმართულა და მეპატიჟებოდა,  სასწაული მასპინძელი აღმოჩნდა, ისეთი როგორიც ქართველებს სჩვევიათ სტუმართმოყვარე, სახლშიც კი არ გვიშვებდა და ჩვენც წინააღმდეგობა არ გავუწიეთ იქვე კარავი გავშალეთ და გულუხვი მასპინძელის ხელში, მოწყენაზე არც გვიფიქრია…

თავში მთელი ღამე მიტრიალებდა რამდენად მაგარი ადგილია, კემპერებისთვის, რომლებიც ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურები  არიან საქართველოში და ზუსტად ამისთვის ჩამოდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ავაშენე კიბე სადაც ნაბიჯ – ნაბიჯ ვაწყობდი თითოეულ დეტალს და მინდა ძალიან ბევრმა იცოდეს ამის შესახებ მინდა ბევრმა გაიგოს რამდენად მაგარი ადგილია და რამდენი რამის შემოთავაზება შეუძლია ამ პატარა სოფელს.

როგორც უკვე აღვნიშნე სოფელ ბუკნარს არ გააჩნია ტურიზმის არანაირი ფორმალური პოლიტიკა, მიუხედავად ამისა მე მჯერა ჩემი სურვილის, რომ სოფელი ბუკნარი გახდება კემპინგური დასახლება. იმისთვის, რომ ტურისტული პროდუქტი ამ შემთხვევაში კი სოფელი ბუკნარი იყოს წარმატებული ოცნება პლანეტა დედამიწისგან გაგზავნილი ერთი გოგოს სურვილი, აუცილებელია ის იყოს მიმზიდველი, ცნობადი და უსაფრთხო და ერთ – ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი ფაქტორი, რომელიც ზრდის ბუკნარის შესაძლებლობას იბრძოლოს კონკურენტებთან არის უსაფრთხოების დონე და მიმზიდველობა. მინდა ყველას დაგანახოთ რა უპირატესობები აქვს საქართველოს ერთ ყველასთვის მივიწყებულ და შეუმჩნეველ ადგილს:

  • შავ ზღვასთან ახლოს მდებარეობა.
  • ლანდშაფტური მრავალფეროვნება.
  • ტერიტორიული უპირატესობა. (სოფელში გადის საერთაშორისო მაგისტრალი)
  • ტურისტულად აქტიური რაიონების ქობულეთისა და ბათუმის გზაგასაყარზე მდებარეობა.
  • აჭარის რეგიონში კემპინგის სოფლის დაარსება.
  • სანაპიროზე არსებული თეთრი სამკურნალო ქვიშისა(თეთრი ქვიშა ძალიან იშვიათია) და ქვების არსებობა.

ამ ყველაფერს დავუმატებ ჩემს სურვილებს, რაც მდგომარეობს შემდეგში : სოფელ ბუკნარის კემპერ ცთომილში ადამიანებს ექნებათ საშუალება აიხდინონ სურვილები, იყვნენ თავისუფლები, ჰქონდეთ ბევრი თავგადასავალი , გახდნენ მიამიტები სიკეთეში და სიყვარულში. შესაძლებლობა ექნებათ მანქანით თუ კარვით კემპინგის, ველურ პირობებში მინიმალური დანახარჯებით თავს იგრძნობენ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში.  ისინი უბრალოდ გახდებიან ამ პლანეტის ნაწილნი, რომლებიც იფიქრებენ უკან დაბრუნებაზე.

თქვენ მოგესალმებათ კემპერთა ცთომილი, რომელიც მიიღებს ყველას, ვისაც უყვარს გართობა, ზღვა, ქვიშა, კემპინგი, თავგადასავლები, მეგობრები, დიალოგები, რუჯი და ვისაც უბრალოდ უყვარს საკუთარი თავის აღმოჩენა, სირთულეების გადალახვა, წითელ – ყვითელ, ხანდახან წვერებიან, ხანდახან ყმაწვილ, უმწიკვლო  მზესთ ერთად ღამეების თენება.

პლაკატი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო