„კავკასიის მთებში, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიან…“ /ხევსურეთი/

  • Home
  • ბლოგები
  • „კავკასიის მთებში, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიან…“ /ხევსურეთი/

დღე პირველი

გათენდა…  შემოდგომის გრილი, ზამთრის გათოშილი და გაზაფხულის ახლადაყვავებული დღეების შემდეგ ზაფხულის მზისფერი დღე გათენდა და მე, თორღვა და ლაშარელა ხევსურეთისკენ მივდივართ… ახლა, როცა უკვე გზას ვადგავართ, როცა უკან დარჩნენ ქალაქები თუ ქალაქის გზატკეცილები, სუნთქვა მეკვრის ბედნიერებით.

ეს უსწორმასწორო გზები მიდიან ხევსურეთისკენ…

მარცხენა მხარეს წარწერას ვკითხულობ – ჩირდილი 3,5 კმ, ბუჩუკურთა – 6 კმ და საიდანღაც მახსენდება, რომ ფოტოები მაქვს ნანახი და ორივე სოფელში მისვლა ძალიან მინდოდა. გათვალისწინებული არ გვაქვს, მაგრამ ლაშარელას მუდარით სავსე მზერით შევყურებ და მისი ღიმილით ვხვდები, რომ ავალთ. ხოდა, გზიდან გადავდივართ, მივყვებით აღმართს, მაგრამ ლაშარელას კითხვაზე „საით წავიდეთ?“ – ჩუმად ვარ… ორივემ ვიცით, რომ თუ არჩევაზეა, მე ყოველთვის უფრო შორეულს და ყველაზე მაღალ ადგილს ავირჩევ, მაგრამ ახლა, როცა ისედაც გაუთვალისწინებელ მარშუტს ვადგავართ და ამ ოღროჩოღრო გზაზე ვაწამებთ მანქანას, თავს უფლებას აღარ ვაძლევ, რომ ვუთხრა – იქ, სულ მაღლა! თუმცა, ის ისევ ჩემი საყვარელი ღიმილით შემომყურებს და მეუბნება: „კარგი, წავიდეთ!“ გული აღარ მეტევა საგულეში, მარჯვენა მხარეს, შორეული მთის ძირისკენ რომ ვუხვევთ და იმ ცას მიწვდენილ სახლებისკენ მივდივართ…

მერე ვდგავარ ასე სუნთქვაშეკრული, თვალებშეყინული სივრცეებზე და მინდა, რომ არ დამთავრდნენ ეს მთები, აქაიქ გულზე მიბნეული მარტომყოფი სახლებით. თუმცა, ისევ უნდა დავეშვათ ქვევით და გავაგრძელოთ გზა… წინ ამწვანებული, მაღლობს შეფენილი გუდანი და გუდანის ჯვარია. მერე – ბისო, მერე – ხახმატი, ჩამოშლილი სახლებით. მერე გზის უსასრულობა დათვისჯვრისკენ, ნისლის გადმოსვლა მთამთა და უკან დარჩენილი უღელტეხილის დაკლაკნილი არტერიები. ჯერ თოვლდაუმდნარი, ზვავებგადავლილი გზები გაუვალ ნისლში. არსად არაფერი რომ არ ჩანს და მიდიხარ. ცოტა ძრწოლაც გიპყრობს, ცოტა გეშინია, მაგრამ როცა უკან დარჩება ეს წამები… ხო, იცი, რომ უკან დარჩება…

და აი, გადაიარეს ნისლებმა, ცამ დაიწყო გახსნა და საბრძოლოდ შემართული მეომარივით გამოჩნდა ლებაისკარის გზისპირა კოშკი. უახლოვდები და ტანში გცრის, უახლოვდები და იყინები!

მზე კარგახნის გადასულია. ხეობა, რომელსაც მანქანით მივყვებით და აღარ მთავრდება, ნელნელა პირქუში მეჩვენება… დევებივით აყუდებულ კლდეებს მღვრიე არღუნი ეხეთქება შემზარავი ხმით.

ნელნელა წვიმას იწყებს, გამოჩნდენ შატილის კოშკები. მოვედით!

   

დღე მეორე

გათენებამდე დაიწყო და მთელი დილა გადაუღებლად, კოკისპირულად წვიმდა. ცის ნაგლეჯიც არსად ჩანდა ღრუბლებჩამომხობილ ხეობაში. წამიერად გეჩვენება, რომ არასდროს დამთავრდება ეს თავსხმა და აღარ დამშვიდდებიან ეს ქარები!

მთაში სხვანაირად ხვდები რა ძვირფასია მზის ერთი სხივი, ამდენ ღრუბელში გამომკრთალი პატარა სინათლე, რომელიც პატარა იმედს მაინც გიტოვებს, რომ მალე ცა გაიხსნება, გამოიდარებს… ჩვენც ამ მოლოდინით შევყურებთ ნაწვიმარ ზეცას და ვფიქრობ, როგორ ელოდებიან გვიანი შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე მთას შერჩენილი მთიელები გადაუღებელი წვიმების, გამყინავი სუსხების, ზამთრის ქარების და ქარბუქების გადავლას… როგორ ელოდებიან გაზაფხულის პირველ ამოსუნთქვას, პირველ გამთბარ ამინდებს და შორიდან მოსულ პირველ სტუმარს, პირველ ადამიანს – დანარჩენი სამყაროს ამბებს რომ მოიყოლებს…

ვფიქრობ და შეციებულ ხელებს ყავის ცხელ ჭიქაზე ვაწყობ მჭიდროდ.

დღეს თორღვამ გვიან გაიღვიძა. ამასობაში, გამოიდარა კიდეც. მსუბუქად ვისაუზმეთ, ჩავსვით თავის სამოგზაურო ზურგჩანთაში და შატილის კოშკებისკენ გავყევით გზას.

კოშკებიდან ისევ ქვევით დავეშვით და დასაბანაკებლად ადგილი შევარჩიეთ სოფლისგან მოშორებით, მდინარის პირას. გადაწმენდილი ცა კიდევ უფრო გვაბედნიერებს, კარავს ვშლით, ხმელ ტოტებს ვაგროვებთ ცეცხლისთვის, ყველაფერს ვაბინავებთ და მზის ჩასვლამდე ანატორის აკლდამებისკენ მივდივართ, შებინდებას რომ მოვასწროთ უკან დაბრუნება.

  

სულ 3 კილომეტრია შატილიდან და გზისპირას, ვიწრო ხეობის თავზე, სადაც მდინარე არღუნი და მუცოსწყალი ერთმანეთს უერთდებიან, ფრიალო კლდეზე მდგარ აკლდამებს ხვდები, სიკვდილთან შესახვედრად საკუთარი ხელით რომ ააშენეს ანატორელებმა. საკუთარი ფეხით რომ მიდიოდნენ, წვებოდნენ და ელოდნენ… ელოდნენ, როდის გავიდოდნენ სიკვდილშეყრილები ამქვეყნიდან.

აქ ფიქრი შემზარავი ხდება, მერე ფიქრი უცნაურ სევდად იქცევა და გიორგი არაბულის „ანატორელის ჩანაწერები“ მახსენდება:

„ – მეც სიკვდილი ვარ, ფანდურითა და არყით ხელში.

– გარეთ დავტოვე ცხენი. სახლი. ჩემი ბავშვობა.

– სიცოცხლეს მძევლად ჩემი ცოლი დავუტოვე სახლში.

– ჩემი შვილებიც აქ არიან. მე აღარ ვსუნთქავ, რომ ჰაერის მარაგი დარჩეს.

– მკვდარი რწმენა ვარ!

– ამ წვრილ სარკმელში ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

– დედა ტიროდა: „ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო“…

– ცისფერთვალება ბიჭს წამოსცდა – „ღმერთო!“ – ჩავაცვით.

– მაინც მომაგნო, ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

– რა სიჩუმეა, სიჩუმესაც კი ვეღარ ვუსმენ.

– ჩემი სწორფერი მდინარის პირას დგას და არ სუნთქავს.

– „იხმაურეთ!“ – ასე ვარიგებთ ბავშვებს, ბეღურებივით შემოსახლებულებს, სიკვდილშეყრილებს.

– ჩემ გვერდით ჭირშეყრილი ქალი აკვანს არწევს, იქ კი – გოგოა, წინა ზაფხულს დაბადებული…“

არეული ფიქრი მომყვება უკან გზაზე.

შებინდებამდე მოვაღწიეთ ჩვენს კარავთან, ავანთეთ ცეცხლი და აენთნენ ვარსკვლავებიც ცაზე. ხევსურული, ლურჯი ღამეა მთვარის კონტურებშემოვლებული, ასვეტილი მთებით და კლდეებით. ზევიდან დაგვყურებს დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

   

დღე მესამე

ინათა… მზემ ფეხდაფეხ დაიწყო მთებზე გადმოსვლა, მაგრამ სანამ ჩვენამდე მოვა, ჯერ მაღალ კლდეებს უნდა ასცდეს, მერე ნაძვნარს მოადგეს, მერე აიწიოს მაღლა, კიდევ მაღლა და ნელნელა ჩვენც გადმოგვანათოს მაცოცხლებელი სხივები, გაგვითბოს შეციებული სხეულები.

თორღვას 7 საათიდან ღვიძავს და თავის პაწია ბოტებში, თბილ შარვალში და კაპიშონში გამოწყობილი დარბის ბედნიერი სახით.

მუცოს გზას მალევე დავადექით. შებინდებამდე ჩვენს კარავთან დაბრუნება რომ მოვასწროთ, 25 კილომეტრამდე უნდა გავიაროთ ფეხით.

ირგვლივ ყველა ფერი ისეთია, დაღლა, მანძილი არ გახსენდება და მიდიხარ გაუჩერებლად… მინდვრები, ხეობები, შორეული მთები, მთის ყვავილები და გაზაფხულური სურნელი, ზაფხულის დღეებს რომ გადმოყვა. ასეთია ფეხით გასავლელი 3 საათიანი გზა მუცოსკენ, სანამ ღრუბლებში გამომკრთალ თორღვას ციხეს არ დაინახავ და სამყაროს სხვენზე არ მოხვდები ყველაზე მაღალ კოშკზე ასვლისას. ხო, სამყაროს სხვენზე! ვიღაცას უთქვამს – „ხევსურები კავკასიის მთებში ცხოვრობენ, სამყაროს სხვენზე, სადაც მზე ადრე ამოანათებს, ადამიანები კი გვიან ქრებიანო…“ ხოდა, როცა ბოლო წერტილიდან გადმოხედავ დანარჩენ დედამიწას, როცა სულ ბოლო ციხესთან ააღწევ, ეს შეგრძნება გიჩნდება ზუსტად. მთები, ღრუბლები, ყველაფერი დაბლა არიან და დგახარ შენ ასე, ჰორიზონტგამქრალ უსასრულობაში…

უკან დაბრუნება ყოველთვის ძნელია, არასდროს გეთმობიან მთაში განცდილი შეგრძნებები, მაგრამ მოდიხარ… ისევ დაბლა დაშვება, ისევ ის მინდვრები, ის მთის ყვავილები და 13 წლის ხევსური ბიჭი გზისპირას, ძროხების დაბრუნებას რომ ელოდება და დგას ხის ღობეს ჩამოყრდნობილი, სადღაც სივრცეში მაყურებელი მზერით.

ხომ არისხოლმე ისეთი კადრები ჩვენს ცხოვრებაში, რომ არ გვავიწყდება არასოდეს, ჩვენი თვალებიდან რომ არ ქრებიან. ხოდა, ასეთი იყო ის კადრი ზუსტად! ხევსური ბიჭი – უჩვეულო ღიმილით და სივრცეებს მიწვდენილი მზერით. კითხვებზე უხერხულად, მაგრამ მაინც საოცარი გულწრფელობით რომ გპასუხობს.

„გიორგი ვარ, დაიაური. აი, იმ სახლში ვცხოვრობ“ – ამბობს და ხელს მდინარის მეორე მხარეს, მთის ძირისკენ იშვერს, სადაც მთის ყვავილებით ყვითლად აბრიალებულ ეზოში ორსართულიანი სახლი დგას და იქ მისასვლელად აქაფებულ მდინარეზე გადებულ, რამდენიმე მორით შეკრულ ვიწრო ხიდზე უნდა გადაიარო.

დაუვიწყარია აქ ყველა სახე, ყველა შემოხედვა. ზოგჯერ თვალს ვერ უსწორებ, ისეთი სუფთა და გულწრფელია. ამ ცას ჰგავს, ამ მთებს უტოლდება და ამ მდინარეების მსგავსად გაფორიაქებს.

სულ იმას ვფიქრობ, ამ მთებიდან დაბრუნებულს, რა უნდა დამხვდეს ნაცრისფერ ქალაქში. რამ უნდა შეცვალოს ეს წამები.

ვფიქრობ, მოვდივარ და 13 წლის გიორგი დაიაურის მზერასავით მომყვება სევდა, ოცნება, ნისლი და ტკივილი.

ლაშარელა ხელს მკიდებს ისევ, გულზე მიკრავს ზურგჩანთაში ჩასკუპებულ თორღვასთან ერთად და მეუბნება: „მიგვიღო ხევსურეთმა!“

ჰო, ხევსურეთმა მიგვიღო  და მაინც, ავდგებით გამთენიისას, ავშლით კარავს, ჩავსხდებით ისევ მანქანაში და დავეშვებით ქვევით, ამ მთებიდან შორს, ამ კოშკებიდან შორს, ამ მაცოცხლებელი ჰაერისგან შორს – ნაცრისფერ ქალაქში…