საქართველოს ხელოვნების სასახლეში ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის – „ანბანი, როგორც ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უძღვებოდნენ.
ქართულ-ინგლისური კატალოგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოიცა. კატალოგი უნიკალურ ხელნაწერებს, პირველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს აერთიანებს. წიგნი ოფენბახის შრიფტის მუზეუმში, ქართული დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენის „თბილისი ჩემს ფიქრებში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც თავის მხრივ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას ეძღვნება.
გამოცემაში ბევრი ნიმუში პირველად დაიბეჭდა. თავდაპირველად იგი გამოფენის გზამკვლევად მოიაზრებოდა, შედეგად კი, ქართული ანბანისა და ქართული კულტურის ილუსტრირებულ სამეცნიერო ნაშრომად იქცა.
მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს განსაკუთრებული სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას. აღნიშნა, რომ წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი უამრავი ლიტერატურული თუ კულტურული ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის წარმოჩენისათვის.
„კატალოგი ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ფასეულობას – მრავალსაუკუნოვან ქართულს ანბანს და მის მკითხველს თუ გამოფენის სტუმარს ქართული კულტურით კიდევ უფრო დააინტერესებს“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გიორგი კალანდიას, ოფენბახის შრიფტის მუზეუმს და კატალოგზე მომუშავე პროფესიონალთა გუნდის თითოეულ წევრს.
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა, რომლის ფარგლებშიც გერმანიაში არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა ოქტომბერში გაიხსნება.
წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო