ქართული კულტურული მარშრუტი – „ჩაით დახატული საქართველო“

  • Home
  • ინტერვიუები
  • ქართული კულტურული მარშრუტი – „ჩაით დახატული საქართველო“
Georgian tea
  1. მოგვიყევით თვქნს შესახებ, ვინ არის პროექტის – „ჩაით დახატული საქართველო“-ს დამფუძნებ(ლები)ელი?

მოგესალმებით, მე გახლავართ ბესარიონ ზალიკიანი. დავამთავრე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აგრობიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით, ხოლო ამჟამად ვსწავლობ ბიზნესის აკადემიურ ცენტრში ფინანსების კუთხით. ვმუშაობდი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანაში”, ხოლო ამჟამად ვარ ასოციაცია “კავკასნათი”-ს თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი (რომელიც ბიო სერტიფიცირებული თხილის წარმოება-რეალიზაციას უწყობს ხელს) ასევე ვარ Erasmus+ის ერთ-ერთი პროგრამის მენტორი, (რომლის მიზანიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარებაა.)

რაც შეეხება ავტორობას, ამ პროექტის შექმნაში ჩემთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროექტში ჩართულმა ყველა ადამიანმა და ზოგადად “ჩაით დახატულ საქართველო”-ს ქმნის თითოეული ის ადამიანი, რომელსაც თავისი სიტყვით თუ საქმით წვლილი შეაქვს ამ დარგის განვითარებაში.

  1. როდის და რატომ გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა?

ჩაი და მასთან ერთად ყურძნის ჩაი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელი პროდუქტია, რომლის მიმართაც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული გრძნობები და დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქვეყანაში ჩაის მოყვარულ ადამიანებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ქართულ ხარისხიან ჩაიზე და ასევე მცირე ინფორმაციის გამო არ ქონდათ  ჩაის ტურების მარტივად დაგეგმვის შესაძლებლობა.

ჩაისთან ჩემი კავშირი 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩემს სოფელში, მეგობრებმა ფერეთა ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყეს, ხოლო შემდეგ სწავლამ, პროფესიულმა საქმიანობამ და იტალიაში მიღებულმა გამოცდილებამ გამიჩინა სურვილი და შესაძლებლობა რაიმე მსგავსი საქმიანობა წამომეწყო და ხელი შემეწყო სოფლის განვითარებისთვის.

საბოლოოდ, არაერთი მცდელობის შემდეგ, 2019 წელს ჩაის თემით კულტურული მარშრუტების ჰაკათონში გავიმარჯვე და შევქმენი კულტურული მარშრუტის პროექტი სახელწოდებით „ჩაით დახატული საქართველო“, რომელის სათაური თავის მხრივ მომდინარეობს სერბი მწერლის, მილორად პავიჩის წიგნიდან – „ჩაით დახატული პეიზაჟი“.

ამ პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პირველი ეტაპი კულტურის სამინისტროს მხრიდან და იმედი მაქვს იგივე განმეორდება ამ წლის ბოლოს ევროკავშირის მხრიდანაც, რაც ქართული ჩაის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პერსპექტივაში ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ჩაის ცნობადობასა და ექსპორტს.

  1. რომელ რეგიონებს მოიცავს საქართველოს კულტურული მარშუტი „ჩაით დახატული საქართველო“ და რა ტურისტული ღირებულება გააჩნია?

ზოგადად ტერმინი „ევროპული კულტურული მარშრუტი“ გულისხმობს გზას, რომელიც კვეთს – ერთს ან რამოდენიმე ქვეყანას ან რეგიონს, რომელიც ორგანიზებულია ისეთი თემის გარშემო, რომლის ისტორიული, მხატვრული თუ სოციალური ინტერესი აშკარად ევროპულია.

მარშრუტი „ჩაით დახატული საქართველო“ ფარავს გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თბილისს. მარშრუტი გვიყვება საქართველოში ჩაის კულტურის განვითარების ისტორიასა და მის მნიშვნელობას, როგორც ადგილობრივ ასევე მსოფლიო ბაზარზე.

მარშრუტის მონაწილეები არიან: ქართული ბიო ჩაის მწარმოებელი კომპანიები, ასოციაციები, ჩაის სახლები და მუზეუმები, რომლებიც ვიზიტორებს მოუყვებიან საკუთარ ისტორიებს და გარკვეულ სერვისებს შესთავაზებენ: ჩაის რამდენიმე სახეობის დეგუსტაცია, ისტორიული ექსკურსი, კრეფა-გადამუშავების პროცესის გაცნობა და ა.შ.

ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებსაც: პირველ რიგში უნდა ჰქონდეთ ამბავი, რომელიც მათ სხვებისაგან გამოარჩევთ (Make your story and sell your story), “Farm to table”კონცეფცია, ანუ დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ჩაის მწარმოებელი კომპანიების მონახულება და წარმოების ადგილზე დეგუსტაცია, რაშიც მათ სხვადასხვა აპლიკაციები და საიტები დაეხმარებათ (მაგ:Cultural routes, Teageorgia, Biliki და ა.შ). ასევე უნდა დანერგონ წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა („ჩაიდინე სიკეთე“), ჰქონდეთ ბიო სერთიფიკატი და სათანადო ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის.

საბოლოდ ვიმედოვნებ, მარშრუტი ღირებული იქნება არამხოლოდ ტურისტული კუთხით, არამედ ეს პროექტი მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება როგორც ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ასევე პოლიტიკური კუთხით.

  1. რა ხანგრძლივობის იქნება აღნიშნული მარშუტი (ოპტიმალური პერიოდი) და რის მონახულება / დაგემოვნებას შეძლებს დაინტერესებული პირი ამ დროის მანძილზე?

ვფიქრობ, “ჩაით დახატული საქართველო”-ს სრულად მოსანახულებლად რეკომენდირებული პერიოდი იქნება 10-დან 14 დღემდე, რა დროსაც ვიზიტორები შეძლებენ სრულად გაეცნონ ქართული ჩაის კულტურასა და ტრადიციებს.

მარშრუტი დაიწყება აჭარიდან, დაბა ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახლ-მუზეუმიდან, სადაც დამთვალიერებელი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საქართველოში ჩაის კულტურისა და მეჩაიეობის შესახებ. შემდეგ მარშრუტი გადაინაცვლებს გურიაში არსებულ ჩაის ფაბრიკებსა თუ სხვადასხვა კომპანიებში, მაგ. იმ ოთხ ლოკაციაზე, სადაც უკვე არსებობს მზაობა, ამ მარშრუტით დაინტერესებული ტურისტების მისაღებად. (ანასეულის ფაბრიკა, ნატურა თი კომპანი, კომლი, ბახვის ჩაი), ასევე გაეცნობიან,  ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქამიანობას, სადაც ტურისტები მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას მეჩაიეობის დარგის განვითარების, მისი შემდგომი აღდგენა რეაბილიტაციისა და პერსპექტივების შესახებ. აქვე დაათვალიერებენ უნიკალურ დენდროლოგიურ პარკს, გაეცნობიან ჩაისა და სხვა კულტურების პერსპექტიულ ჯიშებს, მოეწყობა ჩაის დეგუსტაცია. შემდეგ მარშრუტი გაგრძელდება სამეგრელოში, სადაც მოინახულებენ მარტვილის ჩაის, მეგრული ჩაის კომპანიას, ლაზი-ს პლანტაციებს, ჩაის ფაბრიკასა და უნიკალურ ენგურჰესის კაშხალს. სამეგრელოდან მარშრუტი გაგრძელდება იმერეთში,  სადაც  მწვანე ოქროს მაძიებლებს  საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ჩაი (ფერეთა ჩაი, Renegate tea estate, მთის ჩაი, ხავერდოვანი ჩაი, გეზრულის ჩაი, თერჯოლის ჩაი) და მაქსიმალურად დაიკმაყოფილონ ის მოთხოვნები, რაც მთისა და გართობის მოყვარულ ადამიანებს გააჩნიათ. ასევე ქუთაისში მათ საშულება ექნებათ ესტუმრონ ჩაის სახლებს და გაეცნონ ჩვენ უძველეს კულტურასა და ტრადიციებს.  ბოლოს მარშრუტი დასრულდება თბილისში, სადაც ტურისტები მოინახულებენ ქართული ჩაის მუზეუმს, აქვე გაეცნობიან ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის საქმიანობებს, ქართული და უცხოური ქვეყნების ჩაის საუკეთესო ბრენდებს, პრაქტიკულად გაეცნობიან ჩაის დაყენებისა და სმის კულტურას, შეიძენენ სუვენირებს.

  1. ძირითადად ვისზეა გათვლილი ეს პროექტი, ადგილობრივ მოსახლეობაზე თუ საერთაშორისო ბაზრებზე?

სამიზნე საზოგადოება – როგორც ამერიკელი ექსპერტი და Green Team Global-ის დამფუძნებელი ჰიუ ჰოუ აცხადებს – „ტურიზმი ემოციებია და საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამ ემოციების დასაგროვებლად“. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რომლის სწორად პოზიციონირების შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნობს და დაინტერესდება.

არ არის საჭირო ჩვენც შევქმნათ იგივე, რაც მაგალითად იტალიას ან პოლონეთს აქვს. ეს უკვე ნახეს ტურისტებმა მთელი მსოფლიოდან და ეძებენ ახალ მიმართულებებს, განსხვავებულ ემოციებსა და თავგადასავლებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული კულტურული მარშრუტი ძალიან ბევრ ადამიანს დააინტერესებს.

ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის აგრო-ტურისტები 18-დან 50 წლამდე, არა მხოლოდ ჩაის მოყვარული ადამიანები, რომლებიც არიან ფინანსურად დამოუკიდებლები და უნდათ იცოდნენ საიდან მოდის მათი საკვები და სასმელი, ასევე დაინტერესებული არიან ახალი აღმოჩენებით.

ძირითადად ესენი იქნებიან ტურისტები დასავლეთ ევროპიდან, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში საჰაერო გზებით შემოვლენ; ტურისტები აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, ვისაც ახსოვთ ან გადმოცემით იციან ქართული ჩაის შესახებ. ასევე ის ადამიანები, რომლებისთვისაც ახალი ისტორიები, გემოები და თავგადასავლები ძალიან საინტერესოა და რათქმაუნდა შიდა ტურიზმის ზრდის ფონზე ვფიქრობ ამ მარშრუტით არაერთი ქართველი ვიზიტორი დაინტერესდება და გადაწყვეტს მის მონახულებას.

  1. განვითარების რა ეტაპზე იმყოფება პროექტი? უკვე ემსახურებით თუ არა დაინტერესებულ პირებს?

ამ ეტაპისთვის ადამიანებს აპლიკაცია Cultural routes-ის მეშვეობით შეუძლიათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ამ მარშრუტის და მასში შემავალი ლოკაციების შესახებ, რომლის საშუალებითაც შემდეგ მარტივად შეძლებენ მათთვის სასურველი ჩაის ტურების მოწყობას, ხოლო თავის მხრივ ამ მარშრუტის ბენეფიციარების უმრავლესობა უკვე მზად არის სრულფასოვნად უმასპინძლოს დაინტერესებულ ვიზიტორებს.

  1. თანამშრომლობთ თუ არა ადგლობრივ / შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან და რა გავლენა იქონია კორონა ვირუსმა თქვენს საქმიანობაზე?

იქედან გამომდინარე, რომ ამ მარშრუტის შექმნა და სერტიფიცირების პროცესი პანდემიის პერიოდში განხორციელდა, სამწუხაროდ ჯერ არ მოგვეცა იმ გეგმების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დაგეგმილი გვქონდა, როგორც ტურისტული სერვისების ისე ქართული ჩაის მიწოდების კუთხით. თუმცა ვცდილობ ეს რთული პერიოდი შესაძლებლობად გამოვიყენო და მოვემზადო იმ დროისთვის, როდესაც ამ გეგმების განხორციელების შესაძლებლობა მომეცემა.

  1. მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ რიგში იმისთვის, რომ გავზარდოთ ქართულ ჩაის ცნობადობა და ხელმისაწვდომობა „Farm to table” კონცეფციაზე დაყრდნობით ზაფხულიდან დავიწყებთ ახალ პროექტს – „ქართული ჩაი – ჩაის სახლში“ რომლის ფარგლებშიც საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთ ქალაქში (ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი) არსებული ჩაის სახლებისთვის მოხდება ჩაის მიწოდება და ამ გზით მომხმარებლებს გავუმარტივებთ მრავალფეროვან და ხარისხიან ჩაიზე ხელმისაწვდომობას. ასევე პარალელურად მოხდება მარშრუტის დახვეწა და სხვა აპლიკაციებსა თუ ტურისტულ პლატფორმებზე მისი ინტეგრირება, რაც თავის მხრივ ტურისტული სერვისების გაუმჯობესებასა და გამარტივებას შეუწყობს ხელს.

მრავლისმთქმელი და იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ 2021 წლის ბოლოს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ჩაის პოპულარიზებას, მის ბრენდად ჩამოყალიბებასა და ღირსეულ დაბრუნებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აგროტურიზმი ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდა ტურიზმის ინდუსტრიაში და შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდეს UNWTO-ს მიერ გამოცხადებული ახალი პროექტები სოფლის ტურიზმის მხარდასაჭერად.

ბუნებრივია ამ სფეროს განვითარება ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული და აქვე უნდა აღინიშნოს მეწარმეების, ჩაის ასოციაციების, სახელმწიფოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირების აქტიური ჩართულობა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, რამაც საბოლოოდ უნდა განაპირობოს, რომ საქართველო იქცეს ჩაით დახატულ ქვეყნად და ამ კუთხით კვლავ დაიბრუნოს ადრინდელი პოზიციები.

აღმოაჩინე ჩაით დახატული საქართველო!

Tags: