ჯულიეტა კაპულეტი, მთაწმინდელი დელფიკა და პერუელი დემეტრე თავდადებული

  • Home
  • ბლოგები
  • ჯულიეტა კაპულეტი, მთაწმინდელი დელფიკა და პერუელი დემეტრე თავდადებული

ვერონაზე გიყვებით. იტალიის სიამაყე ამარონე ვალპოლიჩელლა (ღვინო) რომ აქვთ ბევრი და ორგაზმის ეგრევე გამომწევევ ბრინჯს რომ ამზადებენ ამავე ღვინოში. ორმაგი თანხმოვნები იტალიურ ენაში ცალკე ვნებაა და ამაზე ცალკე დავწერ

ოთახი დავიქირავე, აღმოჩნდა რომ საერთო სამზარეულო გვაქვს რამდენიმე სტუმარს. სასტუმრო კი არაა, სახლია. 4 ოთახით და საერთო სამზარეულოთი. მაგიდები დანომრილია, ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს მაცივარში.

გერმანელი ხანში შესული წყვილია მეზობლად. გიუნტერი და კლარა. 2 ღერი ინგლისური იციან და მაინც მელაპარაკებიან. პირველივე საღამოს შპაცირენგეენ თქო და ამოისუნთქეს ჩვენიანიაო. მაცივარში თარო აქვთ სულ გამოტენილი.

საღამოა, გარეთ პიაცა ერბეზე მაგარი გულაობა მიდის. საუკუნეების წინ აგებულ აივანზე ტიპი დგას, მესიჯობს. მარტო მესიჯობს კი არა, ცხოვრობს იქ. ვიღაცეებს აივნიდან უყვირის არ გაინძრეთ, ემ საათში ჩამავალო. ჩამოდის და ერთად ადიან მეორე საუკუნეების წინ აშენებულ შენობაში, სადაც მაგარი გუზგუზია. ვააახ ესენი ვინ არიან.

 

სიზმარში მახსოვს რომ იტალიაში ვარ და არ უნდა დამეძინოს. შესაბამისად ვიღვიძებ სანამ მზე მოედება ანტიკურ არენას კედლებს.

გარეთ დავხეტიალობ. ვიყიდე ჩხირებზე დახვეული პროშუტოები და პარმის ლორი. ყველიც გინდაო? და ჩატენე მაგისიც თქო და ჩატენეს. ყველა აქაა, მთელი ქალაქი აქ ზის. რუსებიც არიან და არ მინდა მაგათი ხამლო არსებობით დავაბინძურო ეს პოსტი და მოკლედ ვატარებ. ვჭამ, ვსვამ, ვწვები არენას წინ, მინდა სიმღერა აღვავლინო რომ ცხოვრება მშვენიერი კი არა, ვაბშე თუ ვიცოდე რაა

 

კასტელვეკიოს პატარა მუზეუმმა თვის პირველი კვირაა და ევრო გადაიხადე და ისე შედიო. უმაგრესია. დაზოგილ 7 ევროს ისევ ალკოჰოლში ვთხლიშავ. ან შვილს ვუყიდი თმის ლურჯ ტონიკს, ან თათას წითელ პომადას, ან ბუითი გრუპში რომ გოგოებმა დაწერეს რაღაც პრაიმერი კაიაო… უიმე არაა, აპეროლი ჯობია

პატარა მუზეუმი ეძახე შენ და ტინტორეტოც აქვთ, ბელინიც და ვერონეზეც. თუმცა მთელი ქვეყანა ტინტორეტოები არ არიან? საქორწინო სკივრის ნაწილი აქვთ კიდევ, რომელზეც გაშიშვლებულ სიყვარულს მოათრევენ, როგორც საკუთარი ვნებების მონას, უმანკოების ტრიუმფი ჰქვია. იქვე არისტოტელეს კარიკატურაცააა მიხატული ;).

ეს სწორედ ის მუზეუმია, 2015-ში სამმა შეიარაღებულმა რომ გაიტანა მილიონობით ღირებულების 19 ტილო. მერე 2016-ში რომ პოროშენკომ იპოვა და დააბრუნა. ჯოვანი ფრანჩესკო კაროტოს ‘ბავშვი ნახატით’ ჯერ ისევ არ გამოუფენიათ. სასწაული ტილოა. გადასარევად შენახული ციხესიმაგრეა, ხიდებით, სათოფეებით, სუფთა საპირფარეშოებით და დიდი მწვანე ეზოთი.

 

 

თან მზეა, თან წვიმს. ხიდზე ბავშვებს და ძაღლებს უხარიათ. ენები აქვთ გადმოყრილი წვეთებს უმიზნებენ. აღარ შემიძლია უკვე, თვალზე ცრემლი ვერ შევიშრე და კანზე ენდორფინი. ბედნიერებას აყოლილი გულის პულსი ყოფილა ლეგატოში არეული სტოკატო.

 

მე და გიუნტერი დავმეგობრდით. ბერლინელი ყოფილა და რომ ვუთხარი ქართველი ვარ მეთქი რუსულად ლაპარაკობო? მეთქი ჰო და მე აღარ მახსოვსო. ბავშვობაში სკოლაში მასწავლიდნენ და მძულდა თავში არ გამიჩერდა, მაგრამ კეფაში მაინც მირტყამსო, ხელი მოისვა. მეთქი ეგ ყველას გვირტყამს ვისაც გამოგვივილია და დავლიოთ თუ გინდა თქო. კლარა მაკონტროლებს გულის პრობლემა მაქვს, თორემ ვინ ოხერიო. თითო მაინც დავლიეთ. მე, გიუნტერმა და კლარამ. ის გერმანულად მელაპარაკება, მე ინგლისურად, კლარა უტყვია. ერთი რუსული სიტყვაც კი არ გვითქვამს არცერთს.

მეორე დილით წავიდნენ. დაუბანელი პირით გამოვემშვიდობე. გადიოდნენ და მესმოდა ფეხს ითრევდა, გავენთე ოთახიდან. მითხრა აი რაღა დამრჩა… 10 წელი (მაგ ასაკში და ავადმყოფი გულით ქართველი მასე იმედიანად არ იქნებოდა) ჰო და კარგი იყო იტალიაო. ჩავეხუტე. ცოტათი ფილიპ ნუარეს გავდა და ახლაც სინემა პარადისოს საუნტრეკი მესმის მასზე რომ ვწერ. მამა მენატრები.

გამოვედი, ვხედავ ბიჭი მობლაყუნებს რუკით აშკარად ვერ გაიგნო გზა. მეთქი რას ეძებთ, ძაან თავდაჯერებულმა გავუღმე. ჯულიეტას საფლავსო. სანამ პირი დავაღე რომ ამეხსნა, ქუჩის მეორე მხრიდან ორი ბებო აყვირდა. მოვიდნენ. ერთი ეუბნება იქითააო, მეორემ არა გრძელ გზაზე ნუ უშვებო. იტალიურად ლაპარაკობენ რა თქმა უნდა და ბოლოს წამო წაგიყვანოთო.

 

დღეს უკეთესი ამინდია ვიდრე გუშინ იყო და იმაზე უკეთესი კიდევ ვიდრე გუშინწინ. ოღონდ არ კვდები სიცხისგან. ჯულიეტას შევუარე. დედამიწის შეყვარებულობა დახელოვნებულა და ‘ამას+იმას’ უკვე ჭრილობაზე დასაკრობ ერთჯერად საფენებზე წერს. ზოგი ნახმარსაც გავს. ისე შეყვარებულის ადგილი სწორედ რომ ნაიარევ კანზე მიკრულ საფენზეა, მა სად უნდა იყოს სხვაგან? ჩემს თვალწინ გამოიღო პირიდან მოზარდმა გოგომ საღეჭი რეზინი, რაღაც წაიბუტბუტა, მიაკრო კედელზე და გაქუსლა.

ჯულიეტას სახლი დაკეტილია. ხალხი შეგროვდა აღარ ისუნთქება. თან ციცქნა ეზოა. ეზოს მოპირდაპირი მხრიდან ბებო გამოვიდა სადარბაზოდან ფლოსტებით, სახლურად ჩაცმული. მივიდა და ეჯაჯგურება ‘კაზა დი ჯულიეტას’ შესასვლელ კარს. თურმე ამას არ აქვს გასაღები?  ვერ აღებს. მოვიდა კარაბინიერი. ისიც ეჯაჯგურა და გამოუვიდა. იხუვლა ხალხმა და შეცვივდა კაპულეტებს ბინაში. აი აღარ შემიძლია ამდენი, სიცილისგან პრესი დამეჭიმა. რაც ჩემი კვების რაციონს თუ გადავხედავთ, არაა ურიგო. დრო მაქვს და კიბეზე ჩამოვჯექი.

ჯულიეტა კაპულეტი არის ბრენდი. მას წერენ წერილებს, უყვებიან სასიყვარულო ისტორებს, კედელზე უკრავენ ნერწყვიან ჟუაჩკებს და იმედი აქვთ რომ ჯულიეტა მათ შეყვარებულს გონზე მოიყვანს. მე მონტეგების საზაფხულო სახლიც მაქვს ნანახი, მაგრამ როგორც მითხრეს ქალაქში რომეოს სახლში ჯერ კიდევ ვიღაც ცხოვრობს (რა ჯიგარია) და მუზეუმი ვერ მოვაწყვეთო. გეგონება კაპულეტების სახლი სულ ჯულიეტას ნაქონი კაბებითა და მძივებითაა სავსე. თავი ძეფირელის კულისებში გეგონება. რაც არ უნდა იყოს, მაინც სანახავია

 

  

გადავიარე რომაული ხანის პონტე პიეტრა რომელსაც საოცარი უბნიდან, კიდევ უფრო საოცარში გადაყავხარ. რომაული თეატრი ისევ იქ დამხვდა.  რა მაგის პასუხია და რომი მგონი კაცობრიობის დედაქალაქია. ავუყევი აღმართს. მთელი ანტიკური და შუასაუკუნის ქალაქი ჩანს. მე შენ გეტყვი ვინმე ჟეშტით გადახურავს რამეს, ან ბიზნეს ცენტრს ჩაგიდგამს

იტალიის ქალაქებში შუადღეს ბუზის გაფრენის ხმა ისმის. აი არაფერზე არ ვფიქრობ. საერთოდ არაფერზე.

 

მეთქი გადავხედავ ქალაქს, თან გალავანია ქვის და წამოვწვები. ბევრი ხალხი დამხვდა. მოვკალათდი და მესმის კაცის ხმა საიდან ხართ? ისინი: (ორნი არიან) ბრაზილია. ისევ კაცის ხმა: ეგრევე მივხვდი მე პერუდან ვარ (ინგლისურად ელაპარაკება). ესპანური იცით? და ერთერთმა კიდევ კი, აი ამას დედა ყავს არგენტინელიო. ჰოდა გააბეს. ცოტა ხანში წავიდნენ. ეს ახლა სხვას გამოელაპარაკა. ახალმა ებრაელი ვარო. ცოლიო? კითხა პერულემა. გაკვირვებულმა ებრაელმა – ებრაელია რა თქმა უნდაო. ამან, არ გავსო. ის დაიძაბა. მართლა არ გავდა ზედ გამოჭრილი პაბიდან გამოსული მანჩესტერელი იყო.  ამასობაში ვიღაც ქალი გაჩერდა ახლოს და მერე იმას მიუბრუნდა, თქვენ საიდან ხართო ? და ქალმა არგენტინიდანო და გადაირია ეს, აი ორი ბრაზილიელია იქით ზიან და ერთს დედა ყავს არგენტინელი, დავუძახოო? აუ სასწაული ტიპია ეს პერუელი. სულ ველოდები რომ რამეს შესთავაზებს. ან მანქანას, ან გიდობას, ან მოსაწევს, ან ლიმონათს, რავი რამეს. და აი არაფერი. ამ ქალს გაუბა ლაპარაკი და მესმის რომ მაჩუ პიჩუს ახსენებს. მგონი ენატრება. ამეტირასავით. ჩვენ რომ სვეტიცხოველზე და ვარძიაზე ვყვებით ხოლმე და მეფე რომ გვყავდა ქალი, ზუსტად ისეა. მაჩუ პიჩუა ამის დედაც, შვილიც და სახლიც

 

 

დილით მილანში ვბუნდები. ვახერხებ სადგურში დროულად მისვლას, რაც სიამაყით მავსებს. მოხუცი ცოლ-ქმარი მოდის. კაცი ჩემს წინ იკავებს ადგილს, ქალი ჩემს გვერდით. მოკლედ ჯვარედინად ზიან. ვთავაზობ ერთად დასხდნენ, მაგრამ არა. დარიომ (კაცი) დახედა რა – ჩემს არ ვიცი რას, ცოლს ეუბნება ამერიკელიაო. მეთქი არ ვარ. საიდან ხარო, ვუთხარი. პუტინის მეზობელიო და ჰაერში მოაიტრიალა ხელი. ამ დროს ბორტგამცილებლემა გაზეთები ჩამოატარა. ლა რეპუბლიკა გინდათ თუ რაღაცაო, დარიომ რაღაცა რად მინდა, ლა რეპუბლიკა მომეციო. გადაშალა და მაჩვენებს ტერაქტს რუსეთში. ვისი მოწყობილიაო? მეთქი პუტინის. შემოკრა ხელი, ცოლს ეუბნება ნახეო? აბა მე რას ვამბობო, მეზობელია იცისო. ცოლმა უთხარა მაგას ჯობია წამალი დალიოო. ამანაც დალია. მილანი <3

ბევრი საქმე მაქვს და კიდევ 3 დღე ვიქნები აქ და გმადლობთ ვინც არ უნდა იყო სადღაც ზევით <3