იმ მომენტში, როცა, ჩემმა საუკეთესო მეგობართაგანმა იტალიაში სამოგზაუროდ იტალიაშივე შეხვედრა შემომთავაზა, სიხარულმა თავში მოტკაცუნე კოცონი დაანთო და იმედმა მისი მუდმივი „შეკეთება“ იკისრა. დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ „სკაიპში“ ნანახ მეგობართან შეხვედრა და ისიც უნახავად შეყვარებულ ქვეყანაში, სადაც აქამდე ფეხი არასდროს დაგიდგამს, ეგ კი არა, საზღვრის გადაღმა რომ არასდროს გადაგიდგამს, ზეაღფრთოვანებაში, სრულ დაუჯერებლობაში მაგდებს და მზადების ამაღლებულ – შეშფოთებული დღეებიც იწყება.
ყველა მოგზაური გამოცდის გზას აეროპორტამდე, რიგს აეროპორტში, თვითმფრინავის მოლოდინს. ღამით, მკრთალი განათების ფონზე, მინის მიღმა ვუყურებ რკინის სუპერგმირებს _ ჩემი ღვთაებრივი გაფრენისთვის მშვიდად ემზადებიან. შემდეგ იმდენი რამ ხდება, შთაბეჭდილებები ისეთი სისწრაფით ემატება ერთმანეთს, რომ, არანაირი ფილტრაცია არ მჭირდება, წესი მარტივია _ ყველაფერი აღმაფრთოვანებს.
ტოსკანას მთებში _ მთელ ირგვლივ სილამაზეში და სისუფთავეში რა უნდა იგრძნო ბედნიერების გარდა. ამინდებმა საოცრად კარგი თვალით შემოგვხედა. პატარა ციხე-ქალაქები მთებზე შემომდგარები, კოხტები და თავიანთი საყვარელი ამბების მთხრობელები. „მიამბე, მიამბე მეტი“ შეგრძნება მავსებს, ნება-ნება ვუსმენ ჩემს მხიარულ გიდს და შენობების უძველეს კედლებს.
დილა ვენეციის ტალღებში _ მზე მოძლიერდა, ამოანათა და ქალაქი მოძრაობაში მოიყვანა. ტალღების ჩუმი ხმა მესმის, უჩვეულო ტრანსპორტის მათზე ტორტმანს ვგრძნობ და ქალაქის მოკრძალებულ ხმებთან ერთად ყველაფერი გარს მერტყმის. ვხედავ და მიკვირს, როგორ შეისხა ფრთა ადამიანის ეგზოტიკურმა წარმოსახვამ, საუკუნეების წინ ფორმა მიიღო და ახლაც არსებობს, შრომობს, დგას.
ვერონაში შეგიძლია ერთ-ერთი რომანტიული ლექსის პირველი სტროფი ცოტათი გადააკეთო, მაგალითად ასე: სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს და ჯულიეტას მკერდს ხელს არ უწვდენდეს .
რომში, ჩვენს ბოლო გაჩერებაზე, ყველაფერი იწმინდება და ამქვეყნიური ხდება. ქალაქი ძველი, ცხელი და ჭრელია. საღამოობით ჩვენ ოჯახურ და მყუდრო გარემოში ვხვდებით, სადაც ზრუნავენ, გივლიან და კარგ რაღაცეებს გასმევენ. ადგილი აქვს ხელ-ფეხ-მიმიკა-ჟესტით კომუნიკაციას და ჩემთვის თითქმის შეუძლებელია სათქმელის გადმოცემა, მაგრამ, მასპინძელი მოხუცი ბაბუა აქტიურად ცდილობს რაიმე გამაგებინოს, და თითქოს ასეც ხდება _ ჯადოსნური სიტყვა არსებობს ამისთვის ყოველი წინადადების ბოლოს _ „Capito“?
ვცდილობ ჩემი ემოციები ღიმილით გამოვხატო და მეგობრის თარჯიმნობით რამდენიმე კეთილ სიტყვასაც ვამბობ გამომშვიდობებისას. საკუთარ თავზე განვიცდი როგორი შეგრძნებაა უცხო ქვეყნის უცხო ადამიანების სტუმართმოყვარეობა და ვხვდები თურმე რა განწყობის გადმოცემა სურთ საქართველოში მოგზაურ ტურისტებს, როცა ნასიამოვნები სახით ცდილობენ ახსნან თუ რა კარგი იყო ჩვენთან.
…მწვანე მდელოების შუაგულში დგახარ, მთაზე ადიხარ თუ მათზე გაშენებული კოხტა ქალაქის ვიწყო ქუჩებში მიმოდიხარ, გრძნობ რომ სხვაგან ხარ. ეს ჩვეული შეგრძნება არაა, რასაც შენს ქვეყანაში, ქალაქიდან თუნდაც ათეული კილომეტრის გავლის შემდეგ განიცდი. უცხო მხარეში ხარ, რომელსაც, მოგზაურობის ბოლოს თვალს თუ წარმოსახვით გადაავლებ, ამდენი ნანახით, ნანახის გადმოცემულით, გაცნობილი ადამიანით, გადახდენილი ამბით და ბევრი სხვა ელფერის შემძენი შტრიხის წყალობით ახლობლად იგულებ. ეს არის გამაერთიანებელი, დამამშვიდებელი, მაბედნიერებელი შეგრძნება. სიცოცხლის გაგრძელება მაღალი დოზის ხალისით და იმედით. ასეთია მოგზაურობის ადგილი ჩემში.