ჯადოსნური ვენეცია

ლაურა ფეისბუქით გავიცანი. ის ქართულს სწავლობდა, მე – იტალიურს. პირველივე შეხვედრისას დავმეგობრდით. იმდენი ვქენით, იტალიურ-ქართულის სალაპარაკოდ იტალიაშიც შევხვდით ერთმანეთს. ივლისის ცხელ დილის პერუჯის სადგურზე ვენეციის ავტობუსის ლოდინში გამყავდა წუთები.

საშინლად აჟიტირებული ვიყავი. რამდენიმე საათში ვენეციას ვნახავდი. რამდენჯერ მინახავს რეპორტაჟები, რამდენჯერ დამითვალიერებია ფოტოები, რამდენჯერ მინახავს ბიზანტიური, ბაროკოსა და გოთიკური სტილის სასახლეების ინტერიერ-ექსტერიერები, რამდენჯერ მისაუბრია ვენეციაზე მეოცნებე შეყვარებულებთან, აქ ჩასვლა და გონდოლით სეირნობა რომ უნდათ. თურმე თუ გონდოლით სეირნობისას ყველა ხიდის ქვეშ უნდა აკოცებენ ერთმანეთს, სამუდამოდ ერთად დარჩებიან.

გონდოლაში არა, მაგრამ ბალტურის ავტობუსში ვიჯექი და ჯადოსნურ ვენეციაში მივდიოდი. ავტობუსმა მესტრეში, ვენეციის ერთ-ერთ გარეუბანში მიმიყვანა. სადგურზე შევვარდი. ძალიან დაბნეული ვიყავი. წამდაუწუმ ლაურას მესიჯს ვკითხულობდი, რომელშიც მიხსნიდა, რა უნდა გამეკეთებინა ვენეციაში მოსახვედრად. მატარებლის ორივე ფანჯრიდან წყლის დანახვისას გული ლამის ამომივარდა. წყალი ყოველთვის მაშინებს. ვენეციაში მიმავალი მატარებელი კი ლამის შუა წყალში მიდის. მგონი თვალებიც კი დავხუჭე და წუთების თვლა დავიწყე. საბედნიეროდ, მესტრედან ვენეციამდე პატარა მანძილია, დაახლოებით 10 წუთი. გადავრჩი. ახლა სადგურიდან გავალ და ყველაფერი დამთავრდება.

ვენეცია, იტალია

თურმე არასოდეს მიცდია რეალურად წარმომედგინა ტელევიზორში და ფოტოებზე ათასჯერ ნანახი ვენეცია. მგონი ვერც ვერასოდეს შევძლებდი წარმოდგენას. ვენეციურ  სინამდვილეში ულამაზესზე ულამაზესი ხედი დამხვდა. ეს ის კადრია, რომელიც არასოდეს მავიწყდება. ხანდახან მგონია, ჩემს ტვინს ვიდეოკამერის ფუნქციები აქვს და კადრებს გადაღებაზე გიჟდება. მერე ამ კადრებიდან განსაკუთრებულებს არჩევს და აღარასოდეს შლის.

სადგურიდან გასულს ლაურა და მისი დაქალი, ელიზა შემხვდნენ. ჩემს გაოცებულ სახეს არ იმჩნევდნენ. ხელი ჩამკიდეს და სადგურიდან მარცხნივ წამიყვანეს. სად მივდიოდით არც მიკითხავს. პირდაღებული და თვალებანთებული მივყვებოდი. მივდიოდი და მიკვრიდა, როგორ იტევს ამდენ ხალხს, ამდენ ხიდს, ამდენ წყალს, ამდენ გონდოლას, შენობებს, მაღაზიებს, რესტორნებს ეს პატარა კუნძული. მივდიოდი და ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე წამიერად ენაცვლებოდა ერთმანეთს, უკან ჩამოტოვებული გზა აშკარად აღარ მახსოვდა. ღამით ვიღაც წყვილის სახლში დავიძინებდით, სახელები არ ახსოვდათ. წინა საღამოს წვეულებაზე გაუცნიათ. წყვილი სახლში მარტო ცხოვრობს, მეორე სართული თავისუფალია, გასაღები და ყველანაირი კომფორტი ჩვენს ხელშიაო. დღეს სახლის არც მისამართი ვიცი და არც მისასვლელი გზა. მაინც ვეღარასოდეს მივაგნებ. ეს ვენეციაა. ქალაქი, სადაც თითქმის შეუძლებელია მისამართების დამახსოვრება და მერე მათი პოვნა. აქ რუკის ყიდვაც კი არ უნდა გაბედოთ, თუ მაინცდამაინც ჩემსავით რუკებს არ აგროვებთ. ვენეციაში სახლები უბნების მიხედვითაა დანომრილი, აქაური ქუჩები არ გავს სხვა ქალაქების ქუჩებს. მგონი ცოტა ულოგიკოცაა, მაგრამ აქაურობას ზედმეტად უხდება. ვენეციელები ყოველთვის გირჩვევენ რაიმე ადგილის ახლო მონუმენტით, მაღაზიით ან რესტორნით დამახსოვრებას და თუ სადმე მისასვლელ გზას ეძებდთ, არასოდეს ენდოთ სხვებს.

ვენეცია, იტალია

სახლის მეორე სართულზე ჩვენს დროებით ოთახში გავიშოტე და ერთ წამში ჩამეძინა. საღამოს ვენეციურ უბნის წვეულებაზე მივდიოდით. გარეთ გასული უარეს შოკში აღმოვჩნდი. ორივეს ცალ-ცალკე ვეკითხებოდი სად გაქრა ამდენი ხალხი, ჩამოსვლისას ფეხებში რომ მებლანდებოდნენ-მეთქი. ყველაფერი დაკეტილი იყო. ჩაბნელებულ წვიმიან ვენეციაში ვიყავი დღისით ყველაზე ჭრელი და ყველაზე ფუსფუსა რომ მეგონა. გზაში გოგოები მიხსნიდნენ. რომ ვენეციაში ღამით ყველა ბარი ადრე იკეტება. შესაბამისად, ვახშმის შემდეგ ყველა და ყველაფერი იძინებს. ახალგაზრდები წვეულებებს სახლში აწყობენ. ამ საღამოსაც ერთ-ერთი ასეთ წვეულებაზე მივდიოდით. დაახლოებით 40 წუთიანი სიარულის შემდეგ ვენეციის მეორე ბოლოში გავედით. გაოცებისგან გაგიჟებული ვეკითხებოდი ეს გზები როგორ დაიმახსოვრეთ, აქ ხომ ყველაფერი აბსურდულად ჩახლართულია-თქო. აღარ მახსოვდა, რომ ჩემგან განსხვავებით ისინი წლებია აქ ცხოვრობენ და თვალებდახუჭული დადიან ამ მილიმეტრებიან ქუჩებში. მთელი უბანი გარეთ იყო. ყველანაირი სასმელ-საჭმელი თავიანთი ხელით მოემზადებინათ. ლაურამ ქერა კულულებიანი ჯოვანი გამაცნო. თითქმის მთელი ღამე იქ ვიყავით. სახლში დაბრუნებული დაღლილობისგან ვკვდებოდი.

დილით ისევ იმ ვენეციაში გავიღვიძე, ჩამოსვლისას ასე მომღიმარი რომ დამხდა. სახლთან ახლოს ვისაუზმეთ და ვენეციის დათვალიერება დავიწყეთ.

სან მარკოს მოედანი, ვენეცია, იტალია

მტრედებით გადაფარულ სან მარკოს მოედანზე წყალი ნელ-ნელა მატულობდა. ლაურამ გამაფრთხილა, სასწრაფოდ დაათვალიერე ყველაფერი, თორემ დასველებას ვერ გადავურჩებითო. მტრედები დავაპურეთ, სან მარკოს მოედნის პორტიჩები სათითაოდ ჩამოვიარეთ. მერე სან მარკოს ბაზილიკა ვნახეთ და მარჯვნივ სანაპიროზე ჩაწიკწიკებულ გონდოლებს დავუარეთ. ლაურას ძალიან უყვარს ეს ქალაქი. ბევრი რამე მომიყვა აქაურ ყოველდღიურობაზე. გაუჩერებლად დავდიოდით და ჯადოსნური ვენეციის ჯადოსნურ ფერებს ვისრუტავდით. დავუარეთ S ფორმის კანალ გრანდეს, ქალაქს ორ ნაწილად რომ ჰყოფს. ეს ვენეციის ყველაზე დიდი არხია. აქაური არხები ბევრ ადგილას პირდაპირ შენობების ფასადებზეა მიბჯენილი. ვენეციის არხებში 300-ზე მეტი გონდოლა დასეირნობს. გონდოლას ძირითადად ტურისტები ეტანებიან, ვენეციური სიგიჟე ბოლომდე რომ შეიგრძნონ.

სად აღარ ვიარეთ – რეალტოს ხიდი, ქვეყნად ყველაზე ვიწრო ქუჩები, უთვალავი ჩიხი, ათასობით ხიდი, ულამაზესზე ულამაზესი შენობები, გამუდმებით წყალი რომ ელაქუცება და ნელ-ნელა უჭამს კედლებს, სასწაული ფანჯრები, უთვალავი რესტორანი, ყინულში ჩალაგებული თევზითა და ბოსტნეულით გაფორმებული ვიტრინები, გოლდონის თეატრი, ლამაზი კოსტიუმებით გამოწყობილი და ნიღბებით სახედამალული ანიმატორები, პატარა და დიდი მოედნები, მაღაზიები, სტაფილოსფერი სპრიცით აჭრელებული მაგიდები, ხილის გამყიდველები, სანაყინეები, პიცერიები, მარჯვნივ, მარცხნივ, წინ თუ უკან, ყველგან წყალი.

ვენეცია, იტალია

ვენეცია ჭრელია. იმდენად ჭრელი რომ მისი სახელის ხსენებაზე ერთდროულად ათასი რაღაც მახსენდება. ლაურამ და ელიზამ რა აღარ გააკეთეს, რომ ყველაფერი მენახა, ყველაფერი გამესინჯა და არასოდეს მომეწყინა. სადაც არ უნდა გავჩერებულიყავით, ყველგან სპრიცს მასმევდნენ. სპრიცი საუკეთესო ვარიანტია აპერიტისთვის. აპერიტივი კი მადის გამაუმჯობესებელი საშუალებააო, ასე ამბობენ იტალიელები.

ვენეცია, იტალია

მეორე დილას ისევ სპრიცის წრუპვისას დღის გეგმებს ვაწყობდით. ლაურა მშობლების სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გადაწყდა, რომ მე მეგობართან დამტოვებდა. ქერა კულულებიანი ჯოვანი მალე მოვიდა და თავის სახლში წამიყვანა. ყველა ნაბიჯს, ყველა ხიდს, ყველა კიბეს, ყველა ნავს, შენობას და ფანჯარას ვიმახსოვრებდი, დილით იგივე გზით რომ შემძლებოდა ცენტრში დაბრუნება. ჯოვანის სახლი ერთი დიდი საშინელება აღმოჩნდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი. ათას ვინმესთან ერთად ცხოვრობდა მოხუცთა ძველ თავშესაფარში. თავისი საწოლი დამითმო და ლაურას დატოვებული საძილე ტომარა მომცა. თვითონ ღმერთმა იცის სად დაიძინებდა.

დილით  ჩემი ნივთები ავიღე და წინა საღამოს დაზეპირებულ გზას დავადექი. ვენეციური დარჩენილი ნატვრები უნდა ამესრულებინდა. საღამოსკენ სიაში ჩავიხედე და Libreria Acqua Alta ამოვიკითხე. ჯოვანის ვკითხე მისასვლელი გზა. რეალტოს ხიდზე დამინიშნა შეხვედრა. ხიდზე მისულს ძალიან მიკვირდა, ასე ადვილად როგორ აღმოვჩნი იქ. ჯოვანისაც იგივე ეწერა სახეზე. მერე მაღაზიისკენ წავედით. გზაში ბრაზდებოდა. ლაქლაქა ტურისტები ხელს უშლიდნენ სიარულში. თან მეუბნებოდა, რომ Libreria Acqua Alta-ში ქართულ წიგნებსაც ვიშოვითო. მე თავი გავიგიჟე. ვერაფრით წარმოვიდგინე ქართული წიგნის არსებობა ვენეციურ წიგნის მაღაზიაში. დავნიძლავდით კიდეც. ამჯერად ჯოვანიმ წააგო. მეორე ჩასვლაზე აუცილებლად ვიკითხავ. მგონი, რომ ამჯერად მე წავაგებ.

Libreria Acqua Alta-ზე პირველად ერთ-ერთ სტატიაში ამოვიკითხე, განსაკუთრებული წიგნის მაღაზიების სიაში ეწერა. მაღაზიაში რამდენიმე ოთახია. როცა ქალაქში წყლის დონე იწევს და ყველაფერი იტბორება, ამ მაღაზიის საგანძური დაზღვეულია იმიტომ, რომ წიგნები უზარმაზარ გონდოლაში, ნავებში, სააბაზანოებში და კასრებში აწყვია. შესაბამისად, თუ წყლის დონე კიდევ მოიმატებს, წიგნები წყალზე იტივტივებენ და არ დაზიანდებიან.

Libreria Acqua Alta. ვენეცია, იტალია

დილით ვენეციას ბოლოჯერ დავუარე. კრუასანები და ყავა ვიყიდე. წლის სანაპიროზე ჩამოვჯექი სასაუზმოდ. ყველანაირ ბარს მერჩივდა აქ ჯდომა და ვენეციით ტკბობა. ჩემს თავს ვეკითხებოდი რანაირადაა იტალია ასე აწყობილი, რომ ყველა ქალაქი ასე ძალიან მომწონს-მეთქი. ლაურას დავურეკე, უკვე გადაწყვეტილი მქონდა მასთან ჩასვლა. სადგურის სახელი ხელსახოცზე დავიწერე და წავედი. სადგურზე როგორ მივედი არ მკითხოთ, არც ორიენტაციის კარგი უნარი დამხმარებია და არც ინტუიცია. ვენეცია ხომ აბსურდული ქალაქია. აბსურდულად მომაჯადოებელი თავისი აბსურდული ისტორიით, აბსურდული ფერებითა და აბსურდული რიტმით.

ვენეცია, იტალია