ჯადოსნური ჩინკვე ტერე

გინახავთ ადგილი, რომლის მონახულების შემდეგაც გგონიათ, რომ ამაზე მეტად ვერაფერი გაგაოცებთ? ჩემი ყოველი მოგზაურობა მსგავსი განცდებითაა სავსე, თუმცა იტალიაში, ჩინკვე ტერეზე მოვხვედრის შემდეგ, მართლა ვეღარ წარმომიდგენია, თუ რამე შეძლებს ჩემში მსგავსი ემოციის გამოწვევას, რაც ამ პატარა, მაგრამ გასაოცარი სილამაზის მქონე ადგილმა გამოიწვია. როდესაც პირველად ჩინკვე ტერეს ფოტოები ვნახე, ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავსი ჯადოსნური ადგილის არსებობას. ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა. თუ ჩინკვე ტერეზე მოხვდებით, მიხვდებით, რომ ეს ადგილი ძალიან განსაკუთრებული და ყველაფრისგან გამორჩეულია. ერთ დროს მეთევზეების დასახლება, დღეს იუნესკოს დაცულ ძეგლთა შორისაა. სოფლებს ერთმანეთისგან საფეხმავლო ბილიკები ყოფს.

ჩინკვე ტერე იტალიაში, ლიგურიის რეგიონში არსებული სანაპირო ზოლია, რომელიც ხუთი მიწისგან შედგება.

ხუთივე მიწა ფოტოებში ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ მათი მოინახულების შემდეგ, მიხვდებით, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

თუ ჩინკვე ტერეს მონახულებას გადაწყვეტთ, ამ ხუთიდან რომელიმე მიწაზე ან ახლომდებარე ქალაქში უნდა გაჩერდეთ. მე ლა სპეციაში გავჩერდი, რომელიც პატარა საპორტო ქალაქია და იქიდან ჩინკვე ტერეზე მოსახვედრად დაახლოებით 10 წუთია საჭირო. მატარებლით გადაადგილების ფასი მიწებს შორის ერთი მიმართულებით 4 ევროა, ამიტომ მე გირჩევთ Day Pass იყიდოთ, რომელიც 16 ევრო დაგიჯდებათ, ამ ფასში შედის Wi-Fi – ით სარგებლობა, რიომაჯორესა და მანაროლას საფეხმავლო გზით სარგებლობა, დაცული ტერიტორიის მონახულება, უფასო საპირფარეშო და ა.შ

ჩემი მოგზაურობა

მე მირჩიეს, რომ ჩინკვე ტერეს მონახულება ბოლო მიწიდან დამეწყო და ამიტომ მეც იგივეს გირჩევთ, რომ პირველად  მონტეროსო ალ მარე მოინახულოთ.

ეს მიწა სილამაზით ალბათ ყველაზე ნაკლებად გაგაკვირვებთ, თუმცა მისი ქვიშიანი სანაპირო და მოწესრიგებული პლაჟი, მას სხვა მიწებისგან განასხვავებს.

  

ვერნაცა ის ადგილია, საიდანაც რეალურად დაიწყებთ ჩინკვე ტერეს განსაკუთრებული სილამაზის აღქმას. ვიწრო, ხალხმრავალი ქუჩები და ფერადი სახლები საოცარ განწყობას შეგიქმნით. თუ ციხეზე ახვალთ იქიდან მთელი მიწის ხედი გადმოიშლება.

შემდეგი მიწაა კორნილია, რომელში მოსახვედრადაც 382 საფეხურიანი, გრძელი კიბის გავლა მოგიწევთ. სილამაზით კორნილია სხვა მიწებს ვერ შეედრება, თუმცა აუცილებლად გირჩევთ ამ პატარა მიწაზე გაისეირნოთ, მთავარ მოედანზე უამრავი ბარი და რესტორანია, სადაც შეგიძლიათ ცოტა დაისვენოთ, ნაყინი მიირთვათ და განაგრძოთ გზა მანაროლასკენ.

  

მანაროლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიწაა ჩინკვე ტერეს მიწებს შორის.  ის სხვა მიწებთან შედარებით დიდია. თუ დრო გაქვთ გირჩევთ მანაროლადან საფეხმავლო გზით გადახვიდეთ რიომაჯიორეში, ამ გზას სიყვარულის გზა ჰქვია და მისი სიგრძე 1 კილომეტრია. გზის ღირებულება 5 ევროა, იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ Day Pass.

მანაროლაზე მოხვედრის შემდეგ ვერ წარმომედგინა, თუ კიდევ რამე გამოიწვევდა ჩემს გაკვირვებას, თუმცა რიომაჯიორემ დააგვირგვინა ყველა ის ემოცია, რაც ჩინკვე ტერეზე მოგზაურობისას მივიღე. მჭიდროდ დასახლებული, ერთმანეთის გვერდით ჩალაგებული ფერადი სახლები ძალიან ლამაზი სანახავია. რიომაჯორეს აქვს პლაჟიც, რომელიც მართალია მონტეროსო ალ მარესავით მოწყობილი არ არის, თუმცა აქ დროის გატარება მაინც ძალიან სასიამოვნოა.

  

თუ დრო არ გაქვთ, რომ ჩინკვე ტერეზე რამდენიმე დღე გაატაროთ, მისი მონახულება ერთ დღეშიც შესაძლებელია. მატარებელი დილიდან ღამის 12 საათამდემდე მუშაობს, შესაბამისად, თუ დილიდან დაიწყებთ მოგზაურობას, უნდა განსაზღვროთ, რომ თითოეულ ქალაქში სავარაუდოდ 2 საათი უნდა გაატაროთ.

თუ ჩინკვე ტერეზე მოგზაურობა გადაწყვიტეთ, მაშინ მისი დაგეგმვა ძალიან ადრე უნდა დაიწყოთ. იმის გამო, რომ ჩინკვე ტერე ძალიან პატარაა, ხოლო ტურისტების ნაკადი საკმაოდ დიდი, სასტუმროები და სახლები ნახევარი წლით ადრე მაინც უნდა დაჯავშნოთ.

Tags: