გაიცანით ჯაბა ჭუმბურიძე და შეიტყვეთ მისი საქმიანობის შესახებ. ასევე გაიგეთ მეტი მხატვრულ თექასა და გობელინზე. გაეცანით ამ საინტერესო მიმართულების ისტორიას და იხლეთ სხვადასხვა ნამუშევრები.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის ჯაბა ჭუმბურიძე?
მოგესალმებით, მე გახლავართ ჯაბა ჭუმბურიძე, მხატვრული თექის და გობელენის მცირე გალერეის მფლობელი. ჩვენს მცირე გალერეაში დასაქმებულია რამდენიმე ქართული რეწვის ოსტატი, რომელთა მიერ შექმნილი მხატვრული თექის (სახიანი ნაბადი) და გობელენის ნაწარმი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის განფენილი და რეალიზებული. ჩვენი ოსტატები არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლები, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის ხალხური რეწვის ისა ცოდნა, რომელიც ქართველი ერის და ზოგადად კავკასიის მაცხოვრებლებისთვის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა.
- თქვენი პირველი ნაბიჯები ამ პროფესიაში?
თექის ნაწარმის, გობელენის, ფარდაგის და ხალიჩის წარმოება ჩვენ თითქმის 25 წლის წინ დავიწყეთ, თუმცა სრულად მხატვრულ თექაზე მხოლოდ 2 წელია რაც გადავერთეთ, რადგან ტურისტისთვის გაცილებით მოსახერხებელია მსუბუქი ნივთის (თექა) შეძენა და შემდგომ მისი ტრანსპორტირება, ასევე თექის ნაწარმი არ მოითხოვს რაიმე სახის ნებართვის გამოთხოვას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსგან და ტურისტულად გაცილებით მარტივად გადის სხვადასხვა საბაჟო პროცედურებს.
- რატომ ეს სფერო?
საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა მეცხოველეობის ერთ–ერთი დარგი მეცხვარეობა, რომლის განუყოფელი ნაწილიც თექის წარმოება დაახლოებით 3500 წელს მოითვლის, რაც არქეოლოგიური კვლევებითაც დასტურდება. თექის ნაწარმი პირველყოფილი ადამიანის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. მათ შორის აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი ნივთები, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ესენია: კარვის საფარი, ქეჩა, ხალიჩა, კედლის დეკორი (სახიანი ნაბადი), ხურჯინები, სამოსი – ნაბადი, ფაჩუჩი, ქუდი და სხვა.
ქართული საზოგადოების ერთ–ერთ აუცილებელ ხელობას წარმოადგენდა თექის ხელსაქმე, რომლის ცოდნაც სავალდებულო იყო ნებისმიერი მანდილოსნისთვის და მის წარმოებას ადრეული ასაკიდანვე შეისწავლიდნენ.
- ნამუშევრის შექმნის პროცესში რა შეიძლება გახდეს თქვენი შთამაგონებელი წყარო?
შთაგონების წყარო ძირითადად საქართველოს ბუნება და კულტურული ძეგლებია. ხშირად გადაგვაქვს თბილისის თუ სხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები თექაზე, ან სხვადასხვა საცეკვაო ელემენტების შეკავშირებით ვქმნით ქართული ცეკვის ულამაზეს თექებს.
აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა უცხოელი და ქართველი მხატვრების ნახატების რეპროდუქციების შექმნა მატყლით.
- რა სტილის ნახატები იზიდავთ ტურისტებს მეტად და რომელ ნამუშევარს აქცევენ მეტ ყურადღებას?
ჩვენ ვქმნით მხატვრობის თითქმის ყველა მიმდინარეობის ნახატს – იმპრესიონისტულს, აბსტრაქციას, რეალიზმს, მოდერნს, პრიმიტივიზმს და შესაბამისად ტურისტისთვის ჩვენი ნაწარმი ყოველთვის საინტერესო დასათვალიერებელია. ხშირ შემთხვევაში ფოტო – სურათიდანაც გვთხოვენ მათი ოჯახის წევრის ან შინაური ცხოველის მხატვრულ თექაზე გადატანას.
- სად შეუძლია გაეცნოს თქვენს ნამუშევრებს დამთვალიერებელი?
ჩვენი მხატვრული თექისა და გობელენის მცირე გალერეა მდებარეობს ქ. თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბიძ. კვერნაძის ქ. #12-ში, სადაც ვიზიტორს ნამუშევრების დათვალიერების გარდა, საშუალება ეძლევა თავად მიიღოს მონაწილეობა თექის ნახატის შექმნის პროცესში და მშრალი თელვის მეთოდით სცადოს საკუთარი თექის დამზადება ოსტატის მეთვალყურეობის ქვეშ.
- გაქვთ თუ არა რაიმე შეთავაზება ტურისტებისათვის, რაც მათ ინტერესს გამოიწვევს?
ძირითად მიმზიდველობას ჩვენი გალერეის შემთხვევაში წარმოადგენს ის, რომ ტურისტი მინიმალური ღირებულების სანაცვლოდ თავად ქმნის წინასწარ შერჩეული ესკიზს, ანდა მისი შთაგონების გამოყენებით თექის მცირე ნახატს, რომელიც შემდგომ სუვენირის სახით გადაეცემა და მონაწილე ხდება იმ ისტორიის, რომელიც საქართველოში უწყვეტად მომდინარეობს ათასწლეულების განმავლობაში.
- რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცეში?
თექაზე მუშაობის პროცესი სირთულეებთან დაკავშირებული სრულებით არ არის, პირიქით მატყლთან მუშაობა ერთგვარ თერაპიას წარმოადგენს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
სირთულედ შეიძლება მოიაზრებოდეს ის საკითხი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ არის კარგი საწარმოები, რომლებიც ახდენენ მატყლის გადამუშავება-შეღებვას, შედეგად ქართული მატყლის გამოყენება მხოლოდ ძირითად ფონად ხდება და შემდგომ მასზე უკვე ავსტრალიური ცხვრის ჯიშის – მერინოსის ცხვრის მატყლით ვახდენთ ნახატის შესრულებას, რადგან მერინოსის მატყლი კარგად დამუშავებულია, ფერთა გამა გაცილებით მდიდარია და მასზე მუშაობა მარტივია, რაც ნახატის სილამაზეზეც ისახება.
- მოკლედ რომ გვითხრათ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, გეგმავთ თუ არა თქვენი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას?
ჩვენი გეგმები მდგომარეობს შემდგომში, რომ თბილისში შევქმნათ საკუთარი სახელოსნო –სასწავლებელი, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ნიჭი, შეითვისოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ეს დარგი და დაოსტატდეს.
- რა არის თქვენი განსხვავებული ნიშა?
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონებში ჯერ კიდევ შემორჩენილია თექის წარმოება, თუმცა ჩვენი განსხვავებულება გამოწვეულია სიახლეებით, რომელსაც ვთავაზობთ ვიზიტორს ჩვენს მიერ შესრულებული თექის ნახატების სახით. კერძოდ, ჩვენ ვცდილობთ მსოფლიო დონის მხატვრების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნახატების თექაზე გადატანას, რაც დამერწმუნეთ საკმაოდ ამბიციური წამოწყებაა და ხშირად სწორედ ეს უპირატესობა არის ის ნიშა, რაც განგვასხვავებს სხვა ოსტატებისგან.
- როგორ ფიქრობთ რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში?
წარმატების განუყოფელი ნაწილი მიზნისკენ თავდაუზოგავი სწრაფვა და შემართებაა.
მართალია ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას წარმატებების მიღწევაში, თუნდაც წელს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ სიმტკიცე ნებისმიერი საქმის დადებითად დაგვირგვინების აუცილებელი მოთხოვნაა.
ავტორი: ვეკო თედორაძე