ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, რომ სხვა ქვეყნებშიც ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი, უხარიათ, სწყინთ, უყვართ, სძულთ, ბრაზობენ, ჭორაობენ… ახლა კი, როცა პირველად აღმოვჩნდი საქართველოს საზღვრებს გარეთ, არ მქონია განცდა, რომ სხვაგან ვარ. ამას მხოლოდ იტალიური რეკლამები და წარწერები მეუბნებოდა. ხალხიც არ ყოფილა ქართველებისგან დიდად განსხვავებული იერის. ხომ განსაკუთრებულ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, როდესაც პირველად მიდიხარ სხვაგან, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, როცა იცი, რომ მრავალი წლის უნახავ ოჯახის წევრს შეხვდები და ხელით შეეხები. თითქოს რაღაც მიუწვდომელს უახლოვდები და თან უსაზღვროდ ბედნიერი და მადლიერი ხარ, თან გეშინია. გეშინია, ცოტა გაუცხოებამ არ დაგძალოს, გეშინია, მშვიდობით რომ ვერ ჩახვიდე, რამე არ მოხდეს. მოკლედ, რაღაც უაზრო, ზოგადი შიში გიღრღნის გულს, თავადაც რომ ვერ აგიხსნია.
აქ ,,დავკარგე” სელფის ჯოხი)))
გამგზავრების დღეს, რა თქმა უნდა, მუცლის ტკივილით და გულის ფრიალით ავდექი. ყურებში სისხლი მაწვებოდა და თავი მიგუგუნებდა. ასე ვიცი, როცა რაიმე მნიშვნელოვანი მელოდება. საბედნიეროდ, მალე მივლის. ახლაც ჩვეულებრივად ჩავერთე მზადებაში და აეროპორტში წასვლისას უკვე მხნედ ვიყავი. თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, მაშინ ცოტა ავღელდი: მეუბნებოდნენ, აფრენა ყველაზე ცუდიაო, მაგრამ მე ისე ვიყავი დაჭიმული, რომ არაფერი გამიგია. მშვიდობით და მხნედ ჩავედით კიევში. რომისკენ მიმავალ თვითმფრინავში გადავჯექით და უკვე დაღლილობაც ვიგრძენი. ბოლო ერთი საათი საოცრად გაიწელა, ხოლო როცა მარადიულ ქალაქში დაშვებისას, უკვე ღამე იყო და ქვემოდან უამრავი ნათურა შემოგვციმციმებდა, თითქოს გვეუბნებოდნენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოს დედაქალაქშიო. თვითმფრინავმა დაჯდომის შემდეგ დაახლოებით ოცი წუთი იგორა და მთლად დაბუჟებულები ჩავედით. რატი ძლივს გავაღვიძეთ და შეიძლება ითქვას, მერეც ფეხზე მდგომს ეძინა. სახეში ცხელი ჰაერი გვეცა,ზუსტად ისეთი, დიდი სიცხის დროს თბილისში რომ იცის. პასპორტები შეგვიმოწმეს და ბარგისკენ დავიძარით.
ერთი ჩემოდანი მშვიდობით მოვიდა, მეორედან კი წურწურით გამოდიოდა ქართული საფერავი. ძალიან შევწუხდით, ბოდიში მოვიხადეთ. აეროპორტის მხიარულმა იტალიელმა თანამშრომელმა ღიმილით დაგვამშვიდა. გასასვლელისკენ დავიძარით. უცებ ჩემი სახელი გავიგონე და სოსომ ჩემი და დაინახა, ბედნიერებისგან გაბრწყინებული ხელს რომ გვიქნევდა.
მერე იყო მხიარული და ენერგიული, თუმცა ფრიად მეძვირე ტაქსისტი, სიხარული, დაბნეულობა, დაღლილობა, პატარა სასტუმრო, რომელსაც ხუმრობით , ,ნულვარსკვლავიანი” ვუწოდეთ და უთენია ადგომა. რომი დილით, უკვე გატენილი ავტობუსებით, რომლებითაც ადამიანები სამსახურში მიიჩქაროდნენ, კაპუჩინო და უგემრიელესი ბრიოში სასტუმროს ახლოს მდებარე კაფეში და არდადეგებიც დაიწყო. პირველად ვატიკანში წავედით…
ვატიკანი და კოლიზეუმი
დილით ადრე ადგომა სასტიკად არ მიყვარს. მაგრამ, როცა რომში ხარ, 6 საათზეც ცქვიტად ადგები. ჩემი დის ხმა რომ ჩამესმა, ,,ნულვარსკვლავიან“ სასტუმროს უკვე რიჟრაჟი ავსებდა. მეც ნელ-ნელა გამოვფხიზლდი. ჩვენი ბარგი-ბარხანა ,,ავხიკეთ“ და გავეშურეთ ულამაზესი ქალაქის ქუჩებში. ჯერ მშვიდობით გადარჩენილი ჩემოდანი მივაბინავეთ შემნახველ პუნქტში, მერე კი ვატიკანისკენ დავიძარით.
მივდიოდი და ვფიქრობდი, ჩემს თავს ძალიან უცნაური რამ მოხდა, იმიტომ, რომ სანუკვარი ოცნება ამისრულდა, რომ მე დავდივარ ამ უძველესი ქალაქის ქუჩებში და ვერც კი ვხვდები, რა ბედნიერი ვარ ახლა. რომ ამ ხალხს, ავტობუსები რომ გაუვსია და სამსახურებში მიიჩქარის, წარმოდგენაც კი არა აქვს, რამხელა ბედნიერება მეწვია. ამ წუთას, ეს, ალბათ, არც ჩემს თვალებში ჩანს, რადგან უძილობა ჩემს სახეს დიდ დაღს ამჩნევს ხოლმე.
ფიქრები… ფიქრები…
,,გამარჯობა, ვატიკანო. პატარა, საოცარო სახელმწიფოვ, დიდ ქალაქსა შინა. ნეტავ, მერამდენე ვარ იმათგან, ვისაც შენს მიწაზე დაუდგამს ფეხი. ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის. მე კი ის ვიცი, რომ ვერ ვიჯერებ შენთან ახლოს ყოფნას. გამარჯობა, მარადიულო ქალაქო, რა ვიცი, იქნებ, შენც მელოდი და გიხარია, ჩემს დასთან ერთად რომ მხედავ. იქნებ აქ, შენს შუაგულში, საიდანღაც მამაჩემიც გვხედავს თავის შვილებს, ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ მეორედ რომ შევხვდით…“
ასეთ რამეებს ვფიქრობ და თან მივდივარ. თვალს საოცარად ლამაზი, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები მჭრის: თითქოს თავისკენ მიხმობენ, მოდი, მოდი, იმდენი რამის მნახველები ვართ, გასაოცარი ამბები უნდა მოგიყვეთო. პიაცა ნავონაზე სელფის ჯოხი დავკარგეთ და რატომღაც, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მე დამბრალდა. არაღიარებული დანაშაულის გამოსწორების მიზნით შავტუხა გამყიდველისგან ახალი ვიყიდე. საცდელად სოსოს მობილურით ვცადეთ გადაღება, მაგრამ შენც არ მომიკვდე, რეაქცია არ ჰქონდა. გაფუჭებული გვეგონა და ისევ გამყიდველს მივადექით, შავ-შავმა ბანგლადეშელმა კი სოსოს ტელეფონი დაიწუნა, მოძველებული მოდელია, ,,სამსუნგი“ ან ,,ჰუავეია“ საჭიროო (არადა, საკმაოდ კარგი მოდელია).
რატი ძალიან კარგად იქცეოდა, გასაოცრად კარგადაც კი. ვერ ვიტყვი, რომ რომის სიდიადე შეიგრძნო, მაგრამ თითქმის არ დაუწუწუნია.
ტრევის შადრევანში ჩასაგდებად ხურდა მოვამზადეთ, მაგრამ, ალბათ, მანამდე ცუდად ვიქცეოდით და შიგნით წყალი არ დაგხვდა.))) სამაგიეროდ, ვნახეთ, რომ კაცი იყო ჩასული და რეზინის მილით რეცხავდა. თეთრ ფსკერზე უამრავი ხურდა ფული ეყარა. მოკლედ, ტრევის შადრევანი ,,ფორმაში“ ვერ ვნახეთ. არა უშავს, კარგად რომ მოვიქცევით და მერე რომ ჩავალთ, წყალსაც ჩაგვისხამენ.
მერე სანტ ანჯელოს ციხეს ჩავუქროლეთ და კოლიზეუმისკენ ავიღეთ გეზი. გლადიატორების საბრძოლო არენას უკვე ,,გემრიელად“ დაღლილები მივუახლოვდით, მაგრამ მისმა სიდიადემ წამში გამოგვაფხიზლა: ამაყად დგას, კედლების ძირას და შიგნით, უბეებში, უამრავი ადამიანი უფუთფუთებს, რომელთაც ახლაც ისევე მშვიდად უმზერს, როგორც გლადიატორთა ორთაბრძოლებს და იმპერატორის ქვევით დაწეულ ცერა თითს, დამარცხებულის სიცოცხლის დასრულებას რომ მოასწავებდა.
,,გამარჯობა, კოლიზეუმო. ბედნიერი ვარ და ზუსტად ვერც ვამბობ, რას ვგრძნობ, შენ რომ გიყურებ. იცი, სიძველეები ბავშვობიდან მიყვარს. შენ არ იცი, რა გამალებით ვქექავდი ძველ ნივთებს, კომოდის უჯრების სიღრმეებს… როგორ მიყვარდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ იყენებდნენ ძველად ამა თუ იმ ნივთს, როგორ ეხებოდა ვიღაცის ხელები, როგორ ეცვა ახალგაზრდა ბებიაჩემს ესა თუ ის კაბა, მე რომ კარადაში წავაწყდებოდი. რა ვიცი, ეგებ, პაპასაც სწორედ ამ კაბით ეპრანჭებოდა. სიძველეები იმიტომ მიყვარს, რომ ნამდვილია, რომ ჩემს დაბადებამდეც ცოცხლობდნენ, რომ ყველა მათგანი რაღაც ამბავს ინახავს თავის სიჩუმეში, რომელიც არასოდეს დაირღვევა…
და ახლა შენ გხედავ. სიძველის ,,ეტალონს“, ბრწყინვალეს, რაღაცნაირი ზვიადი დიდებით შემოსილს, თითქოს თავზე მეფრქვევა შენი დიდებულება, შენს კედლებთან დაბნეული ავტუზულვარ, ტელევიზორსა ან ,,გუგლში“ კი არ გიყურებ, შენს კარიბჭესთან ვარ… ალბათ, შენც დამიმახსოვრებ, შენებური მახსოვრობის ერთი პატარა ნაწილი გახდება გოგო, პატარა ქვეყნიდან რომ გესტუმრა და ძალიან ბედნიერია.“
კოლიზეუმის პირდაპირ მეტროსადგური ,,კოლიზეუმია“. უკვე დროა, რკინიგზის სადგურში წავიდეთ, მალე მატარებელი გადის და ჩემი დის სახლში უნდა წავიდეთ, დედა და პატარა დისშვილები გველოდებიან.
რომიდან კაზარსაში (ჩემი დის ქალაქში) მიმავალი მატარებელიდან ის დამამახსოვრდა, რომ კონდიცირება უმაღლეს დონეზე იყო, ჩემი სხეულის ტემპერატურამ კი უდაბლესს მიაღწია. თითქმის შვიდი საათი სიცივისგან კბილებდაკრეჭილმა ვიმგზავრე, მერე რეგიონალურ, თბილ მატარებელში გადავჯექით და ჩასვლის დროც მოვიდა. სადგურზე ჩემი დის მეუღლე და 4 წლის გოგო გვხვდებიან. მარი უზომოდ გახარებულია, გამორბის, ჯერ დედას ეხუტება, რომელიც ჩემზე უთითებს, თენონა ჩამოვიდაო, მეც ჩემსკენ ვეპატიჟები და მაშინვე კნაჭა მკლავებს მხვევს, გულში მეკვრება: ,,ჩაო, თენონა!“
კაზარსა
მეორე დილას, უთენია, წყლის დასალევად მივბორიალებდი, რომ დერეფანში ძილისაგან გაბრუებული მამი (როგორც თვითონ უწოდებს საკუთარ თავს) შემომხვდა. მაშინვე მომესალმა: ჩაო, თენონა! გამეცინა. წამო ჩემთან-მეთქი. კუსკუსით წამომყვა, მე და რატის შუაში ჩაგვიწვა და ძილი გააგრძელა. რატი ცოტა ამრეზილი კი უყურებდა, მაგრამ მისი აღშფოთება ძილმა დასძლია. მერე, უფროსების ხმამ გამომაღვიძა, მარის ვერ პოულობდნენ და შეშინებულები ეძებდნენ.
იმდენის დაწერა შეიძლება, არც კი ვიცი, რა დავწერო. დასასრულისთვის, ვიტყვი, რომ ძალიან ბედნიერი დღეები გავატარე ქვეყანაში, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა ჯერ იდეურად, ახლა კი ხორციც შეისხა. როცა საშუალება მექნება, ყოველთვის წავალ…