ამ ქალაქში ვიკარგები როგორც ისტორია. დიდხანს მეძებს შფოთიანი წარბებ-დასურმული ქალაქი ნაჭრებსა და ვაჭრებს შორის. თევზით მუცელგამობერილი თოლიასავით, მეც ვეხეთქები ბოსფორის ტალღებს და ყოველ ღამე ჩაის შემდეგ, მინარეთებზე მტრედებს შორის ღამის გასათევ ადგილს ვეძებ…
ეს ის ქალაქია, რომელშიც ყოველთვის ვბრუნდები და არასოდეს არ მერევა გზა. იმდენად ჩემია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა თქვან, მაინც არსებობდა წინა ცხოვრება და ალბათ მე ის, ამ ხიდებზე და ქუჩების უსწორმასწორო მხრებზე თევზიანი ურიკით სირბილში გავატარე.
ბეიოღლუში,უამრავი ანტიკვარული მაღაზიაა. სურნელიც ისეთი დგას, ფიქრის, მტვერის და წარსულის უარყოფის. დილაობით მოდიან მეძველმანეები და მიტოვებული სარდაფებიდან გამოტანილ ნივთებში, ოსმალურ კვალს ეძებენ. თუ არანაირი ისტორიის კვალი არ არის, მაშინ ვის რაში უნდა ეს ნივთები? კვალის გარეშე, ადამიანიც არავის ჭირდება, საკუთარ თავსაც კი.
მდიდარი თურქები და არც ისე, პირდაპირ მესერზე კიდებენ ჩაუცმელ ან ერთხელ ჩანაცვამ კაბებს, იმ იმედით, რომ უპოვართა გახარებისათვის, ალაჰთან ჩაეთვლებათ. გადმოიხედავს, ის ყველაზე კარგი და იტყვის: ყოჩაღ, კეთილის მქმნელო, დაე იყოს დღევანდელი დღე შენთვის, შაქარლამასავით ტკბილი!
იმ დღეს მესერზე ახალგამოკიდებული წითელი კაბა, ერთ საათში ჩამოხსნა მაწანწალა ნულიფერმა და იქვე სადარბაზოში გადაიცვა, კიდევ ერთ კაბაზე და საბოლოოდ ქვედაბოლოდ აქცია. საინტერესოა წითელ კაბაში გამოწყობილს, იმ ღამეს მაინც თუ დაესიზმრა ლამაზი სიზმრები?
თუ ვინმეს სიყვარულზე უტირია ამ ქალაქში სულთანაჰმედის ცისფერზე ცისფრად, ეს სტამბულელი ნულიფერია, თუ ვინმეს უწყევლია სიყვარული მწარეზე მწარედ, ესეც ის არის. ცალ ფეხზე ქოშ გახდილი, ბოსფორელ მეთევზეებს შორის დამდგარა. მოსაღამოვდება და თევზით სავსე ნულიფერის ტომარას, ბოსფორის ანკესების მცველ მამაკაცთა შურიანი მზერა გაჰყვება. დიდხანს ვდგავარ ხიდზე მონუსხულივით და თვალს ვერ ვწყვეტ მინარეთების ფონზე მონოლითურად დამდგარ ნულიფერს. ეს წითელკაბიანი, ქოშებიანი ქალი ჩემთვის, ნოემბრის თვის სტამბული გახდა.
სულ ორჯერ შევხვდი ქუჩაში, ფოტოც გადავუღე. როდესაც ვიკითხე მითხრეს, რომ მეთევზეა და სიყვარულისგან გაგიჟდაო. ასე დაიარება ტირილით და ყველას თავის ისტორიას უყვება, თუ როგორ გაცვალა შავტუხა ნულიფერი ოქროს ნაწნავებში ჩაქსოვილ ლაზურ ზღაპარზე მისმა სიყვარულმა.
ვფიქრობ, ერთ დღესაც ბოსფორის ხიდზე, ბოლო სიგარეტს ჩააქრობს, ბოლო თევზს აჩუქებს თავისუფლებას, თვითონ კი დარჩენილ ცრემლს დააგროვებს მდინარედ აქცევს და შავ ზღვამდე ჩაუყვება თავისი ნავით.
დრო სწრაფად გარბის. მინარეთებზე აუსვლელად, მხოლოდ ხმას უშვებს ზევით მოლა და ხალვიან ლამბაქზე ერთი თვალით ჩაძინებული, ციდან მისთვის გამოგზავნილ ნიშანს ელის.
ეს ქალაქი ზოგჯერ შემოდგომის ნისლია, ბაზრების ბუღი და ყოველთვის სევდა. ამ ქალაქში ვხედავ სხვაფერ ნივთებს და ისეთ ფიქრებს ვფიქრობ, რომელიც აქ დაკარგვის სურვილს მიჩენს. ვიცი, ერთხელაც როდესაც დავიკარგები, მესერზე გადმოკიდებული ძველმანებიდან ამორჩეული წითელი კაბით მიცნობენ და დამაბრუნებენ სახლში.
ისე დავდივარ, როგორც არარსებული. ამბობენ რომ ბევრ ადგილას მხედავენ ერთდროულად და არ იციან, რომელი ვარ სინამდვილეში. შეიძლება ჩემი სახლის გვერდით მდებარე საცხობიდან გამოვარდნილი მეფურნე ვარ სახელად იბრაჰიმი, ზამთარ-ზაფხული მეოთხე წელია რომ არევია, სველ შუბლს კისრიდან მოხსნილი ჭრელი ნაჭრით იმშრალებს და ისევ იქ შედის, სადაც ხელებს ფქვილისაგან ფერი დაუკარგავს. ან ყელზე ვიკეთებ მარჯანს, როგორც სომეხი სტამბულელი გოგო მარჯანა და ვფიქრობ, რომ ავი თვალისაგან დამიცავს ეს ქვის ნამსხვრევები მანამ, სანამ გრძელ გზაზე მუსა ალისთან საფრენად დამლოცავს ალაჰი.
ისიც ვიცი დასასრული აქვს ყველაფერს და ყველა ხიდის ბოლოს სხვა ამბავი მელოდება. როდესაც ჩემი გზა დაილევა, მეც გადავკიდებ სტამბულელი მტირალებისთვის მესერზე წითელ კაბას. იქნებ გამოადგეთ , ჩემსავით იპოვოს სტამბულმა და ფქვილიანი ხელებით დაამჩნიოს მხრებზე წარუშლელი დროის კვალი.
დროდადრო თბილისში ჩამოსულს, ჩამესმის ქარაგმების ენით ფანქრებივით აღმართული მინარეთებიდან მოლას ძახილი და ისევ და დაუსრულებლად ვფიქრობ სტაბულში დაბრუნებაზე.