იქ, სადაც მთები ღრუბლებად იწვის

 “გაიქეცი!” გეძახის რაღაც ხმა შიგნიდან. ყოველ, მომდევნო დილით ეს გამოძახილი კიდევ და კიდევ, უფრო ხმამაღალია. შენ კი, აიგნორებ მას და აგრძელებ ადამიანობას ნაცრისფერ ქალაქში, რომლის ცაზე ვარსკვლავები,სულ უფრო იშვიათია.


ცუდად ნუ გამიგებ, ლამაზია ეგ შენი ქალაქი, მაგრამ მაინც ნაცრისფერია. განსაკუთრებით მოჟამულია ზამთარში, როცა იცი რამდენგან მოვიდა თოვლი, ამ დალოცვილ ქვეყანაში, შენი ქალაქის უსახური შენობები კი, არა და არ გადაათეთრა. მერე, გაზაფხულდება და ისიც ფერადდება მზის სხივებით, მაგრამ შენ მაინც არ გასვენებს რაღაც.აი,ზაფხული, რომ დადგება და სიცხე გადააყვითლებს ქალაქს, მერე, უკვე კარგად ხვდები, იმ გაიქეცის ძახილით როგორ განგრევს რაღაც შიგნიდან და შენც ვეღარ სუნთქავ, ამ ლამაზ, მაგრამ მაინც, მობეზრებულ ერთფეროვნებაში. ხოდა, თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, დადგება მომენტი, როცა შინაგანი ხმა დამაყრუებლად გამოგძახებს გაეცალო ამ უფერულობას, ნუ ჩაილაპარაკებ ესეც გაივლისო და ნუ ჩაიქნევ ხელს.მოძებნე უფროსი, უთხარი, რომ ქალაქი გგუდავს და მოგცეს შვებულება.არ იდარდო, ის გაგიგებს, რადგან მასაც გამოუცდია. დამიჯერე, წელიწადში ერთხელ მაინც, ყველას ახრჩობს ეს ჩვენი, ლამაზი ქალაქი.

მოკლედ შვებულება უკვე გაქვს. არ მუშობ?! მაშ კარგი, მშობლებს ანდა საკუთარ თავს უთხარი, რომ დაიღალე და მიდიხარ. თუ გკითხავენ რამ დაგღალა, უპასუხე,რომ არაფერმა და დიახ,არაფრით იღლებიან ადამიანები. მაშ, თავისუფალი ხარ.ახლა ჩაალაგე ჩანთა და წავედით იქ, სადაც მთები ღრუბლებად იწვის. ოღონდ არ დაგავიწყდეს მძღოლს უთხრა, რომ ბახმაროში მიდიხარ, თორემ ჩვენ ქვეყანას იმდენი სამოთხე აქვს, ვინ იცის მას სად უნახავს მსგავსი ადგილი.

შეხედე საგზაო ნიშანს?!შეზღუდვა ოცდაათია, ოღონდ ეგ ტრანსპორტისთვის, თორემ,შენი გულის სიჩქარემ უკვე დაარღვია ყველაფერი,ვიცი.ნუ იდარდებ, ჯარიმა არ არსებობს, ყველამ იცის, რომ შეუძლებელია,ამ გზას გადიდოდე და გული სწრაფად არ გიცემდეს.

რამდენად მარტოც არ უნდა იყო,ხალხით სავსე ქალაქში, აქ, ეს სამყარო არ გაძლევს უფლებას სიცარიელეს განიცდიდე.შეხედე და იგრძენი! აქ, მთები ღრუბლებად, შენი სული კი ბედნიერებად იწვის.

ალბათ, გაინტერესებს სად მიჰყავხარ, ამ უგონოდ ლამაზ და მისტიურ
გზას… სანამ, საკუთარი თვალით გინახავს, ცოტას მე გეტყვი და მერე, შენც მიხვდები, რატომ შემოგთავაზე აქ გამოქცევა ცხოვრებისგან დაღლილს. გამონაბოლქვში გახვეული, გაჯეტებით მოსიარულე ადამიანების შემდეგ, ეს ის სამოთხეა, რომელიც სავსეა ხის სახლებითა და მომღიმარი ადამიანებით, რომლებიც ხან ფეხით ჩამოგივლიან და ხანაც,ცხენით ჩაგიქროლებენ.
ვიცი, უკვე იგრძნობდი, მაგრამ მაინც, გეტყვი, რომ აქ სხვანაირაად სუნთქავ, აქ
სულ სხვა ჰაერია და რაც მთავარია, ეს, ის ადგილია, სადაც გრძნობ, რომ ადამიანი
ხარ…რომ ცხოვრობ და ბედნიერი ხარ.

აი, თუ შემთხვევით ღამემაც შემოგისწრო, მერე ვეღარავინ დაგაჯერებს, რომ სამოთხე დედამიწაზე, არ არსებობს. რადგან, შენი თვალითვე ნახავ, როგორ ბნელდება ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ნახავ და იგრძნობ, რომ ცა, არც ისე შორია და შენ თუ არა, გრძნობებს მაინც შეუძლიათ ფრენა.