რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან, სამეგრელოს გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან და ხობის მერთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.
ილია ბეგიაშვილისა და ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, სამინისტრო და ფონდი ერთობლივად სწავლობენ იმ პრიორიტეტულ საჭიროებებს, რაც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს და პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებენ.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტი რამდენიმე პროექტს უკვე ახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში. ამ პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარია და რამდენიმე თვეში დასრულდება. ასევე, გავეცანით სოფელ ხიბულაში არსებულ ვითარებას და იმ საჭიროებებს, რაც არსებობს წყალმომარაგების, გარე განათების, საბავშვო ბაღის მიმართულებით. გადაწყვეტილია, რომ ფონდ „ქართუსთან“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოკლე პერიოდში, გავაკეთებთ შესაბამის პროექტებს, რომელიც ამ პრობლემებს მოაგვარებს,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.
ილია ბეგიაშვილი და ნიკოლოზ ჩხეტიანი სოფელ ხიბულაში იმ სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ფონდი „ქართუ“ იქ ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობას გეგმავს. ფონდის დაფინანსებით სოფელ ხიბულაში აშენდება საბავშვო ბაღიც, ეკლესია და მოეწყობა სკვერი.
წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო