“იმუშავე საქართველოდან”

„იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია, რომელიც საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში უმასპინძლებს. საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო.

პროექტი 27 აგვისტოდან დაიწყო და მას მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: აშშ, დიდ ბრიტანეთი, კანადა, თურქეთი და ა.შ. პროექტის შექმნიდან რამდენიმე დღეში ვებ-გვერდზე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა, 164 აპლიკანტი საქართველოში მოგზაურობას თანმხლებ პირთან, ოჯახის წევრებთან ერთად აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადების დადასტურების შემთხვევაში 320-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას და დისტანციურად მუშაობას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან მაღალშემოსავლიანი ტურისტები, რომლებიც ქვეყანაში გაცილებით მეტი დროით დარჩებიან გასულ წლებთან შედარებით, ასევე მონაწილეებს საშუალება ექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, სამზარეულოსა და წეს-ჩვეულებებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აღნიშნული წამოწყება, პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურისტული სექტორისთვის დამატებით მასტიმულირებელ მექანიზმს წარმოადგენს. პროექტი დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, რადგან პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის სამომავლოდ იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო.

პროგრამით სარგებლობის მსურველთათვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული სავალდებულო ეტაპებიც არსებობს. შემოსულმა უცხოელმა სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი საკუთარი სახსრებით უნდა გაიაროს, ისევე, როგორც თავად უნდა დაიფინანსოს PCR-ტესტირება და ფლობდეს მინიმუმ 6 თვის ვადის მქონე ჯანმრთელობის დაზღვევას. ამასთანავე, მან განაცხადი ელექტრონულ პროგრამა stopcov.ge-ზე უნდა შეავსოს და დაურთოს დეტალური ინფორმაცია, როგორც საკუთარი თავის, აგრეთვე დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ვალიდური დოკუმენტაციის თანხლებით. ბოლო 1 წლის საბანკო ამონაწერით კი უნდა დაადასტუროს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2000 დოლარს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ფიქრობს, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე მოხვედრას.

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: