იმერეთი-რაფი – უფლისაგან ბოძებული საოცრება

  • Home
  • ბლოგები
  • იმერეთი-რაფი – უფლისაგან ბოძებული საოცრება

იმერეთი- უფლისაგან ბოძებული საოცრება,

იმერეთი – გულით მზიან ხალხის მზერა,

იმერეთი – სიყვარულით შეგებება,

იმერეთი – მდინარეთა შეყვირება.

იმერეთი – ,,მობრძანდი’’ და ,,გენაცვალე’’-

გულით თქმული სიყვარულის საოცრება,

იმერეთი- ,,ცა-ფირუზის’’ ველ-მინდვრებთან შეხიზნება,

იმერეთი -ჩანჩქერთა და მდინარეთა ტკბილი ენა.

 

ეს ჩემი თვალით დანახული იმერეთია, რომლის ერთ პატარა კუნჭულში აღმოვაჩინე ენით აღუწერელი სამოთხე და მინდა ამის შესახებ მოგითხროთ. ამ მშვენიერ მიდამოებს მე ისე ვერ აღვწერ, როგორც ეს ამ კუთხის სასახელო ფერთა ოსტატმა, დავით კაკაბაძემ შეძლო თავის უკვდავ იმერეთის პეიზაჟებში, მაგრამ შევეცდები, გადმოგცეთ, ის განცდები, რომელიც ამ მშვენიერი ადგილის ხილვისას დამეუფლა. ეს მშვენიერება თითქოს საგანგებოდ დაუმალავს დედაბუნებას გულის გულში და არ უნდა, ავ თვალთა სამზერლად გაიმეტოს. სწორედ რომ ამ გადამალულ ადგილს მასტუმრეს თვალის საამებლად თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოში სტუმრად ყოფნისას. ამ ადგილს რაფს ეძახიან, გზად გავიარეთ ჭრელაჭრულა ხალიჩასავით მოქარგული იმერეთის სოფელი და გავჩერდით თითქოს არც თუ სხვათაგან გამორჩეულ სოფლის განაპირას. გულში გავივლე, ნეტავ რა არის აქ ისეთი, რომ ამ გზის გავლად ღირდა-მეთქი. საავტომობილო გზიდან სულ ასიოდე მეტრი გავიარე და კიდევ ათიოდე საფეხურით ჩავივაკე და ჯილდოდ ბუნებამ კარი გახსნა, კლდეთა შორის შესავალ ზღვარს გადავაბიჯე. თვალწინ გადაიშალა ადგილი, რომლის ნახვამაც გამაოცა. გაოცება არაა ის განცდა, რომელიც ამ სიტყვას შეესაბამება და როგორი გრძნობაც მაშინ დამეუფლა. ვიდექი კლდისაგან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე და ვუყურებდი ჩანჩქერთა ცეკვას. ყველა მხრიდან ჩემკენ მოედინებოდა პატარ-პატარა ჩანჩქერები და წყლის ჭავლები ერთ დიდ, უძირო ღრმა ჯამში ჩაედინებოდა. ამ სილამაზეს  2-3 მეტრი მაშორებდა. იქვე, კლდის ერთ პატარა ფერდობზე, ძველი წისქვილი იდგა, რომელიც ამ საოცარ სანახავ გარემოს კიდევ უფრო ზღაპრულ იერს სძენდა. სრიალა კლდის ქვებს შორის ისე ამოზიდულა ერთმანეთს მიჯრილი ხეები, გეგონება, თითქოს ჩანჩქერს თავს აწონებენო. ასე გაიარა გაოგნების რამდენიმე უხმო წუთმა და როგორც იქნა, დავაყარე კითხვების მასპინძელს. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილის ხშირი სტუმარი იყო ზაფხულის ცხელ, თაკარა სულის შემხუთავ დღეებში. ეს ხომ ბუნებრივად შექმნილი სამოთხე იყო. ისიც გავიგე, რომ ჩემს წინ არსებულ უძირო ღრმა ჯამის სიღრმე 6-7 მეტრს აღწევდა და სოფლის გულადი ბიჭებისათვის მის ძირზე დაღწევაც არ ყოფილა შეუძლებელი. კარგა ხნის შემდეგ, როდესაც ძლივს შევძელი თვალის მოწყვეტა ჩანჩქერთა ცეკვისთვის, ჩემი ყურადღება მიიპყრო კლდის  ,,სცენაზე’’ ჩაღრმავებულმა ადგილმა, რომელსაც დინოზავრის ნატერფალს ეძახიან. არ ვიცი, რამდენად იყო ეს დინოზაზვრის ნატერფალი, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი, რომ ძალიან მიჭირდა ამ ბუნებისაგან სიმშვენიერით შემკული ადგილის დატოვება. არ მეთმობოდა ჩანჩქერთა საამური ხმა. მოგვიანებით გამახსენდა – როგორ გინდა გაცდე ამ ადგილებს და თან არ წაიღო სამახსოვროდ ამ სილამაზის ამსახველი ფოტოები,რომელიც, ალბათ, დიდხანს მასაზრდოებს. ყოველი ფოტოს დანახვა გამახსენებს იმ პირველ განცდას, რომელმაც დამატყვევა ჩანჩქერთა ცეკვის პირველად ხილვისას. დაუვიწყარია ჩანჩქერთან შეხმიანებული წისქვილის მღერა და დინოზავრის ნატერფალიანი ბუნებისაგან შექმნილი პატარა ,, სცენა’’.

ასეთია ჩემთვის დედაიმერეთი – უფლისაგან ბოძებული საოცრება.