იმედები და ოცნებები

ადვილი არ არის იყო დედა, მით უმეტეს მარტოხელა დედა და ასწავლო შვილს ცხოვრება,(მეც ბევრ რამეს ვსწავლობ) აჩვენო საოცარი სამყარო, გაუზიარო შენი გამოცდილება და შეაყვარო მოგზაურობა. მე, რა თქმა უნდა , იმაზეც ვოცნებობ, რომ ყველა ის ადგილი ვაჩვენო, სადაც მისი წაყვანა ვერ მოვახერხე-სვანეთი და ყაზბეგი, პრაღა და ვენა, ბრატისლავა, ვარშავა და ბუდაპეშტი, ბაქო და სტამბული…ა.შ. თუმცა მას, შეიძლება, მათი ნახვა სულაც არ უნდოდეს. სანამ საკუთარი ქალაქები, თავგადასავლები და გატაცებები ექნება, მანამდე მე მინდა ჩემთან ერთად გაიაროს ცხოვრების გზა და ამ სამყაროთი გაოცების და აღფრთოვანების ნიჭი გავუღვივო. მინდა ჩემზე მეტი სიხარული და აღფრთოვანება განიცადოს, მინდა ჰქონდეს დღიური, შეაგროვოს ყველაფერი… ემოცია, სუვენირი, რუკა, ბილეთი, წერილი…ნებისმიერი რამ, რაც იმ დროს გაახსენებს, მის დროს! დრომ უნდა გაახსენოს დრო. მინდა შეაჩეროს წამი, გადაიღოს ფოტო, ფოტო და მოგონება ხომ საუკეთესეო სუვენირებია.

მე დამინახავს მის სახეზე აღფრთოვანება..ნეტავ შემეძლოს ყველა ოცნება და სურვილი ავუსრულო. შევპირდი, რომ წავიყვან პარიზის დისნეილენდში და შობას ლაპლანდიაში სანტა კლაუსთან. ეს ყველაფერი ბავშვობაში განცდილ გრძნობებს მიღვივებს, ეს ორივეს ოცნებაა და ვიცი, დაჩი გამაძლიერებს და ამ ოცნებებს ავისრულებთ.

ჩვენი პირველი ერთობლივი კულტურულ-შემეცნებითი ტური აჭარაში შედგა. 2017 წლის ივნისში ურეკში მიწვეული ვიყავი 4 დღით “ეკო-ბანაკში”, უნდა წამეკითხა ლექცია თემაზე “შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალი და ეკოტურიზმი” და საშუალება მქონდა დაჩიც წამეყვანა ჩემთან ერთად. პროექტის ფარგლებში შევიდა ექსკურსიები ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ვნახეთ სფაგნუმის გუმბათი, ჭაობის ხავსი, რომელიც წყალდიდობისგან იცავს ქობულეთს; მტირალას ნაციონალური პარკი და ბათუმის ბოტანიკური ბაღი არაჩვეულებრივი პარკებითა და მცენარეთა კოლექციებით. ამაზე კარგს ვერაფერს ვისურვებდი ჩემი პატარისთვის დასაწყისისთვის, რომ იგრძნოს სიცოცხლე…

მინდა ხედავდეს: უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, უსასრულო სიმწვანეს,ზღვის ჰორიზონტს, როგორ ტორტმანებს ცაში თოლია…

მინდა უსმენდეს: ზღვის ხმას, წყაროს წყლის ჩუხჩუხს, ფოთლების შრიალს ტყეში, როგორ ყიყინებს ჭაობში ბაყაყი, ჭრიჭინების ჭრიჭინს ბალახში…

მინდა გრძნობდეს: გემოს წყაროს ცივი წყლის, დაუვიწყარ და მკვეთრ სურნელებს…

2 საათიანი ქვეითი ექსკურსიის განმავლობაში ერთხელ არ დაუწუწუნია და არც ხელში ამიყვანია. 3 წლის ბავშვმა წარმატებით ჩააბარა პირველი სამოგზაურო გამოცდა და ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სტუმრების სიმარავლემ დამარწმუნა, რომ  საზოგადოება მიხვდა დაცული ტერიტორიების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით და არ წარმოადგენს მხოლოდ დახურულ და აკრძალულ ზონებს. თუმცა ვისურვებდი ტურისტებზე მეტად ქართველებმა დააფასონ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური.

 

 

 

 

 

 

 

ამ ბლოგს მისთვის ვწერ, დრო, რომ გავა ხელთ ჰქონდეს თავისი პირველი მნიშვნელოვანი მოგზაურობის შესახებ ფაქტები. მე ამ ყველაფერს ისედაც ვუყვები და მოვუყვები…მას შეიძლება დაავიწყდეს, ბლოგს -არა და ეს სახსოვარი მუდამ მასთან იქნება ჩემგან.