hitchhiker ,,სწორ ადგილას” ( მე ისრაელshe)

ტიბერიასში რამდენიმე დღით ერთი კარგი (მუსიკოსი) ბიჭი მმასპინძლობდა. საინტერესო ქალაქში საინტერესო ადამიან(ებ)თან ერთად საინტერესო დრო გავატარე და როცა უკვე ტიბერიასის დატოვებას და ნაზარეთისკენ წასვლას ვაპირებდი, მასპინძელმა, _ ნაზარეთთან ახლოს ერთი ჩემი მეგობარი მარტო ცხოვრობს, მუსიკოსია, კარგი ბიჭია და თუ გინდა, შევეხმიანები, თუ სხვაგან არაა წასული და სახლშია, დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით მიგიღებსო. კარგი ადამიანისგან რეკომენდირებულ ადამიანთან ნაზარეთის სიახლოვეს ერთი-ორი დღით დარჩენა სანდოდ და ჭკვიანურად (მო)მეჩვენა. აბა, რატომაც არა-მეთქი, _ გავიფიქრე და მეტი არც ვიფიქრე, დავთანხმდი. როცა ვმოგზაურობ, ძირითადად, მოსახლეობასთან ვჩერდები. გააჩნია სიტუაციას, ინტუიცია რას მიკარნახებს და სხვა რიგ გარემოებებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მოპატიჟებას და ერთი ან რამდენიმე დღე-ღამით გაჩერების შემოთავაზებას ინტერესით ვთანხმდები. ერთი, რომ ასე სხვა ქალაქ-სოფლებში გასაჩერებელი ადგილის პერსპექტივაც ჩნდება ხოლმე მერე. იმ სხვაგან-იდან მერე კიდევ სხვაგან, მერე კიდევ და კიდევ… და ასე ქსელურად მიმრავლდება კონტაქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ჩემებური live couchsurfing-ია, online couchsurfing-ის ნაცვლად რომ ვიყენებ და გაცილებით მომხიბვლელი და მოსახერხებელია ჩემთვის; მეორე, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან გაჩერებით შიგნიდან უკეთ ვეცნობი კულტურას და მეტად მესაინტერესოება, ვიდრე რომელიმე ჰოსტელის უღიმღამო და (გამო)ფიტული კედლები  (მით უფრო, რომ ჰოსტელი ფულსაც ითხოვს); მესამე, რომ… ამაზე ბევრი რომ არ გავაგრძელო და თემას არ გადავუხვიო, დაწყებულს გავაგრძელებ: ეგრევე შეეხმიანა მეგობარს და ისიც ეგრევე დათანხმდა, მეწვიოს, სიამოვნებით მივიღებო. Facebook-ზე შევხმიანდით, რომ გაგვეცნო და როგორც მინიმუმ, სახეზე გვეცნო ერთმანეთი. რაკი სმარტფონი თავისი აპლიკაციებით, (GPS) რუკებით და ამბებით მე არ მქონდა და გზად მერე თავად ვერც ვერაფერს მოვიძიებდი,  googlemaps-ში ჩემი შემდეგი მასპინძლის მისამართი მოვიძიე, ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ მქონოდა, სად ცხოვრობდა. მისამართი დასახელებით ფურცელზე და ვიზუალურად გონებაში მოვინიშნე. ტიბერიელ მასპინძელს ივრითზეც მივაწერინე მისამართი, ყოველი შემთხვევისთვის, რომ დამჭირვებოდა.
წინ ახალი თავგადასავლები მელოდ(ებოდ)ა და ადრენალინმა ჟრუანტელად დამიარა.

     

ქალაქის გასასვლელამდე მიმაცილა. მეგობარსაც შევეხმიანები დროდადრო და შენც შემეხმიანე შემდეგ, რომ ჩახვალ, შემატყობინე, როგორ იმგზავრეო. ხელს არ შეგიშლი ავტოსტოპში, მაგრამ რომ ვნახო, ვინ რამდენ ხანში გაგიჩერებს, მოშორებით დავდგებიო. არ არის საჭირო-მეთქი და ერთმანეთს ასე დავემშვიდობეთ (მაგრამ მომავალ შეხვედრამდე!), თუმცა ის მაინც ისე მოიქცა, როგორც თავად ჩათვალა საჭიროდ, შორი-ახლოდან მადევნებდა თვალყურს. დიდი ხანი არ მოუწია ,,თვალთვალი“, მალევე გამიჩერა მანქანამ. იმ ადგილს გაივლიდა მძღოლი, სადაც მე მივდიოდი. მაწყობდა და გავყევი. კარგი კაცი იყო მძღოლი. კარგი მძღოლიც იყო და დანიშნულების პუნქტამდეც კარგად ვიმგზავრე. კარგ ადგილასაც გამიჩერა.
გზატკეცილი ორად, მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ჰყოფდა ქალაქს. googlemaps-დან ვიცოდი, საითკენაც უნდა წავსულიყავი და გზას გავუდექი. ვიარე, ვიარე, ვიარე და როცა უკვე იქამდე მივედი, რომ ურიგო არ იქნებოდა, მისამართი დამეზუსტებინა, (ქუჩაში ადამიანების ჭაჭანება არ იყო და) პირველივე შემხვედრ პატარა მაღაზიაში შევედი, ვინმესთვის რომ მეკითხა. გამყიდველი არც ინგლისურის, არც რუსულის აზრზე არ იყო და ივრითწარწერიანი ფურცელი გამომადგა _  გავუწოდე, წაიკითხა და რაკი არც მისამართის აზრზე არ იყო, მაღაზიაში მყოფ ორ მყიდველ ქალს დაეკითხა. მათაც არ იცოდნენ, მაგრამ თავი კი შეიწუხეს _ იფიქრეს, იფორიაქეს… დროის დაკარგვა არ მინდოდა. ვიფიქრე, რომ წინ კიდევ შემხვდებოდა ვინმე, ვისაც შევეკითხებოდი. მადლობა გადავუხადე, როგორც მინიმუმ, დახმარებას რომ შეეცადნენ. მაღაზიიდან გამოსვლა დავაპირე და გამოვტრიალდი თუ არა, გამყიდველმა ისევ შემატრიალა. უსიტყვოდ ღიმილიანი სახით შოკოლადის ბატონი გამომიწოდა, თითქოსდა იმ ,,დანაშაულის’’ ასანაზღაურებლად, ვერაფრით რომ დამეხმარა. შოკოლადის დიდ მოყვარულს დიდად მეამა ერთი ციდა შოკოლადიც კი და ,,ვაპატიე’’. კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და გზა გავაგრძელე. არ ვიცი, შუადღის მწველი მზის ბრალი იყო, ზოგადად წყნარი ქუჩის თუ რა იყო, მაგრამ არავინ სულიერი გარეთ ქუჩაში არ შემხვედრია. ბევრი ვიარე თუ ცოტა (ალბათ, უფრო ცოტა), პატარა სკვერს მივადექი. ხის ქვეშ სკამზე ბიჭები ისხდნენ. მათაც ვკითხე. გამიმართლა და მათ იცოდნენ. აქითო, _ გადასახვევისკენ მანიშნეს. ერთ-ერთი გამომყვა კიდეც თითქმის გადასახვევამდე. არც ზურგჩანთის წამოღებაში დამხმარებია, არც მაინცდამაინც სახლამდე მივუცილებივარ, გზად არც დიდად გამომლაპარაკებია და ვერ მივხვდი, საერთოდ რა აზრი ჰქონდა მის რამდენიმემეტრიან გაცილებას, მაგრამ მოგზაურობის დროს თავს გადამხდარ უცნაურ ამბებებთან და შემხვედრ უცნაურ ადამიანებთან შედარებით ეგ მაინც დიდი უცნაური ვინმე-რამე ვერ იყო.

      

შევუხვიე. დანომრილ ეზოებს გავუყევი და რამდენიმე მეტრში ერთ ჩვეულებრივ ბოძზე გა(მო)ჭიმულ ერთ არაჩვეულებრივ (პირდაპირი და თუგინდ, გადატანითი მნიშვნელობით)  A 4  ფორმატის ფურცელზე ტექსტი ,,Kristine ამ გზით’’ და ისარი მიმართულებას მიმითითებდა. მინიშნებას ვენდე, გავყევი და სწორ მისამართსაც მივადექი. ეზოს კარი ღია იყო და ჩემი ღრმა რწმენით, რომ ეს იყო ის ეზო, სადაც უნდა შევსულიყავი, შევედი. მელამაზა პატარა ეზო, ხეებით გამწვანებული და ყვავილებით გაფერადებული. სახლის შესასვლელ კართან მოაჯირზე მორიგი მინიშნება მიმტკიცებდა, რომ ნამდვილად სწორ მისამართზე ვიდექი. ,,ეს არის სწორი ადგილი’’-ო და კარზე დავაკაკუნე… და საინტერესოდ დაწყებული საინტერესოდ გაგრძელდა… to be continued მერე ვრცლად. მანამდე კი, ორიოდე სიტყვა მესამე ფურცელზეც: გუგლთრანსლეითიდან თარგმნილი ტექსტი პირველ გადმოსახვევთან (მთავარი გზატკეცილიდან მისი სახლის მიმართულებისკენ) ბოძზე გაუკრავს, დაახლოებით იქ, სადაც ჩამოვედი. ან მე ვერ შევამჩნიე, ან ჩემამდე სხვამ შეამჩნია და ჩამოხია, ან ნიავი მოერია… არ ვიცი, ვის რა ხელი ერია… ერთია, სამოგზაურო კიდევ ბევრია!