ჰაერის გემო

თქვენი არ ვიცი და ჩემში ყველაზე დიდ სიმპატიას მოგზაურები იწვევენ, უხდებიან გზას თავიანთი ლამაზი ღიმილით, მარტო გზას კი არა, სამყაროს უხდებიან და კიდევ იმ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიურად ხვდებიან. მერე შენც ერთ-ერთი მათგანი გინდა გახდე და იწყებ ამაზე ოცნებას…

თუ ერთხელ გადაწყვეტ, რომ გზას უნდა დაადგე, არ გაჩერდე, მერე რა, თუ არც ბოშა ხარ და არც კოლუმბი, ჭეშმარიტი მაწანწალაც შეგიძლია გახდე და ამერიკაც იმდენჯერ აღმოაჩინო, რამდენჯერაც მოინდომებ, ამერიკა პირობითად, თორემ მთელი სამყარო შენს ხელშია. ხოდა, სანამ მარსზე გაფრინდები, ჯერ სამყარო უნდა გაიცნო. რა მნიშვნელობა აქვს სად წახვალ, გზა ხომ ისეთი დიდია, რომ სულ შეგიძლია იარო, შეგიძლია გაჩერდე და მერე ისევ გააგრძელო, მას არც კანონები აქვს და არც ბევრ განათლებას მოითხოვს. აი ესე, მიდიხარ დაგეგმილ თუ დაუგეგმავ მოგზაურობებში და ეცნობი ქვეყნებს, ხალხებს, ადამიანებს, სამშობლოს… მე საზღვრის გადაკვეთის პროცესიც ძალიან მომწონს, ერთი ქვეყნიდან მეორეში რომ გადააბიჯებ გულის ფრიალით და იმ ქვეყნებში მოგზაურობაც, სადაც ვერც კი ამჩნევ როგორ გადადიხარ საზღვრებს. ყველა მოგზაურობას თავისი ხიბლი აქვს, უფრო სწორად სიცოცხლე და შენ ხარ ამ სიცოცხლეების ნაწილი. ჩემი მოგზაურობა ჯერ კიდევ ჟიულ ვერნიდან, მარკ ტვენიდან და ჰემინგუეიდან იწყება, იმისიც მჯერა, რომ ჰენდერსონის მსგავსად, მეც გავხდები რომელიმე ღმერთი, ალბათ უფრო მზის, მაგრამ ეს მერე, სანამ აფრიკაში წავალ სხვა ამბები მინდა მოვყვე, უკვე ნანახი და გავლილი გზების.

მოგზაურობას რომ მიადგება ხოლმე ფიქრი, ყოველთვის პირველი მოგზაურობა მახსენდება, როცა პირველად გადავკვეთე საზღვარი პაპასთან ერთად. პაპამ ქართული არ იცოდა, მე რუსული, ჩავსხედით უზარმაზარ ავტობუსში და დავადექით გზას, მთებზე თოვლი იყო შემონახული, იქნებ მყინვარიც იყო არ ვიცი, პაპას მთებზე შეფენილ ცხვრებზე ვუთითებ და ვცდილობ ქართული ვასწავლო, ის კი დაძინებას ცდილობას და მეც იგივეს მირჩევს, რა დამაძინებს, როცა სამყარო ესე ლამაზია, ცხვირს ფანჯარაზე ვადებ და მოსიარულე მთების ყურებით ვერთობი, მოგვიანებით გავიგებ, რომ სწორედ ეს გზა იყო ჰამსუნი რომ აღაფრთოვანა, ილიას „მგზავრის წერილები“ დააწერინა, ალექსანდრე ყაზბეგის გმირები კი სულაც ამ ადგილებში ცხოვრობენ.

სადღაც ავტობუსი ჩერდება და ავტომატიანი ჯარისკაცები ამოდიან, ყველას უმოწმებენ საბუთებს, პაპასთან უფრო დიდხანს ჩერდებიან, ჩემზე ეკითხებიან მგონი, ხოო, აშკარად უცნაური წყვილი ვართ, მოხუცი თეთრი ულვაშით და ათი წლის გოგო, რომლებმაც ერთმანეთის ენა არ იციან. მოგვიანებით გზა ისევ გრძელდება, ამ გზაზე არც თოვლი და არც ცხვარი აღარ ჩანს, დროგამოშვებით შევაღვიძებ ხოლმე ჩემს თანამგზავრს, მგონი მოვედითთქო, ის კი თვალს ახელს, რაღაცას ბუტბუტებს და ძილს აგრძელებს. ავტობუსი ძველებურად აღარ ჩქარობს, არ ვიცი კიდევ რამდენი სახლი დარჩა გასავლელი, მბეზრდება მოსიარულე სახლების თვლა და თვალებს ვხუჭავ. პაპას ხმა მაღვიძებს,“ სოფია ცავედითო“. გამთენიისას ჩავედით, იმ დილით პირველად ჩავისუნთქე სხვა ჰაერი, უფრო სწორად, ჰაერი, რომელსაც სხვა გემო ჰქონდა, კიდევ რამდენიმე დღეს გამყვება ეს შეგრძნება და მერე შევეჩვევით ერთმანეთს.

ხოდა მთელი ოცი წელი გავა ამ ამბების მერე და მე ისევ გავივლი ამ გზას, უფრო სწორად გზას, რომელსაც ყაზბეგში მივყავარ, ისევ ამოიმართებიან მთები ჩემს გონებაში, თოვლიც უფრო ბევრია ახლა და კიდევ უფრო ლამაზი, ყველა მხრიდან მითვალთვალებს უზარმაზარი მყინვარწვერი გვერდით ამოშვერილი მყინვარებითა და კლდეებით, „მთა გოლიათი გამოეყო სხვა მთებს, ახლოს მოვიდა და გვიყურებს, როგორც სხვა სამყაროდან გადმოსული არსება“ ამ მთაზე ამბობდა ჰამსუნი, რომელსაც ახლა ოხშივარი ამოსდის და იქვე ღრუბლებთან ფანტავს. ვუყურებ და მჯერა, რომ შემიძლია უფრო ახლოს მივიდე, ვისუნთქო კიდევ უფრო მაღალი ჰაერი და იქედან ვუთვალთვალო მოუსვენარ მდინარეს, მყინვარებიდან რომ აუღია სათავე. მაგრამ არა ოცი წლის მერე.

მომწონს, როცა უზარმაზარ ზურგჩანთამოკიდებული ტურისტების აღფრთოვანებულ თვალებს ვაწყდები, ამაყი ვარ რომ ეს სასწაულია ჩემი სამშობლო, რომ სხვებსაც ჩემსავით მოსწონთ, ერთმანეთს ვუღიმით და მზისგან გაბრწყინებულ მწვერვალს კადრში ვათავსებთ. ვფიქრობ, იმდენი ფოტო გადაუღეს, აღარ დაეძინება, თვალებს ვხუჭავ, ცივ ჰაერს ბოლომდე ვისრუტავ და მჯერა, რომ სხვაგან არსად აქვს ჰაერს ესეთი გემო.

Tags: