გზააბნეული მოგზაურები

მთელი წელი დამღლელი მუშაობის შემდეგ როგორც იქნა ჩემი შვებულებაც დაიწყო და, რა თქმა უნდა, საჩხერეში, სოფ. ჩიხაში დეიდასთან წავედი, ყველაზე კარგად აქ ვისვენებ. იქ დეიდაშვილები ისე მხვდებიან, როგორ შეიძლება აქ ყოფნა არ გიყვარდეს. ფუსფუსი დილიდანვე, ყოველი დღის კარგად დაგეგმვა და ბეეევრი სიყვარული. ჩავედი… ზურა და მაკაც იქ დამხვდა(სანათესაოს შედარებით იშვიათად ნახვადი პირები 🙂 ).

საკმაოდ ბევრნი ვიყავით იმისთვის, რომ სახლი კი არა სოფელიც კი გადაგვედგა, რაც ნამდვილად შედიოდა ჩვენს გეგმაში. ის დღე ლაპარაკსა და შემდეგი დღეების დაგეგმვაში გავატარეთ. რა თქმა უნდა, დეიდას სულაც არ უნდოდა სადმე გვეწანწალა, სამზარეულოში ტრიალი ჩვენ დაგვავალა, მაგრამ ეს ხომ არ შეგვიშლიდა ხელს, მითუმეტეს რომ საღამოს სიმინდის მოპარვაც გეგმაში გვქონდა.

 

მეორე დილიდანვე წავედით მოდინახის ციხეზე  და გორიჯვარზე. ჩვენს გუნდს, ჩვენზე არანაკლებ მაწანწალა და სოფლის გადადგმის სურვილით შეპყრობილი რამდენიმე ახალგაზრდა შემოუერთდა. ძალიან ბევრი ვიარეთ ფეხით. ულამაზესია გორიჯვარი, იქ ასულები სიამოვნებით ვტკბებოდით გრილი ჰაერით და სასიამოვნო ხედებით. ზოგი უბრალოდ ისვენებდა, ზოგი ხედავდა რა ლამაზია სამყარო. დილით 8 საათზე გასულები, საღამოს 17 საათზე ჩამოვედით საჩხერეში. აქ უკვე დავნაწილდით, რამდენიმე სოფელში წავიდა, რამდენიმე საჩხერეში დავრჩით. დაახლოებით 17:30 წუთია და იას (ჩვენი ვითომ გიდის) თქმით, ეს სოფელ ჩიხისკენ მიმავალი ბოლო მარშუტკა იყო და უნდა გავყოლოდით. თუ არადა ფეხით მოგვიწევდა სიარული, რაც ნამდვილად არ გვაკლდა. დავიძარით მარშუტკისკენ( მარშუტკას ნამდვილად ვერ დავარქმევდი რაშიც ვიჯექი) ბოლო სკამებზე გავნაწილდით, უსაშველო სიცხეა, ბუღი ასდიოდა ქალაქს, მარშუტკა  გავარვარებული ჰაერით იყო სავსე, მაგრამ უნდა დავსხდეთ და გავყვეთ სხვა გზა მაინც არ გვაქვს. გამაგრილებელი სასმელებით და რაღაცრაღაცებით სავსე ზურგჩანთებით(მძიმე იყო ორივე) მოვკალათდით. როგორც გაირკვა, ჩვენი მარშუტკა გადის 18 საათზე. რა გზა გვაქვს? უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ. რომ ავდგეთ და გარეთ დავიცადოთ ადგილებს წაგვართმევდნენ, მითუმეტეს რომ ეს ბოლო მარშუტკაა. ჰაერი არ ტრიალებს, სიცხე, უკვე მოთმინების ფიალა გვევსება, ამასობაში სარძლოდაც მოვეწონე ერთ ქალს, იუმორიც აღარ გვშველის და რავარც იქნა, ჩიხის მარშუტკა დაიძრა. ამოვისუნთქეთ…. მიდის მარშუტკა, ოღონდ ნაცნობ გზას ნამდვილად არ მიყვება. მაკა კითხულობს:

-ია, სად მიდის ეს მარშუტკა?

-ბენზინს ჩაასხამს და მობრუნდება.

გავცდით ბენზინს. აქ უკვე ყველა იას ვეკითხებით თან გაღიზიანებულები:

-ია, სად მივდივართ?

-იაფიან ბეზინს ჩაასხავს ალბათ. – აქ უკვე იას ხმასაც ეჭვი შეეპარა.

გავცდით იაფიან ბენზინსაც და უკვე ია წამოხტა: ეს მარშუტკა სად მიდის? მერჯევშიო…ყველამ ერთად სიხარულნარევი ხმით გვამცნო მარშუტკის დანიშნულების სავარაუდო ბოლო გაჩერება. ჩამოვედით მერჯევის მარშუტკიდან, სიცილ-ხარხარით გამოგვაცილეს. სხვა გზა არ გვქონდა ფეხით ვიარეთ საჩხერისკენ. მიხვდებოდით იას რაც დაემართებოდა. ყველა სათითაოდ ვეჩხუბებოდით. ია კი იმით იმართლებდა თავს, რავარი დასამახსოვრებელი დღე მოგიწყვეთო. (იმერულ  აქცენტს დიდ პატივს სცემდა)

ათასი ვარიანტები ჰქონდა ჩვენს მაგელანს საჩხერემდე მოკლე გზა რომ მოეძებნა, ან ჩვენ სოფელში მოკლე გზით გადავსულიყავით და კიდევ კარგი იას არცერთი იდეა არ გავითვალისწინეთ თორემ სახლში ნამდვილად ვერ მივიდოდით, ისე არეული დაგვატარებდა. ძალიან დაღლილები,  შევეცოდეთ ზურას და ტაქსით წამოგვიყვანა სახლში. ზოგი ჭირი ხომ მარგებელია.