ძვირფასო მკითხველო, მინდა მოგითხროთ ამ ქვეყნად ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილის შესახებ. არ ვაპირებ მაღალფარდოვანი სიტყვებით მოგაწონოთ თავი, რადგან ვფიქრობ, მარტივი და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვებით უფრო შევძლებ გადმოვცე თუ რას ვგრძნობ მის მიმართ, თუმცაღა მაინც ვეჭვობ საერთოდ შევძლებ კი სიტყვებით გადმოვცე იმ სიყვარულის სულ მცირე ნაწილი. არ ვაზვიადებ. ეს ის მომენტია, როცა სიტყვები ნამდვილად უძლურია ჩემს გულში უმყარესად ფესვგადგმული სიყვარულის გამოსახატავად.
იმერეთი-ნამვილად არვიცი ვის რა მოგონებები აკავშირებს მასთან, ვის რა ახსენდება ამ სიტყვის მოსმენისას (სიტყვა მეთქი ვამბობ, თორემ ჩემთვის სული და გულია), მაგრამ ჩემთვის მართლაც უსაყვარლესია ეს მხარე.
ზემო იმერეთი, ჭიათურა, სოფელი მანდაეთი-ჩემი დედულეთია, დედასავით ტკბილი და საყვარელი. არვიცი, არ მახსოვს როდის ან რატომ შემიყვარდა ასე ძალიან… საქართველოში 90-ანებში საკმაოდ ჭირდა ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება, შესაბამისად დედას დიდი გაჭირვებით მივყავდით მე და ჩემი და მანდაეთში, თუმცა მგზავრობით დაღლილებს წინ სამოთხე გველოდა, ეს იყო დამღლელი გზა ბედნიერებისკენ. უკვე ადგილზე ჩასულს კი დაღლა სრულიად მიქრებოდა. როგორც აღვნიშნე, იშვიათად ვახერხებდით ჩასვლას, გული მწყდება რომ ჩემი ბავშვობის უმეტესი ნაწილი იქ ვერ გავატარე, ერთის მხრივ ვფიქრობ, ასეთი შორეული რომ იყო სწორედ ამიტომ შემიყვარდა ყველაფერზე მეტად. მცირე, თუმცა დაუვიწყარ დროს ვატარებდი ჩემს დედულეთში. არასოდეს მკმაროდა იქ გატარებული დრო. ჩასვლას უდიდესი სიხარული ახლდა, ხოლო განშორებას უდიდესი სევდა…
ჭიათურა მდიდარია მიწისქვეშა ქვაბულებით. ყოველ წელს, როცა კი მანდაეთში ჩავდიოდი, ჩვეულებასავით გვქონდა ბიძაშვილ-მამიდაშვილებს სოფელ სვერში არსებული ქვაბულის ნახვა, იქიდან კარგად გვარიანად დასვრილები ვბრუნდებოდით უკან, მაგრამ ამას ვინ დაეძებდა. ტბაზე თუ მდინარეზე ჩემი ბიძაშვილების ხელით დაჭერილი თევზების და კიბორჩხალების დაგემოვნება, საღამოობით მოპარული სიმინდის მოხარშვა, თითქოს ყველას საკუთარი არ ჰქონდა.
სწორედ ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი რამ, რაც კი ჩემს მეხსიერებაში ჩაიბეჭდა და არასდროს გაქრება, მანიჭებს უდიდეს სიხარულის განცდას რომ სწორედ ასეთი ტკბილი ბავშობა გავატარე ჩემ საყვარელ მანდაეთში.
მარტო ის ემოცია რად ღირს, როდესაც შორიდან დავინახავდი მანდაეთს და გული მოუსვენრად აძგერდებოდა, მაგრამ წარსულში რატომ ვწერ, ახლაც ხომ ზუსტად ისე მიძგერს გული მისი დანახვისას და გულისცემა უკიდურეს ზღვარს სცილდება ჩემი ეზოს დანახვისას. იქ ხალისიანად გატარებული დრო რომ არა, ვფიქრობ ჩემი სიყვარული მაინც ისეთივე ძლიერი იქნებოდა.