გუდამაყარი.სულის სიმშვიდე

როდესაც პირველად დავადექი გუდამაყრის გზას,მასზე არაფერი ვიცოდი, სახელის გარდა.თუმცა ისეთი სახელწოდება ჰქონდა ნამდვილად ლამაზი და განსხვავებული ადგილი უნდა ყოფილიყო.ნებისმიერი ახალი ადგილის ნახვის მოლოდინი დიდი სიხარულით მავსებს.ვფიქრობდი იქ რა დამხვდებოდა,რას აღმოვაჩენდი,რა იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და განსხვავებული.გული ახლის მოლოდინით მევსებოდა.ისეთი მოლოდინით ყველა მოგზაურობას წინ რომ უძღვის.

ფასანაურს მივუახლოვდი და გამოჩნდა გუდამაყრის გზა.მივხვდი რომ ძალიან ლამაზ ადგილზე აღმოვჩნდებოდი.დაიწყო ქვიანი და უსწორმასწორო გზა.მივდიოდი ნელა და ყველაფრის დათვალიერებას ვასწრებდი.ულამაზესი მთები,ხეობა,ბუნება,არაგვი…მთებმა მიიქცია ჩემი ყურადღება.ყველა მთა დიადი და მშვიდია,თუმცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული.ჩემი თვალები და გონება ყველა მთის დამახსოვრებას ცდილობდა.მშვიდი მთები და ხმაურიანი არაგვი.სასიამოვნოდ ხმაურიანი,რომელიც მამშვიდებდა.ხეობის საკმაო ნაწილის გავლის შემდეგ გამოჩნდა პატარ-პატარა სახლები.ჩნდებოდა და იმალებოდა.შევნიშნე რომ განასაკუთრებული ადგილმდებარეობაა შერჩეული სახლებისთვის და სხვანაირადაა აგებული.ვხედავდი ძალიან ლამაზ,პატარა,საყვარელ თივის ზვინებს,რომლებიც გვერდი-გვერდ იყო ჩამწკრივებული მწვანე ფერდობებზე და ოქროსფრად ანათებდა.ვფიქრობდი,ასეთ დამრეც ადგილზე როგორ ახერხებენ ამდენი და ასეთი თივის ზვინების დადგმას.საოცარია…მივაღწიე იმ ადგილს სადაც უნდა დავრჩენილიყავი რამდენიმე დღე და უკეთესად გამეცნო თვითონ ხეობა და ადგილობრივები.ღამდებოდა.მგზავრობამ დამქანცა და ძილი მერეოდა.მალე ღრმად ჩამეძინა.დილით სასიამოვნო შეგრძნებით გამომეღვიძა.სიმშვიდეს ვგრძნობდი.ავდექი და გარეთ გამოვედი.ულამაზესი სანახავი იყო დილის გუდამაყარი.მზე სხვანაირად ამოდის,ნელ-ნელა ეფინება მთებს.ჰაერი ნესტიანია და გრილი,სურნელი სასიამოვნო,ბალახი ნამიანი,ჩიტები გალობენ და არაგვის ხმა,რომელიც არ ჩერდება და ერწყმის ბუნების ხმებს.მომაჯადოებელი იყო ირგვლივ ყველაფერი.მინდოდა სამუდამოდ იქ დავრჩენილიყავი.გადავწყვიტე არაგვის ნაპირზე გამესეირნა და მისი ხმით დავმტკბარიყავი.შავი არაგვი ხმაურიანია,ბრაზიანი,ზოგიერთ ადგილას თითქოს მშვიდდება,თითქოს იღლება სიბრაზისგან,დაწყნარებას ცდილობს,მაგრამ არ გამოსდის,ისევ ბობოქრობს,ბრაზობს და ხმაურით გარბის.გულუბრყვილოდ ბრაზობს,ბავშვივით.ღიმილს მგვრის.მომწონს მის ნაპირზე ჩამოჯდომა და მისი მოსმენა…

ვტკბებოდი გუდამაყრის სილამაზით და მახსენდებოდა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები და ვხვდებოდი რატომ იყო მისი სული ასეთი ფაქიზი.(გუდამაყარი-სოფელი ჩოხი).

მზე ნელ-ნელა გადავიდა მთების იქით და გაუჩინარდა.მოსაღამოვდა,აცივდა.ღუმელი დაინთო და ყველამ მის ირგვლივ მოიყარა თავი და დაიწყო ათასგვარი ამბების მოყოლა…ნამდვილის და მოგონილის…ზღაპარში მეგონა თავი…აქ სხვა სამყაროა…და ადამიანები…თავისუფლება სისხლში და ხორცში რომ აქვთ გამჯდარი.თვალებში ნაპერწკლები უელავთ.სტუმართმოყვარეები და გულღიები.მინდოდა დაუსრულებლად მესმინა მათთვის.მათი რწმენა და ხევისბერი.ნამდვილი ხევისბერი,წარსულში დავბრუნდი და გაოცებული თვალებით ვუყურებდი ხევისბერს,ვერ ვიჯერებდი რომ აქ ხევისბერი ყავთ და ხევის წესებით ცხოვრობენ.მათი ტრადიციები უცვლელია,ისეთივეა როგორიც საუკუნებიის წინ იყო.

გუდამაყარი სხვა სამყაროა.მომაჯადოებელი და საოცარი.შეუძლებელია დამავიწყდეს ის ემოციები და შეგრძნებები,რაც გუდამაყარმა ჩემ სულში დატოვა.გონება დამიმშვიდა და სული დამიწყნარა.