ღარიბი ხალხის მიწა

დედამიწაზე არსებობს სამოთხე და მას ჰქვია შრილანკა.

როგორც კი ამ სამოთხეში ფეხს შეაბიჯებ, გესმის გამაყრუებელი ლოცვა – აეროპორტის დიდი ტელევიზორიდან და ხედავ ტელევიზორის წინ ფეხმორთხმულ ადგილობრივებს, რომლებიც თვალებმოჭუტულები უსმენენ ლოცვას და ალბათ, ნათესავებს ელიან.

სანამ ქალაქებს და სანაპიროებს მოივლი, სანამ მზეზე გახმები და ინდოეთის ოკეანის წყალს უხვად ჩაყლაპავ, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გრძნობ, რომ ამ ქვეყანას რაღაც აქვს, რისი განმარტებაც ძნელია და ალბათ, რასაც ეძახიან აღმოსავლეთის იდუმალებას.

შრი-ლანკა ღარიბი ხალხის მიწაა.

ძველ დედაქალაქს კოლომბო ჰქვია და ამ სახელზე სულ 70-იანი წლების სერიალი და მისი მთავარი გმირი – დეტექტივი კოლუმბო მახსენდება, მსახიობი უცნაური გარეგნობით, რომელსაც მოგვიანებით კასავეტესის ფილმებში აღმოვაჩენ და შემიყვარდება.

კოლომბოდან კანდიმდე მანქანით ოთხი საათის გზაა. ჩვენი მძღოლი ახალგაზრდა შავკანიანი ბიჭია, რომელსაც დიდი და ფერადი თვალები აქვს და ხშირად იღიმის. კანდიში კაცები ძირითადად ტრადიციული ტანსაცმლით დადიან (მე ვხუმრობ, რომ ალბათ აქ ყველაზე მეტი ზეწარი იკერება), საჭმელი ისეთი ცხარეა, ნახევარი საათი თავბრუ მეხვევა, საიდანღაც ლოცვის ხმა ისმის და ვაკვირდები ასაკოვან კაცს, რომელსაც ჩვენთვის ანანასის წვენი და ნაყინი მოაქვს. ამ კაცის დანაოჭებულ სახეზე მისი ქვეყნის წარსული და მთელი სამყაროს უთანასწორობა იკითხება. მოულოდნელად ვაფიქსირებ, რომ მომსახურების სფეროში ყველგან კაცები მუშაობენ და გულწრფელად ვინტერესდები: „ქალები რატომ არ არიან?“

სასტუმროდან მთელ ქალაქს გადავყურებთ. ზღაპრული ხედია. ხმაური ისმის. ქვეყანაში არჩევნებია და იმ დღეს სასმლის გაყიდვა აკრძალულია.

მეორე დღეს ტუკტუკის მძღოლს სახელმწიფო წყობაზე ვეკითხები და ის მპასუხობს: „ჩვენ გვაქვს პარლამენტი, გვყავს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი“, – მერე პაუზას აკეთებს და რატომღაც მეუბნება, – „აქ ბევრი რელიგიაა. ყველას ის სწამს, რისიც მართლა სწამს“.

შევამჩნიე, რომ შრი-ლანკაში ყველა, ტუკტუკის მძღოლი იქნება, რესტორნის მომსახურე პერსონალი, თუ მაღაზიის გამყიდველი – აბსოლუტურად ყველა გეკითხება, საიდან ხარ. “From Georgia”, – ვპასუხობ ხოლმე და წამის შემდეგ ვაყოლებ, – „We are occupied by Russia.” ჩემი პასუხი ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს, ზოგჯერ ღიმილსაც, მაგრამ ამ ფრაზის გამეორებას ჯიუტად განვაგრძობ.

ჰო, შრი-ლანკაზე ძალიან ბევრი რუსი ტურისტია. სასტუმროები, ბარები, კლუბები გატენილია რუსი ტურისტებით. მირისას სანაპიროზე, ჩილიბარში მთვრალი რუსები სამარცხვინოდ იქცევიან. ისე ცეკვავენ და ხმაურობენ, თითქოს მათ გარდა იქ არავინ იყოს. ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო. არც იმას მივაქციო ყურადღება, როგორ დაჟინებით მიყურებს ერთ-ერთი და როგორ მაღიზიანებს მისი ეს ხარბი მზერა. თუმცა, როცა მიახლოვდება და მეკითხება, საიდან ვარ, ცეკვას ვწყვეტ და ვჩერდები. „Georgia”, – თვალებში ვუყურებ და მიუხედავად იმისა, რომ მგონია, ეს პასუხი საკმარისი უნდა იყოს, ის იცინის და უკვე რუსულად მეუბნება: „Значит ты говоришь по русски.“ „No”, – ვპასუხობ მე, – „I never speak the language of the coutry, which occupied us”. მერე კი ვცილდები და ცეკვას ვაგრძელებ.

თუმცა, ეს მერეა, მირისას სანაპიროზე. მანამდე კი ნუარაელია და ელაა, ულამაზესი ქალაქები, სადაც გზად სულ ჩაის პლანტაციებია და ჩაის მკრეფავი შრი-ლანკელი ქალები, რომლებიც ყოველთვის ღიმილით გიქნევენ ხელს და რომლებიც ქმნიან კიდეც ამ ქვეყნის სილამაზეს.

ელაში სასტუმროს ბიჭს ვუმეგობრდები. „სასტუმროს ბიჭს“ იმიტომ ვეძახი, რომ  ყველაფერს ის აკეთებს და ამიტომ კონკრეტულად რას აკეთებს, ვერ ვიგებ. არც ვეკითხები. ის შრი-ლანკაზე მიყვება, მე – საქართველოზე, მერე ელას ჯადოსნურ მთას მაჩვენებს და მეუბნება, რომ აუცილებლად ავიდე ადამის პიკზე. ეს ბიჭი ძალიან გამხდარია. ზოგადად, გამხდრები და წვრილძვლიანები არიან შრი-ლანკელები და სხვანაირი თვალები აქვთ. უფრო სწორად, თვალები კი არა, მზერა აქვთ სხვანაირი, თითქოს ამ გამოხედვაში კონკრეტულად მათი ცხოვრება კი არა, მთელი ქვეყნის წარსული იკითხება და მიჩნდება განცდა, რომ ჭეშმარიტი სილამაზე აღმოვაჩინე. რომ სილამაზე არის არა სწორი ფეხები ან თხელი ნაკვთები, ანდაც მბზინავი თმა, არამედ გამოცდილება, შენი ისტორია, რომლის დამალვასაც არ ცდილობ, არ იპრანჭები, უბრალოდ ის ხარ, რაც ხარ, იმის გწამს, რისიც გწამს (როგორც ეს კანდიელმა ტუკტუკის მძღოლმა თქვა), უბრალო ხარ და თავისუფალი, და სილამაზე თავისუფლებაა, რომელსაც შენი პიროვნება ასხივებს.

შრი-ლანკა ლამაზი ხალხის მიწაა.

ამბობენ, რომ ადამის პიკამდე 1000 საფეხურია, მაგრამ ეს ტყუილია. დავითვალე (ვიცი, სასაცილოა) და 700-იც არ იყო. თუმცა, როცა ადამის პიკიდან გადმოიხედავ, მაინც გგონია, რომ მთელი სამყარო ხელისგულზე გაქვს. ბუდას ორ ქანდაკებას შორის დგახარ და როგორ ამპარტავნულადაც უნდა ჟღერდეს, როცა ამ სიმაღლიდან ამ ჯადოსნურ მთებს და ბუნებას გაჰყურებ, მართლა გიჩნდება განცდა, რომ შენც ბუდა ხარ. სულ რაღაც 700 საფეხურის ავლა გჭირდება იმისთვის, რომ ღმერთი გახდე.

ელას მთაზე კი ერთი ხე დგას, განცალკევებით. ქალაქიდანაც ჩანს და გაიძულებს, მარტოობა, რომელიც სინამდვილეში მთელი ცხოვრებაა ქუჩის ძაღლივით აგკიდებია, ქვეცნობიერიდან ამოათრიო და მთელი ძალით შეიგრძნო. ჰო, სხვათა შორის, შრი-ლანკაზე ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლია.

კიდევ სპილოები, იგუანები და მაიმუნები.

მაიმუნები სანაპიროს ქალაქებში პირდაპირ ჩვენი სასტუმროს აივნებზე სხედან. წასვლამდეც და ღამითაც, ყოველთვის ვკეტავთ კარს, რადგან იქ ყველა სასტუმროს ადმინისტრატორი გაფრთხილებს, რომ შეიძლება მაიმუნი შენს ნომერში შემოძვრეს და რაღაცები მოგპაროს. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

სანაპიროს ქალაქებში ყველაფერი უფრო ძვირია. რა თქმა უნდა, აქ გაცილებით მეტი ტურისტია და გაცილებით მეტი ფული იხარჯება. მირისაზე, ოკეანის ნაპირთან ლამაზი კაფეებია, სადაც უგემრიელეს თევზის კერძებს შეჭამ და ადგილობრივებიც უფრო უშუალოები არიან. კონტაქტში ადვილად შემოდიან, გეცეკვებიან, გეხუმრებიან და როცა ეუბნები: „You are my Bro”, იცინიან და გეხუტებიან.

შრი-ლანკა უბრალო ხალხის მიწაა.

მირისაზეც და უნავატუნაშიც ბევრგან ნახავთ პატარა, ჯიხურებივით შენობებს, სადაც სხვადასხვანაირ ბლინებს აკეთებენ. ეს ბლინები იქვე, შენ თვალწინ მზადდება.

პირველად ასეთ „ჯიხურს“ ღამის ორ საათზე, არცთუ ისე ფხიზლები და მგელივით მშივრები აღმოვაჩენთ. მზარეული საოცარი კაცია. როცა ჭამას ვამთავრებთ, ბანანის და შოკოლადის დიდი ბლინი გამოაქვს და გვპატიჟებს. ნახელავს აღფრთოვანებულები ვუქებთ. მეორე საღამოს კი ისევ ვბრუნდებით. უკვე კეტავს, მაგრამ ჩვენ რომ გვხედავს, იცინის და კარს აღებს. უცნაურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯიხური ყველაზე ხალხმრავალ ადგილასაა, ვახსოვართ. ქათმის და თევზის ბლინებს ვუკვეთავთ და ველოდებით. რუსი ტურისტები მოდიან, მაგრამ უარით ისტუმრებს, ეუბნება, რომ დაიკეტა. უცებ ვაფიქსირებ, რომ ეს კაცი ერთადერთია, ვისთვისაც ჩემი წარმომავლობა და ტრადიციული ფრაზა არ მითქვამს და ვდგები. მის „ტერიტორიას“ ვუახლოვდები და მოულოდნელად ვაცნობიერებ, რომ ტირილის პირას ვარ. ვეუბნები: „My father is a soldier and I had this fear all my childhood, that one day he’d be killed by Russians. I know, I’m Xenophobic, but I can’t love Russians who always treat us like we were their lovely pets. My country is still occupied.” 

არა, მე არ ვტირი. ის კი არ იცინის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიტყვები ყოვლად უადგილოა და სრული უფლება აქვს, დამცინოს. უბრალოდ, დგას და მიყურებს და მერე ვიღაცას ეძახის. „I want a photo with you”, – მეუბნება და როცა ის ვიღაც მოდის და ტელეფონში კამერას რთავს, მზარეული იღიმის და მხარზე ხელს მაგრად მხვევს. მეც ვიღიმი და ზუსტად იმ მომენტში, როცა ფოტოს ვიღებ შრი-ლანკელ კაცთან ერთად, რომელიც დედამიწის ზურგზე საუკეთესო ბლინებს ამზადებს, ვხვდები, რომ ამ სამყაროში ყველა ადამიანს აქვს თავისი სამოთხე და ჩემი სამოთხე სწორედ აქაა, შრი-ლანკაზე, სადაც ყველაზე უკეთ ესმით თავისუფლების და უბრალოების ფასი.

 

 

ავტორი: მარი ბექაური