ღამურები, სტალაგმიტები, სერფინგი, ველური პლაჟი და რჩევები

  • Home
  • ბლოგები
  • ღამურები, სტალაგმიტები, სერფინგი, ველური პლაჟი და რჩევები

როდესაც კლდის მწვერვალზე დგახართ, გადახტით იმისათვის, რომ იფრინოთ და არა ვარდნა განიცადოთ.

 

სპელეოლოგია. არაბიდა, 2017

 

როგორც ჟუავომ თქვა: “We are going to go to the darkness“. თურმე მღვიმეებში ჩასვლასაც თავისი წესები გააჩნია. სპელეოლოგი ვიოლა. არის ამაში რაღაც, ხომ? არა რა, ყველაფერი მიხდება! ჩემნაირი ცნობისმოყვარე ადამიანებისათვის ყოფილა ქეივინგი.

 

 

 

 

 

 

მღვიმეებში გასაოცარი იყო ბუნების მიერ შექმნილი სილამაზე: სტალაგმიტები და სტალაქტიტების სვეტები, სუფთა ჰაერი, მიწისქვეშა ტბები.

 

 

 

 

 

 

შევისწავლე ბუნებრივად წარმოშობილი მღვიმე ლაპა ვერდე, რომელიც სულ რაღაც 5 წელია, რაც აღმოაჩინეს არაბიდაში.


სანტერესო ტურს, რომელსაც სჭირდებოდა კარგი ფიზიკური მომზადება, თან ახლდა შესანიშნავი საუბარი მღვიმეების წარმოშობაზე, ასაკზე, ევოლუციაზე, სტრუქტურაზე, მორფოლოგიასა და ეკოსისტემებზე. ბოლოს ღამურებსაც კი შევხვდით, დღისით ისინიც ხომ თავს სწორედ მღვიმეებს აფარებენ.

მზე, ოკეანე , ულამაზესი მღვიმეები, პროფესიონალთა გუნდი, უმაგრესი ხალხი! რა არის კიდევ საჭირო!? სითამამე საკმარისია!

სერფინგი. პენიშა, 2017

აეროპორტში, როცა ბარგს ველოდებოდი, იქ ჩასულების 70% თავის სერფბორდს ელოდებოდა. სერფინგის მოყვარულები ხომ სწორედ აქ იყრიან თავს და ემზადებიან ჩემპიონატისთვის. და, აი, დადგა დღე, როცა ტალღების მბრძანებელი ვიოლა ოკეანეს იპყრობს!

სერიალის გმირს ვგავდი. მეტსაც გეტყვით, უფრო მაგარი ვიყავი! … ან უბრალოდ ასე მეგონა. ისინი ალბათ ვერც დგებიან ფიცარზე.

პენიშაში სერფს ერთი მოსკოველი გოგონა, დარია ასწავლის. წარმატებულები პირველივე გაკვეთილზე დგებიან ბორდზე. რა შეიძლება იყოს ახალგაზრდა, ლამაზ, ენერგიულ, სერფინგის ინსტრუქტორ გოგონაზე ოკეანისფერი თვალებით უფრო საყვარელი?

 

 

 

 

 

 

 

არასდროს დამავიწყდება სიტყვები ” Волна идет!”. მაღვიძარას ზარზე უნდა დავაყენო, ეს ფრაზა ეგრევე გაფხიზლებს!

 

 

 

 

 

 

 

სულ ვფიქრობდი:“ საიდან მოდის ან სად მიდის ტალღა?“ ახლა კი მივხვდი, მას უბრალოდ  სიხარული მოაქვს!  აი ასე, მე და ჩემმა სერფბორდმა ვისრიალეთ ატლანტის ოკეანის ზვირთებზე. სასწაული გრძნობაა, აუცილებლად სცადეთ, როგორც კი მოგეცემათ შესაძლებლობა! რას აღარ ვიფიქრებდი, რომ ვისწავლი, მაგრამ სერფინგს? თუ არ ცდი, ვერასდროს გაიგებ! ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცალკე მადლობა ოკეანეს იმისათვის, რომ ამ ზღაპრული დღეების განმავლობაში ერთდროულად პაწაწინა, შთაგონებული და მარილიანი ვიყავი. თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად მომეწონა სერფინგი, ტალღები დათვალეთ.

 

ველური პლაჟი. ურსა, 2017

გათენდა და თითქოს ვიღაცამ დიდი საიდუმლო გამიმხილა. წამიყვანეს სინტრაში(ქალაქი- მუზეუმი). მთელი დასახლება იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული, შესაბამისად, სანახავი და განსაცვიფრებელი აქაც ბევრია. მაგრამ ცოტამ თუ იცის ველურ პლაჟზე ულამაზესი ლეგენდით.

მისასვლელი გზა აბსოლუტურად ვერტიკალურია. აქ მოსახვედრად დაგჭირდებათ კარგი ფიზიკური მომზადება, კომფორტული ფეხსაცმელი, სიფრთხილე, მოხერხებულობა. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო ხედამდე ურთულეს გზას მოვყავართ. მიყვარს ადგილები, სადაც შენი პრობლემები პატარა და უმნიშვნელო ჩანს, სწორედ ასეთია პრაია და ურსა (Praia da Ursa). აქ დავიკარგე ბუნებაში და აღმოვაჩინე საკუთარი თავი.

უკანა გზაზე, შესაძლოა მოასწროთ და დატკბეთ მზის ჩასვლით როკის კონცხზე (Cabo da Roca). ეს არის ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი და აქ ყოველთვის უამრავი ტურისტი იყრის თავს.

 

 რჩევები

  •      პირველი და მთავარი- ეწვიეთ ამ ჯადოსნურ ქვეყანას! მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანად ითვლება ევროპაში, ის სწრაფად ვითარდება და საუკეთესოდ დაგხვდებათ!

 

  •      იმოგზაურეთ მარტო. მსოფლიო სავსეა მეგობრებით, რომლებიც ელოდებიან შენთან შეხვედრას, მითუმეტეს თუ პორტუგალიაში მიდიხართ. ასე, უფრო დამოუკიდებელ და თავისუფალ ტურისტად ჩამოყალიბდებით.

  •      გოგონებმა უნდა დაივიწყონ ქუსლიანი ფეხსაცმელი, სულ აღმართ-დაღმართ მოუწევთ სიარული.  ჩემოდნის ჩალაგებისას კომფორთული ფეხსაცმელი გაითვალისწინეთ, რადგან კალსადაა დაგებული. ამ ქვას თავისი პლუსებიც აქვს: წვიმიან ამინდში აქ არასდროს შეგხვდებათ გუბეები, ის სწრაფად იწოვს წყალს და ჩადის მიწაში. ითვლება, რომ ევროპაში საუკეთესო გზები სწორედ პორტუგალიაშია. ვადასტურებ. მანქანით მგზავრობისას, მეგონა, მანქანა ადგილზე დგას. ბარგში ერთი-  ორი თბილი ჟაკეტიც ჩადეთ, რადგან აქ გრილი საღამოებია, თქვენ კი, დარწმუნებული ვარ, გათენებამდე ისეირნებთ.

  •      მიაქციეთ ყურადღება ქუჩის მსახიობებს. მაღალი დონის შესრულებით გამოირჩევიან.

IMG_9080

  •     ქუჩის გრაფიტიში, რომელიც ხელოვნების ნიმუშია,  დიდი აზრი დევს, რომელიც დაგაფიქრებთ.

  •      თან იქონიოთ power bank-ი, რადგან უამრავი ლამაზი ადგილი და ნიჭიერი ადამიანი შეგხვდებათ. დამერწმუნეთ, კამერა მუდამ ჩართულ რეჟიმში იქნება და ელემენტის დაცლამ, რომ არ შეგიშალოთ ხელი განუმეორებელი კადრების დაფიქსირებისას, გასვლის წინ, ბოლომდე დატენეთ ტელეფონი, აპარატი და power bank-ი.

    

 

  •      მიირთვით კრევეტები, რვაფეხა, თევზის ღვეზელი, „პირი-პირი“,  „ასორდა“, „ბაკალიაუ“, „კალდუ ვერდე“, „ფეიჯოადა“,“კუზიდუ პორტუგეზე“, პაშტელ დენატა,  შოკოლადის მუსი, პორტვეინი (რომლითაც ასე ამაყობენ პორტუგალიელები), ღვინო. რესტორნებში ყველა გეტყვით, რომ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ღვინის ქვეყანას სტუმრობთ. ამ დროს პასუხი არ დაუგვიანოთ და უთხარით, რომ საქართველოდან ხართ. გასინჯეთ vinho verde ანუ მწვანე ღვინო. ეს ღვინო თავად პორტუგალიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ამ ქვეყნის უნიკალური პროდუქტია. მართალია, ღვინოს “მწვანე ღვინო” ჰქვია, მაგრამ ბაზარზე ამ სახელწოდების წითელ ან ღია ჩალისფერ ღვინოებსაც შეხვდებით. თავად სახელწოდება კი ღვინის დაყენების მეთოდიდან მომდინარეობს – მას ძალიან მცირე ხნით ავარგებენ, ამიტომ ხშირად “ახალგაზრდა ღვინოსაც” უწოდებენ. პორტუგალიური ღვინის გასინჯვისთანავე ყველა მიხვდება, რომ ეს ხალხი ღვინოს განსაკუთრებული ყურადღებით აყენებს, ცხადია, მათ კლიმატური პირობები და ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი კულტურაც უწყობს ხელს.

 

  •      იშოპინგეთ Colombo-ს სავაჭრო ცენტრში. ერთ-ერთი ყველაზე დიდია ლისაბონში.  და ძალიან მოხერხებული. ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიაა თავმოყრილი, არის კვების ობიექტებიც.

  •      მიჩვეულები ვართ, რომ საპირფარეშოებს ნიშნებით ვარჩევთ, მაგრამ როგორ მოვიქცეთ თუ  “H”და “S” ასოებია მითითებული? ძალიან მარტივია: H(homen)- კაცები, S(seniora)- ქალები.
  •      თუ სუვენირების ყიდვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად შეევაჭრეთ ინდოელებს. როცა ფასს გაანახევრებს, იცოდეთ, რომ კიდევ 30%-ით შეუძლია ფასის დაკლება. თუ თქვენი ღიმილიც საოცრებებს ახდენს, როგორც ჩემი, ელოდეთ მათგან საჩუქრებს.

  •      თუ გამვლელი გიღიმით და გეუბნებათ: „Linda”(პორტ.-ლამაზო), გაუღიმეთ, აქ ეს მიღებულია!სასურველია ღიმილი დაუბრუნოთ. აქ ყველა იღიმის, ყველა ბედნიერია.

     

  •     გვიან სეირნობისას, ბევრჯერ შეგხვდებათ მარიხუანას გამყიდველები, რომლებიც დაჟინებით გთავაზობენ თანამშრომლობას. მალე გაიარეთ, არ მიაქციოთ ყურადღება, მითუმეტეს, რომ დაფხვნილი ცარცისა და დაფნის ყიდვა მაღაზიაშიც შეგიძლით თანაც ცენტებად.
  •      ღამის ცხოვრების მოყვარულებმა აუცილებლად Pink Street-ზე გაისეირნეთ.

 

  •   ასევე გირჩევთ დაკავდეთ იოგით პარკებში, სადაც ბევრი მასწავლებელია. შეცვალეთ რაღაც და მოგზაურობიდან სხვა ადამიანად დაბრუნდით.

 

  •      თუ რაღაც დაგემართათ,  ყურადღების მიქცევა გსურთ, სიტყვა „სოკორო!“ (მიშველეთ!) დაგეხმარებათ.
  •      ლაშქრობისას არ დაგავიწყდეთ მიიხედოთ ხოლმე და დატკბეთ ხედებით. იმდენად საოცარი და ლამაზია ეს ქვეყანა, შესაძლოა, ისე გაერთოთ, რომ რაღაც გამოტოვოთ.

  •      და ბოლოს, მეტი ისეირნეთ და გაიღიმეთ. ეს ორი სიცოცხლისათვის სასარგებლო და საჭირო გახლავთ.

მომენატრება მზიანი პორტუგალია, ექსტრიმი, შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, მზე, ყვითელი ქვიშა, გამვლელების ღიმილები, “Linda! “ უცნობებისგან ყოველ ნაბიჯზე, “Big discount for you!” – ინდოელებისგან, “Волна идет!” – დაშასგან, სიმპატიური ინსტრუქტორები, ტალღები, სიგრილე, ოკეანე, შოკოლადის მუსი… ძალიან მომენატრება!

როგორ აღვწერდი ჩემს მოგზაურობას? შთაბეჭდილებების ზღვა, შეგრძნებებისა და სიამოვნების ოკეანე, სიურპრიზებით სავსე მღვიმე, ემოციების ტალღა, საუკეთესო ადამიანები!

არავინ არ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც იყო ადრე. მეც შევიცვალე. გისურვებთ ისე იცხოვროთ, რომ მხოლოდ პასპორტში გიწევდეთ ადგილის ეკონომია. ბევრი მოგზაურობა, სიხარული, სითბო და სიყვარული თქვენ!