ღალიის სამონასტრო კომპლექსი X-XVI საუკუნითაა დათარიღებული. ის აერთიანებს: ღმრთისმშობლის სახელობის მთავარ ეკლესიას, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, წყლის რეზერვუარს, ბერ-მონაზონთა საძვალეს და მასზე აღმართული წმ. ნიკოლოზის ეკლესიას.
დღემდე მოაღწია კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტებმა და ქართული წარწერის რამდენიმე ნიმუშმა.
კომპლექსზე 2006 წლიდან პერიოდულად ფუნქციონირებდა ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია. გათხრების შედეგად კი აღმოჩენილია მნიშვნელოვანი არტეფაქტები – მინა, ლითონისა და ძვლის მასალა, მონეტები.
პროექტში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო, „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი“ და კვიპროსის რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტი.
ღალიის ქართველთა მონასტერი, ქართულ ეკლესია-მონასტრებს შორის, ყველაზე სრულად შესწავლილი ძეგლია.