გასცდე მოგზაურობას…

“შენ რა არ მისმენ? რა დროს ამერიკა და ევროპაა”, “გაკვეთილს ნუ მიცდენ, არავის აინტერესებს შენი შეკითხვები თვითმფრინავის ბილეთის ფასზე, ეგ მე რავიცი”-სამწუხარო პასუხები ძირითადად ასეთ სახეს იღებდა იმ კითხვებზე, რომლებსაც უსასრულოდ ვუსვამდი სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ჩემი ბუნების მასწავლებელს. ის მწირი ინფორმაცია, რომელსაც იშვიათად თუ დავტყუებდი ამ ქალის ძუნწ ენას, ყოველთვის ღრმად იბეჭდებოდა ჩემს გონებაში. სურვილი კი- მეტი შემეცნო საოცარ სამყაროში შეღწევის გზებზე- უფრო და უფრო აცხოველებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას. მე კი, 7-8 წლის ბავშვს, ამ საოცარი ცნობისმოყვარეობით ძალიან მინდოდა ,რაც შეიძლება მალე შემეცნო ის ჯადოსნური სამყარო, რომელსაც რუკა ჰქვია…
გადავედი მე-5 კლასში, ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი “გუგლისა” თუ სხვა საინფორმაციო წყაროების შესახებ. აწეული ნიკაპითა და გულისფეთქვით ველოდებოდი- როდის შემოვიდოდა კლასში ჩვენი ახალი გეოგრაფიის მასწავლებელი. თმაჭაღარა, მუდამ ფიქრებში გადავარდინილი, რაღაცნაირად სევდიანი და როგორც სკოლის მოსწავლეები ვიტყოდით, ტვინით გატენილი აღმოჩნდა. გამეხარდა, როცა ჩემი ცნობისმოყვარეობით პირველივე გაკვეთილზე კმაყოფილი დარჩა.
ერთი ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივ წამს კი ავტობუსში მომიწია მის გვერდით დაჯდომა.
-“მასწავლებელო რომელიმე ქვეყანაში თუ გიმოგზაურიათ”? მკაცრი პასუხის შიშით გაოფლიანებული ხელისგულების სრესვა დავიწყე.
-“აჰაჰა მე? თითქმის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, ნებიმიერი ქვეყნის თითოეული კუთხე თუ კუნჭული. ამისთვის ბევრი დრო მქონდა.”
ვინც ჩემი ხასიათი უკვე შეიცანით ,არ გაგიჭირდებათ დასკვნის გამოტანა იმაზე , თუ როგორ გაგრძელდა ეს ამბავი. ალბათ, FBI-ს ჩემი ნამდვილად შეშურდებოდა…
დღეები ვაგონებივით მიქროდნენ, მე თინეიჯერული გამოხტომების ასაკს ვუახლოვდებოდი, ერთი რამ კი ჩემში არასდროს იცვლებოდა ეს იყო დაუოკებელი სურვილი მოგზაურობისა. ჩემი გეოგრაფიის მასწავლებლისა და მისი მოგზაურობის ისტორიების მოსმენა კი ჩემს ჰობად იქცა.
-კი მაგრამ როგორ შეძელით ამდენ ქვეყანაში მოგზაურობა? შევეკითხე ერთხელ სკოლის დერეფანში მიმავალს.
რაღაც ჩაიბურტყუნა თავისთვის და გაურკვეველი მიმიკით, ჩემს საპირისპირო მიმართულებით გაუდგა გზას. ცოტა ხანში ნელი ნაბიჯებით მიახლოვდება და ხელში დახვეულ ფურცელს მაძლევს
-ეს ის რუკაა, რომლითაც შემოვიარე მსოფლიო, ეს კი ის პასპორტი რომელშიც არცერთი ბეჭედი არ არტყია. მე ვხედავ, რომ ჩვენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. მე გეოგრაფიის მასწავლებელი ჩემს ოცნებასთან ახლოს ყოფნისთვის გავხდი. შენ კი შეგიძლია გასცდე ოცნებასთან ახლოს მისვლას… მე მჯერა, რომ ოთახში ჩაკეტილი ოცნებებიც იხილავს სინამდვილეს და ეს სინამდვილე ძალიან, ძალიან ლამაზი იქნება…
მის თვალებში რომელიღაც ადამიანური გრძნობის გამორკთომა შევამჩნიე. შეიძლება სევდა იყო ან რაღაც მსგავსი სინანულისა…
რუკა სასწრაფოდ გავაკარი ოთახის კედელზე.სიძველის სუნის შესუნთქვისანავე შემოეხვია სულის მოლეკულებს და მთელს ტანში გაიელვა ჟრუანტელის სასიამოვნო გრძნობამ. ლოგინზე ჩამოვჯექი და გაფართოებული თვალებით მივაშტერდი უზარმაზარ სამყაროს. რუკას რომელმაც მიიღო ოცნების სახე და გახდა მიზეზი ახალი მიზნისა…
ვარდისფერი მარკერს ვიღებ და ძალიან ნელი მოძრაობით ვავლებ ინდოეთის საზღვარს.
ინდოეთში ჰოლის დღესასწაულია. ღიმილიანი სახეები, დროებით გადავიწყებული ყოველდღიური პრობლებემი, უამრავი ფერები და უეცარი ნაცნობობა ისეთ საოცარ კონტრასტს ქმნის, როგორც რენესანსში პორტრეტი და პეიზაჟი ერთად. მოხუცი გამყიდველი სარს მჩუქნის როდესაც გებულობს რომ საქართველოდან ვარ. მიხარია… მე წვალებით ვიხვევ ინდურ სამოსს ტანზე, მუსიკა ირთვება და მოუხერხებელი მოძრაობებით ფერებში ვიკარგები.
კარი გაიღო. ფერებს დროებით დავემშვიდობე და როგორც ყოველთვის ჩემი ძმის უკმაყოფილო მზერამ რეალობაზე დამანარცხა.
-შენ რაა როდემდე უნდა მიაშტერდე ამ რუკას. დაძინებას აღარ აპირებ? ხან ბონჟუო, ხან ისე აფართხალებ ხელებს თითქოს ატლანტის ოკეანეში იხრჩობი , ხან შუა ზაფხულში ისე იცვავ გეგონება ანტაქტიტაზე იყო, ახლა კი დედას შარფი გაქვს შემოხვეული და ხელებს ინდური ცეკვასავით მანჭავს. ვერაფერი გავიგე. სულ გაგიჟდი მგონი…
“შემდეგი შენ იქნები ამ რუკის ავტორი” -გავიფიქრე გულში და უპასუხოდ დავტოვე მისი გაკვირვებული მზერა.
ხანდახან მგონია, რომ ჰაერი აღარ მყოფნის. მინდა ამ რუკას გავცდე და, ამ ოთახში ჩაკეტილმა, ოცნებებს კარგი გავუღო. მიზანთან მიახლოებასთან ერთად ეს გრძნობები მით უფრო ხშირად მემატება. ხანდახან მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის, ხანდახან კი ეს უბრალოდ ლონდონის ხმაურიანი ქუჩების ბრალია… ლონდონი ხმაურიანია მგონი ჰო? ხომ უნდა ვიცოდე სწორად ოცნება.
ნახავთ მეგობრებო, ერთ დღეს აუცილებლად ჩავჯდები ვენეციის იმ ნავში, ვარდიფერი შენობის გვერდზე რომ დგას. ერთ დღეს აუცილებლად ვეტყვი “ბონჟუ”-ს ეიფელის წინ მოხუც კაცს, რომელსაც ძალიან უყვარს მტრედები. ერთ დღეს აუცილებლად, მერწმუნეთ ,აუცილებლად გადავუფრენ ვარდისფერი მარკერით მოხაზულ ადგილებს, რომლებიც ,ალბათ, მალე ჩემს გულშიც დატოვებს საუკეთესო მოგონებების ხაზს.
დასამშვიდებლად გაცნობებთ რომ ჩემს ძვირფას ბლოკნოტში სიტყვა მოგზაურობამ თავისი ადგილი მონახა. ახლა კალამს ავიღებ ოცნებების პუნქტში გამუქებული მარკერით ჩაწერილ” მოგზაურობას” მკვეთრად გადავუსვამ ხაზს , ბლოკნოტში რამდენიმე ფურცელს გადავფურლავ და ამჯერად მოგზაურობას უახლოესი გეგმების პუნქტში ჩავწერ. ალბათ, გულიდან წამოსული რამდენიმე გრძნობის რეფლექსი კალმამდეც მიაღწევს და აუცილებლად მაიძულებს კიდევ ერთი უახლოეს გეგმა მივუწერო ქვეშ:” მოგზაურობა ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად”…

2018
მზის რამდენიმე სხივი გაჭირვებით ცდილობს ჭუჭრუტანებიდან შემოღწევას. გულიც კი ვეღარ იტევს სხეულის დახუთულ სივრცეს და მკვეთრი მოძრაობით ცდილობს სხეულიდან ამოხტომას, ფანჯარაში ვიყურები და თვალებს უსასრულო წერტილამდე ვაწვდენ, სადღაც იქამდე, მისვლა რომ შეუძლებელი მეგონა ერთ დროს….
ვცდილობ რბილ სკამზე კომფორტულად მოვკალათდე, ფიქრებში გადავარდილს არ გამჭირვებია გაურკვეველი მიმართულებიდან მომავალი სასიამოვნო ხმის დაჭერა: თვითმფრინავის აფრენამდე დარჩნილია 1 წუთი. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ………