თუ გსურს ყველაზე კეკლუცი, ლაღი და მომხიბვლელი საბერძნეთი იხილო, მაშინ მას გაზაფხულზე უნდა ეწვიო.
იმ დროს, როცა ზღვა გამორჩეულად ლურჯი და კამკამაა, როცა ტალღები ნაზად, მორჩილებით ეხებიან ქვიშას, ფსკერზე კი თავისუფლად მოცურავე ჭრელკუდიანი თევზები მოჩანან. მაშინ, ცის თაღზე თეთრი, ფუმფულა ღრუბლები რომ დასრიალებენ და ფიჭვებს ყველაზე ხასხასა კაბები აცვიათ.
როდესაც საბერძნეთზე ფიქრს ვიწყებ, პირველად თვალწინ მიდგება კლდოვანი ბორცვიდან გადმომყურე აკროპოლისის მუზეუმი, რომელიც დანახვისთანავე თვალს გჭრის და ანტიკურ ხანაში გადაგისვრის ბერძენი მოქანდაკეების და გამოცოცხლებული ხელოვნების ფუძემდებლების ცხოვრებაში. შემდეგ გაჩერებად, ალბათ, ჰეროდიონის ამფითეატრი უნდა აირჩიოთ, სადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ბერძნული კულტურის განსაკუთრებულობასა და ჯადოსნურობაში.
აწმყოში დაბრუნების შემდეგ აუცილებლად პლაკას უბანი უნდა მოვინახულოთ. ეს ადგილი იმით გამოირჩევა, რომ შეგიძლია იმდენი ისეირნო, სანამ არ დაიღლები და ფიქრებით დაქანცულ გონებას საბოლოოდ არ დაასვენებ. დიდი სიამოვნებაა გზად შემხვედრ მაღაზიებში ადგილობრივებისგან სუვენირებისა და სამკაულების არჩევა (თუმცა ამასთან ერთად რთულიცაა, რადგან იქ მყოფთა გულს მთლიანად იპყრობს სურვილი ყველაფრის შეძენისა).
საბერძნეთი ხელოვნების მოტრფიალეთა ქვეყანაა. სწორედ ამიტომ, არა მგონია, ვინმემ მისი საღებავების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ჩაისუნთქოს და მონასტირაკს არ ეწვიოს, კვირაობით ანტიკვარული ნივთების მოყვარულთა ნამდვილი ზეიმი ეწყობა. შეუძლებელია ეცადო და ვერ იპოვო ის, რასაც ეძებ. ამ ადგილის უპირატესობა არის ასევე ისიც, რომ შენაძენით ყოველთვის კმაყოფილი რჩები, რადგან იცი, ასეთი მხოლოდ შენ გაქვს.
მონასტირაკთან ახლოს ატიკაა და თუ ახლობლებისთვის საჩუქრების შერჩევა გსურს და თუ არ გინდა მათი წილი საბერძნეთი დაივიწყო, სუვენირების მრავალფეროვნებით გაოცდები. აქედან გეზი პირდაპირ პანათასას ეკლესიისკენ უნდა აიღო და იდუმალებით აღსავსე არქიტექტურით კიდევ ერთხელ მოიხიბლო.
ათენში მოგზაურობის პიტაკის ქუჩის სტუმრობით დასრულება დაუცხრომელი აღფრთოვანების ღირსეულ ფინალად შეგვიძლია ჩავთვალოთ. პიტაკის ქუჩა ქუჩის ხელოვნების გასაოცარი ნიმუშია. აქ შეხვდებით მაროკოულ სარკეებს, ჩინური ქაღალდის ფარნებს, რომლის მსგავსიც არსად გინახავთ. სეირნობისას უდავოდ შენიშნავთ ვინტაჟური დეკორაციებით მორთულ ელემენტებს.
შიმშილის გრძნობა რომ შეგაწუხებთ, ადგილობრივ სამზარეულოს თუ არ გასინჯავთ, ეს თქვენი მასპინძელი ქვეყნისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება. უგემრიელესი ფალაფელი ნამდვილად დაგანაყრებთ, თუ ბადრიჯნით მომზადებული კერძები გიყვართ, მუსაკაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ. მას შემდეგ კი, როცა თავს დანაყრეულად იგრძნობთ, დესერტად თხილის ბაქლავა შეგიძლიათ შეუკვეთოთ. ნამდვილი ბერძნული რეცეპტით დამზადებული თხილის ბაქლავა ბერძნულ სამზარეულოს აუცილებლად შეგაყვარებთ. ითვლება, რომ საბერძნეთი ზეთისხილის ქვეყანაა და თუკი მოახერხებთ, ბერძნული ზეთისხილი ღვინოსთან ერთად მიირთვით. ამის შემდეგ უკვე მზად იქნებით იმისთვის, რომ გზა განაგრძოთ და უმშვენიერესი ათენის საზღვრებს გასცდეთ.
იმისთვის, რომ დაღლილები, თუმცა სასიამოვნოდ დამუხტულები განიტვირთოთ და განწყობაც უფრო მეტად აიმაღლოთ, ოლიმპიას უნდა ეწვიოთ. ადგილს, სადაც ოლიმპიური თაამაშები ტარდება ხოლმე. პირველ რიგში ოლიმპიის მუზეუმს უნდა მიაშუროთ, სადაც იხილავთ ტერაკოტას კოლექციას, პრეისტორიული, არქაული და კლასიკური პერიოდებისას, ამასთან ერთად მრავალ შესანიშნავ ქანდაკებას (მათ შორის გამორჩეულია ნიკეას ქანდაკება, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრ გრძნობებს აღძრავს მნახველის გულში) ცხენის ქანდაკებას, რომელიც ბრინჯაოსგან არის დამზადებული, მილტიადეს მუზარადს და სხვა კიდევ ისეთ ექსპონატებს, რომლებიც თავიანთ სამშობლოში კიდევ მრავალჯერ დაგაბრუნებენ.
თუ საბერძნეთში მოგზაურობისას მეტეორას არ გამოტოვებთ, ის საპასუხოდ წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. უზარმაზარ სვეტებზე სამონასტრო კომპლექსია აშენებული. მეტეორას ზემოდან რომ გადახედო, ფერების საოცარი კონსტრაქტის შემსწრე გახდები. იმისთვის, რომ მეტეორას სილამაზე ბოლომდე შეიგრძნო და გაითავისო, რომ მისი ყველა ფერი შენად აქციო, ის მზის ჩასვლისას უნდა ნახო. შესაძლოა წამიერად წარმოიდგინო, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი კი არა, ანგელოზი ხარ და მიწიერი სამეფოს ნაცვლად სამოთხეში ცხოვრობ. ალბათ, მოგეჩვენებათ კიდეც, რომ მონასტრები ცაზე კიდია და უფლის მადლიც მათზე ზეციდან იღვრება.
საბერძნეთის სანტორინის კუნძულზე ფეხის დაუდგმელად დატოვება ნამდვილი დანაშაულია საკუუთარი თავის მიმართ, რადგან ეს არის ადგილი მურა წითელი კლდეების, შავი ნოტიო პლაჟების, თეთრი ქარის წისქვილების და გასაოცრად გემრიელი ღვინისა. აქ ნახავთ ერთობ პოპულარულ ლურჯსახურავიან თეთრ ეკლესიებს. თუ სხვა ქვეყანაში ან თუნდაც სხვა ნებისმიერ კუნძულზე ვირით გასეირნება პატივსა და სიამოვნებას არ წარმოადგენს, სანტორინში პირიქითაა, ამიტომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არსებობს კიდევ ერთი ნიუანსიც: ვიდრე კუნძულს დატოვებდეთ, ოიადან დაისის შეთვალიერება უნდა მოასწროთ. ამის გარეშე ეს მოგზაურობა სრულყოფილი უდავოდ ვერ იქნება.
საბერძნეთი იმდენად ბევრ მითოლოგიურ საიდუმლოსა და ბუნდოვანებით აღსავსე მითსა თუ ისტორიას მოიცავს, რომ შეუძლებელია მისი გამოკვლევისა და ბურუსის საბოლოოდ გარკვევის წადილი არ აღგეძრათ. ეს ძალიან რომანტიკული და შეყვარებული წყვილებისთვის სრულებით შესაფერისი ქვეყანა ელის ადამიანებს, რომლებიც მის ამოხსნას მოინდომებენ და მის სულს მისივე სიღრმეში აღმოაჩენენ. საბერძნეთის გროტესკული ხიბლი მის ამოუცნობ ხასიათშია.
ალბათ, უკეთესი იქნება, თუ ვაღიარებ, რომ საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ მისი არშეყვარების შანსი აღარ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ცუდი სულაც არ არის…
მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბერძნეთში, თეთრად შეღებილი ოთხკუთხა სახლების, ლაჟვარდისფერი ცის, ქალღმერთებისა და ღმერთკაცების მარადიულ სამყოფებელში…