გაფრენა პირველი, ანუ ევროპა საზღვრების გარეშე

  • Home
  • ბლოგები
  • გაფრენა პირველი, ანუ ევროპა საზღვრების გარეშე

მაშინ ჯერ კიდევ ჩეხეთში ვსწავლობდი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კვლევების განხრით PhD-ის ვაკეთებდი და „ვაფრენდი“ ევროპაზე, ბებერ ევროპაზე და პატარა თავნება გოგოსავით ხშირ-ხშირად რომ იცვლის ხოლმე აზრს, ის ქვეყანა უფრო მიყვარდებოდა, რომელსაც ბოლოს ვნახავდი.

აბა, რომელი ქალაქი უფრო მოგეწონაო? მეკითხებოდნენ და თავიდან მეც თავს ვიჭყლეტდი იმაზე ფიქრით, რომელი უნდა ამერჩია, რომელი უფრო უნდა მომწონებოდა.

მერე კი მივხვდი, რომ მიყვარდა ყველა, უკლებლივ ყველა და არ მქონდა პასუხი ამ ყბადაღებულ კითხვაზე: რომელი უფრო?

ან როგორ უნდა ამომერჩია:

ვაცლავ ჰაველის პრაღა და ფიქრნი ვლტავის პირას „ყოფის აუტანელ სიმსუბუქე“-ზე?! ტრდელნიკების დაუვიწყარი გემო „ლუდის სამოთხეში“ (სადაც ლუდი წყალზე უფრო იაფია) და ბეხეროვკით მკურნალობა ჩესკი კრუმლოვში?!

 

  

 

თუ  კლიმტის „კოცნა“ და ვენური შტრუდელი?! თუ ალპური ჰალშტატის ტბის პირა ზღაპარი და „მუსიკის ჰანგების“ ტური ზალსბურგში?!

  

 

 

 

თუ საშობაო ბაზრობა ბერლინში, ბერლინის კედელი და “Goodbye Lenin”-ის პირველად ნახვით გამოწვეული აღფრთოვანება, იქვე ახლოს პოტსდამის ბაღებში ხეტიალი, სიცივისგან გათოშლს მერე თითი რომ გამეყინა და მაინც ომისშემდგომ მსოფლიო ბედზე ვფიქრობდი ცეცილიენჰოფის სასახლეში?

ან კიდევ დრეზდენის „სიქსტის მადონა“ და ტილოს ბოლოდან ალმაცერით მომზირალი ორი პატარა ანგელოზი?!

ანდა ბავარიული მარილიანი ბრეცელები და გლუვაინით გამთბარი სხეული?! მერე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გერმანელების გიჟური გარდასახვა მიუნხენში, ოქტობერფესტზე?!

 

 

 

თუ ბერნის დათვები და ტობლერონები?!

 

 

თუ „შუაღამე პარიზში“ და გზა მთაწმინდისკენ – თეთრი მონმარტრისკენ?! პარიზის მეტროში აღმოჩენილი „Keep smiling”?! დილიდანვე დაუსრულებელი რიგი ლუვრში და შემდეგ ნოტრ-დამში შესაღწევად?!

      

 

 

თუ მიხაი ზიჩის ქალაქში დაღამებამდე ხეტიალი და დუნაის ნაპირები: მარჯვნივ ბუდა და მარცხნივ პეშტი?! და მერე გვიან სიარულისგან დაღლილზე მსუყე ვახშამი ტრადიციული გულიაშით?!

   

თუ ავტოსტოპით წასვლა ჩეხეთიდან კარპატების უკრაინაში: ბრნო-ოსტრავა-კატოვიცე-კრაკოვი-ლვივი (და არა ლვოვი, როგორც ჩვენ ვეძახით ხოლმე)?! მერე მიწისქვეშა საიდუმლო  რესტორანში შემთხვევით მოხვედრა და იქ არსებული ანტირუსული განწყობით ბედნიერი მე, შეციებული სხეულის ბორშჩით გათბობა, ქოთნის ვარენიკები და ლვივის დაუვიწყარი ყავის გემო?! ბოლოს გრძელი და დამღლელი გზა პოჩაევის ლავრაში მოსახვედრად?! აი, იქ კი სულის ჯერარნახული სიმშვიდე და სხვა აღმა-ფრენა?!

 

 

ანდა მარადიული რომი ანუ „სხვა რომი რომის შემდეგ“, ტოსკანის მზის ქვეშ გამთბარი „ქალაქი მუზეუმი“ – ფლორენცია და „ადრაიტიკის ზღვის დედოფალი“ – სან-მარკოს მოედნის მტრედებით, თაღებიანი სასახლეებით, გონდოლებით და არხებით, არხებით და კიდევ არხებით?!

 

 

 

 

  

თუ ანტონიო გაუდის „ქვის პოეზია“ ბარსელონაში: საგრადა ფამილია, კასა ბატლო, კასა მილა (ცნობილი როგორც La Pedrera), გუელის პარკი?!

თუ მადრიდი ხარებთამ მებრძოლი ტორეადორებითა და ფლამინგოს მოცეკვავე ცეცხლოვანი ესპანელებით?!

 

ან იქნებ, წითელი ფანრების უბანი სწორედაც რომ პატარა და უმანკო ანა ფრანკის ამსტერდამში?! რიქსის მუზეუმში „ჩაკარგვა“ და რატომღაც ვან გოგის „კარტოფილის მჭამელებზე“ აკვიატებული ფიქრი დოიჩე ბანით მგზავრობისას უკან ჩეხეთში?!

  

  

თუ „ჩრდილოეთის ვენეცია“ და ფეხით სიარული მარტინ მაკდონაჰის „ბრუგეში“?! მერე შენს თვალწინ გამომცხვარი ერთ ევროიანი ცხელი ვაფლი ბრიუსელში, ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციის პირობებში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რომ გახდა?!

 

თუ სკანდინავიური ვოიაჟი და ბავშვობის დროინდელი ოცნებების ახდენა: ჰანს კრისტიან ანდერსენის სამშობლო (დანია)?! ვიკინგების ხომალდებით ვირტუალური გასეირნება ნორვეგიაში?! პროპელერიანი კარლსონის სახურავიდან დანახვისა და გრძელწინდებიანი პეპის შეხვედრის მოლოდინით სტოკჰოლმის ქუჩებში ხეტიალი?! თუ ჩემი დიდი ბებიის – ალექსანდრას თეთრი ფინეთი და მერე ფინეთის ყურეში არისტოკრატი ქალივით უზარმაზარი ბორანით („ვიკინგ ლაინით“) მოგზაურობა და გზა ჰელსინკიდან ტალინამდე?! მერე ტარტუმდე და იქვე ახლოს პატარა კურორტ ოტეპაში ფინური საუნით რელაქსაცია?!

  

 

 

ამ ყველაფერზე ყურებამდე შეყვარებულს, რა თქმა უნდა, არ მიჭირდა ევროპის კვლევებზე სადოქტორო თემის დაწერა და ვწერდი კიდეც… და რაც უფრო მეტ ევროპულ კულტურას ვეცნობოდი, მით უფრო მიტანდა საშინელი დაუკმაყოფილებლობის განცდა, რაღაც უკურნებელი სენივით რომ შემეყარა და მოსვენებას აღარ მაძლევდა.

და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მე მეტი მინდოდა, უფრო მეტი ვიდრე ევროპული სამყარო და ცივილიზაცია იყო. არა იმიტომ, რომ ეს სივრცე არ მყოფნიდა, არა, უბრალოდ მინდოდა შემედარებინა და იქნებ იმ ყბადაღებულ კითხვაზე მერე მაინც მეპოვნა ზოგადი პასუხი: ევროპა თუ აზია? დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?

და სწორედ მაშინ გამოჩნდა შანსი „გაფრენის“, როგორც მოულოდნელობისგან გაოცებულმა დედამ უწოდა მაშინ ჩემს გადაწყვეტილებას: შენ ხო არ აფრენ?! არა, კი არ ვაფრენ, ვიფრენ მეთქი! თუმცა მართალიც იყო, ეს იყო გაფრენა მეორე, ანუ ნამდვილი გაფრენა და მსოფლიო საზღვრების გარეშე!

მაგრამ მერწმუნეთ, არ იყო მარტივი დოქტურანტურის სტუდენტის ბორტგამცილებლად, ე.წ. სტუარდესად გარდაქმნა, პირველ რიგში თუნდაც იმიტომ, რომ ამაზე არასდროს მიფიქრია, მეტიც, ფრენის ერთგვარი შიშიც კი მქონდა. წარმოიდგინეთ ევროპის შუაგულიდან სავსებით უცხო მენტალურ გარემოში, მკაცრ არაბულ სამყაროში გადასახლება, თანაც სრულიად მარტო. მარტო იმდენად, რამდენადაც, როგორც მითხრეს, მე ვიყავი იმ დროისთვის პირველი და ერთადერთი ქართველი, ვინც ყატარის ავიახაზებში ბორტგამცილებლად აიყვანეს.

თუმცა გამოგიტყდებით და მერე ამით ვამაყობდი კიდეც, განსაკუთრებით კი მაშინ ჩემი სახელის ნაცვლად, ჯორჯიას რომ მეძახდნენ. მეც უცებ მოვირგე და მოვიხდინე ეს ლამაზი სახელი და მეტიც, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემი ქვეყნის კულტურული ელჩი ვიყავი იმ უმსხვილეს მულტიკულტურულ ავიაკომპანიაში, რომლის თანამშრომელთა რიცხვი ცდება 49 ათასს, ხოლო ეროვნულობის მაჩვენებელი აჭარბებს 120 ქვეყანას.

  

შემდეგ იყო საოცრად რთული ადაპტაციის ორი თვე, ტრენინგები და ყოველი კვირის ბოლოს ფსიქიკური თუ ფიზიკური გამძლეობის გამოცდები (დღეს კი მეცინება და ვხუმრობ ხოლმე, რამ უნდა შემაშინოს ჯარგამოვლილი ქალი ვართქო). მეტიც, როგორც დაგვირგვინება,  სპეციალური ფორმებიც შეგვიკერეს, რომლის ჩაცმისთანავე შენ ტოვებდი საკუთარ თავს და ხდებოდი ვიღაც სხვა, არა „მე“… ყველა ერთმანეთს დაგვამსგავსეს, საერთო ტერმინოლოგიითა და ჟესტებით საუბარი გვასწავლეს…

 

 

„ჩემი არაბული თავგადასავალი“ (ცხოვრება დოჰაში, მოგზაურობა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ასევე აფრიკის არაბულ მაროკოსა და ალჯირში) ცალკე თემაა და ამ ბლოგში მისი „ჩატევა“ ვერ მოხერხდება, თუმცა აქაც რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ და უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ამასწინათ მარჯან სატრაპის „პერსეპოლისს“ ვკითხულობდი და ამომიტივტივდა ყველა ის სტერეოტიპი, რწმენა თუ ცრურწმენა კულტურათაშორისი სხვაობით გამოწვეულ სიტუაციებს  რომ ახლავს ხოლმე თან და რასაც ასე კარგად და კომიკურად აღწერს ირანიდან ევროპაში სასწავლებლად წასული (თუ გაქცეული?) ახალგაზრდა ქალი. მეც მარჯანივით არაერთხელ აღმოვჩენილვარ ამგვარ სასაცილო თუ სატირალ მდგომარეობაში.

 

 

 

 

თუმცა კულტურულმა შოკმა მალევე (დაახლოებით ორ-სამ თვეში) გაიარა. ახალ მეგობრებთან ერთად მეც ნელნელა დავიწყე ახალ სამყაროში ინტეგრირება. და რაც მთავარია, ჩვენ წინ გველოდა “Magic World” და მთელი სამყაროს ზემოდან, ღრუბლებიდან დანახვის შესაძლებლობა!

 

იხ. გაგრძელება: გაფრენა მეორე, ანუ ნამდვილი გაფრენა და მსოფლიო საზღვრების გარეშე

 

 

 

Tags: