გაიცანით – Vardiashvili Family Wine • ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო

     1. გამარჯობა, მოგვიყევით ცოტა რამ “Vardiashvili Family Wine” • ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო – ს შესახებ, ვინ არის დამფუძნებელი და რატომ გადაწყვიტეთ საოჯახო მარნის დაარსება?

ვარდიაშვილების ოჯახი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში მეღვინეობა-მევენახეობას ეწევა. ჩვენ, ჩვენივე წინაპრებმა გადმოგვცეს ღვინის დაყენების ის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს ღვინოს ასეთი განსაკუთრებული არომატებით ამდიდრებს და ჰარმონიულს ხდის მას. უშუალოდ ვარდიაშვილის მარნის მთავარი მეღვინე – ამირან ვარდიაშვილი უკვე 30 წლის განმავლობაში აყენებს ხსენებულ ღვინოს. 2018 წელს ოფიციალურად გადავწყვიტეთ ჩვენს ოჯახში წარმოებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა; შევქმენით ბრენდი და დავიწყეთ ადგილობრივი ბაზრის მომარაგება; ეს ოჯახური საწარმოა, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმოებისა და რეალიზაციის პროცესში ოჯახის ყელა წევრია ჩართული. მოგეხსენებათ, უკვე მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ის ფაქტი, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია გვაქვს. ამ სიმდიდრეს დაფასება და ზრუნვა სჭირდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი ოჯახის ტრადიციული საქმიანობისთვის შეგვესხა ხორცი, მიგვეცა ოფიციალური სახე და შეგვექმნა კიდევ ერთი ქართული ბრენდი, რომლის მისია  ქართული ნატურალური ღვინის ტრადიციის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებაა.

მოკლედ მოგიყვებით ვარდიაშვილის მარნის დასახელებაზეც. “ვარდიაშვილი” – ეს მათი ოჯახის გვარია, მაგრამ მხოლოდ ეს არაა ის მიზეზი, რატომაც დაექვა ბრენდს ეს სახელი. ტრადიციულად, ვარდიაშვილის ოჯახი სოფელში ყოველთვის ასოცირდებოდა ვარდებთან, რადგან მათი სახლის ეზოში ყოველთვის ძალიან ბევრი ვარდი იყო. გარდა ამისა, მათი ვენახის თითოეული რიგის თავში თითო ვარდი იყო დარგული. ამას სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ ვარდი სტრუქტურულად ყველაზე მეტად ჰგავს ვაზს. მეტიც, ვარდი დაავადებების მიმართ შედარებით უფრო მგრძნობიარეა ვიდრე ვაზი. ჩვენი წინაპრები მუდმივად აკვირდებოდნენ ვენახის თავში დარგულ ვარდს. თუ შეიმჩნეოდა, რომ ვარდს რაიმე დაავადება უჩნდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაზიც საფრთხეში იყო და მევენახე იწყებდა დაავადების პრევენციას.

გარდა ამისა, ვარდიაშვილის ოჯახის უახლოესი წინაპრის (რომელმაც გააშენა ვარდაიშვილის ვენახები) სახელიც მსგავს ასოციაციას ქმნის – “ვარდო”;

ყველა ამ მიზეზის გამო 2018 წლიდან ბაზარზე გამოვიდა ნატურალური ღვინის მწარმოებელი კიდევ ერთი ბრენდი “ვარდიაშვილის” დასახელებით.

     2. სად მდებარეობს თქვენი მარანი და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?

ვარდიაშვილის მარანი მდებარეობს კახეთში, სოფელ ვაზისუბანში. სწორედ აქ, კავკასიონისა და გომბორის ქედებს შორისაა განთავსებული ჩვენი ვენახებიც. ის ტერუარი, სადაც ვარდიაშვილის ვენახი მდებარეობს, აერთიანებს ორ მკაცდრად კონტროლირებულ ადგილწარმოშობის მიკრო ზონას: “მუკუზანი” და “ვაზისუბანი”. მუკუზნის ზონა სულ რამდენიმე სოფელს აერთიანებს და ამ ტერუარის განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე აქ საუკეთესო საფერავის ჯიშის ყურძენი მოდის, რისგანაც საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო “მუკუზანი” მზადდება. ვაზისუბნის მიკრო-ზონაში მომწიფებული რქაწითელისგან კი მზადდება საუცხოო თეთრი მშრალი ღვინო. ამ ტერუარში მდებარე რქაწითელის ვენახში მოწეული ყურძენი განსაკუთრებით მაღალი შაქრიანობით და მდიდარი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.  როგორც უკვე აღვნიშნე, ვარდიაშვილის მარანს მრავალი ათწლეულის ისტორია და გამოცდილება აქვს, თუმცა, ოფიციალური სახით ვარდიაშვილის ბრენდი ბაზარზე 2018 წლის ივნისში გამოვიდა.

     3. ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და რამდენი სახეობის ღვინოს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

ვარდიაშვილების ოჯახი ამ ეტაპზე რქაწითელისა და საფერავის ჯიშებისგან ამზადებს სამი სახეობის ღვინოს: “ქვევრის რქაწითელი”,  “მუკუზანი” და “ქვევრის საფერავი”. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვენახები მუკუზნის მკაცრად-კონტოლირებად ადგილწარმოშობის ზონის შუაგულში მდებარებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას და უფლებას ვაწარმოოთ ღვინო “მუკუზანი”. გარდა ამისა ჩვენი ღვინოების არომატების სიმძაფრის ერთერთი საიდუმლო ის გახლავთ რომ ჩვენი ვენახი ურწყავ ნაკვეთშია. მას წვიმის გარდა სხვა წყალი არ ხვდება. ამ მიზეზისა და ნიადაგის განსაკუთრებული თვისებების გამო ყურძენი მდიდარია ბუნებრივი შაქრის შემცველობით. სწორედ ამიტომ, ღვინო ოდნავ ძლიერი გამოდის, თუმცა ასევე ძლიერია მრავალფეროვანი არომატების ბუკეტის მგრძნობელობა ღვინოში. 

ვარდიაშვილის ოჯახში წარმოებული ღვინოები იყოფა საღვინე ჭურჭლის მიხედვითაც. საფერავი და რქაწითელ ქართული ტრადიციული წესით მზადდება და ვარგდება ქვევრში, ჭაჭაზე. მუკუზანი კი ტრადიციულად მუხის კასრებში ვარგდება მინიმუმ 9 თვის (რიგ შემთხვევაში 1,5-2 წელი) განმავლობაში.

ვარდიაშვილის მარანში ასევე მზადდება ორი სახის ჭაჭა – “ჭაჭა საფერავის” და “ჭაჭა რქაწითელის”. ჭაჭა ტრადიციული წესით გამოიხდება, თუმცა აქაც მკაცრადაა დაცული ხარისხის ნორმები, რისი მაგალითიცაა ის ფაქტი, რომ ვარდიაშვილის ჭაჭა ნახშირის სპეციალურ ფილტრებში გადის ფილტრაციას რათა მოხდეს მისი განთავისუფლება ჯანრთელობისთვის საშიში ყველა ნივთიერებისგან.

     4. რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში და ზოგადად, რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

ერთი შეხედვით ღვინის წარმოება მარტივ საქმედ ჩანს, რისი ფიქრის საშუალებასაც გვაძლევს ის ფაქტი, რომ საქართველოში ღვინო ტრაციულად უმეტეს ოჯახში მზადდებოდა და მზადდება. თუმცა, რეალობაში ეს ასე არ არის. ღვინის წარმოების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავედროს, ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის შენარჩუნებაა. მოგეხსენებათ ღვინოს უკვე მთელს მსოფლიოში ამზადებენ. სწორედ ამიტომ, იმისათვის რომ ჩვენ, ქართველებმა უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციის შენარჩუნება, ამისათვის აუცილებელი პირობაა ჩვენი პროდუქტის ხარისხის მაქსიმალიზაცია და 100% ნატურალური, მაღალარომატული ღვინის მიწოდება. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. მას ისევე სჭირდება მოვლა, ფერება, აღზრდა, როგორც ჩვილ ბავშვს. ღვინის წარმოება არა ყურძნის დაწურვიდან, არამედ ვაზის გასხვლიდან იწყება. პირველ რიგში, ვენახის მოვლის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ხარისხის ნორმები. უნდა გამოირიცხოს ვენახში ჯანრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შეტანა. დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის კრეფის პროცესსაც, რაც ხშირ შემთვევაში არ არის გათვალისწინებული. ღვინის დამზადების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ტემპერატურილი რეჟიმი და ჰიგიენა. მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს უკვე ბოთლში ჩამოსხმული ღვინის განთავსებას და მოვლას. ამ ყოველივეს განხორციელება ძალიან შრომატევადია და ამ პროცესში უამრავი გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას. საბედნიეროდ, ვარდიაშვილის მარანში მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად დიდ წილად აღმოფხვრილია მსგავსი პრობლემები და გათვალისწინებულია ხარისხის თითქმის ყველა ნორმა. მიუხადევად ამისა, მინდა აღვნიშრო, რომ სირთულეები მაინც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა ღვინის რეალიზაციის პროცესში მისი განთავსების და შენახვის პირობების დარღვევაა. ხშირ შემთხვევაში რეალიზაციაში ჩართული შემდგომი რგოლების მიერ არ ხდება ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რაც ნატურალურ ღვინოს დიდ პრობლემას უქმნის.

     5. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა? რა განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობთ მომხმარებელს?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ვარდიაშვილის მარნის მთავარი ღირებულება ხარისხის შექმნა და 100%-ით ნატურალური ღვინის შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. ეს კი ღვინის სექტორში მთავარი კრიტერიუმია კონკურენციის პროცესში მნიშვნელოვანი უპირატესობის მოსაპოვებლად.

დღესდღეობით ბაზარზე, საბედნიეროდ მნიშვნელოვანი ტენდენციაა საოჯახო მარნების გამოჩენის. ითვლება, რომ საოჯახო მარნებში იწარმოება ნატურალური ღვინო, რის გამოც მისდამი ნდობა გაცილებით მეტია. ამ პროცესში, უნდა აღინიშროს ვარდიაშვილის მარნის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა, რაც მის მდებარეობაში გამოიხატება. როგორც ზემოთ აღვწერეთ ვარდიაშვილის მარანს აქვს საშუალება და პრივილეგია აწარმოოს ღვინო ,,მუკუზანი’’, რადგან მისი ვენახი სწორედ მუკუზნის მიკრ-ზონაში მდებარეობს. იქიდან გამომდინარე, რომ საოჯახო მარნები ღვინოს ძირითადად საკუთარ ვენახში მომწიფებული ყურძნისგან აწარმოებენ, ბაზარზე საოჯახო მარნის ,,მუკუზანის“ რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც ვარდიაშვილის ,,მუკუზანს’’ დიდ კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. გარდა ამისა, ამის მიზეზი ამ ღვინის წარმოების სირთულე და მასთან დაკავშირებული ხარჯების სიდიდეა.

ვარდიაშვილის მარანს დიდ კონკურენტულ უპირატესობას აძლეს ღვინის დაყენების მის ხელთ არსებული, მრავალ ათწლეულს გამოცდილი დახვეწილი ტექნოლოგია. 

         6. განვითარების რა ეტაპზე ხართ ახლა, გადის თუ არა თქვენი ღვინო ექსპორტზე? და ადგილობრივად სად არის შესაძლებე თქვენი ღვინის ყიდვა?

ვარდიაშვილის მარანი ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია. ოფიციალურად ჩვენი ღვინო ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება საქართველოს დიდ ქალაქებში არსებულ ღვინის მაღაზია-ბარებში.

ვარდიაშვილის ღვინოები არაერთხელ წასულა საექსპორტო მიმართულებით ერთჯერადად მცირე ოდენობებით. ამ ეტაპზე ოფიციალური საექსპორტო დისტრიბუცია არ გვაქვს, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. 

     7. იქონია თუ არა გავლენა მიმდინარე მოვლენებმა (პანდემიამ) თქვენ ბიზნესზე და რა კუთხით?

სამწუხაროდ პანდემიამ დიდი გავლენა იქონია საქართველოში ღვინის რეალიზაციის პროცესზე. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის რეალიზაცია დიდ წილად დამოკიდებულია ტურიზმზე. პანდემიის შედეგად ფაქტიურად შეჩერდა საქართველოში ტურისტთა მოძრაობა, რამაც გამოიწვია ღვინის მაღაზია-ბარების დიდი ნაწილის ფინანსურ კრიზისში ჩაგდება და მათი დახურვა. მიუხედავა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ სულ ცოტა ხანში სიტუაცია გამოსწორდება და ღვინის ბიზნესიც დაუბრუნდება ძველ რიტმს განახლებული ძალებით.

     8. რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში ახლა იწყებენ ბიზნეს–საქმიანობას? 

ხარისხი! მეგობრებო ღვინოს ევროპაშიც აწარმოებენ. ყველას უნდა დავანახოთ რომ საქართველო მართლაც ღვინის სამშობლოა. მიაქციეთ ყველაზე დიდი ყურადღება არა კომერციულ მხარეს, არამედ ხარისხს. შესთავაზეთ საქარველოში ჩამოსულ ტურისტს ხარისხიანი ღვინო და მერწმუნეთ აღნიშნული საქმე პირველ რიგში დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე, შემდგომში კი თქვენს კმერციულ ინტერესებზე. გარდა ამისა, ჩემივე მაგალითზე დაყრდნობით მინდა გითხრათ რომ არ დანებდეთ სიძნელეებს. შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიყვარს ღვინის წარმოება, გიყვარს თავად ღვინო და მას შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევ.

     9. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

აუცილებლად! ვერანაირი პანდემია ვერ დაუდგება წინ ვარდიაშვილის მარნის დიდ გეგმებს. ჩვენ ყოვედღიურად ვცდილობთ და ვეცდებით აღვასრულოთ ის მისია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დაწყების დღიდან დავსახეთ. ჩვენ აუცილებლად გავაფართოვებთ ჩვენს საქმიანობას, კიდევ უფრო დავხვეწავთ ტექნოლოგიას და ვარდიაშვილის ბრენდს გავიტანთ მსოფლიო მასშტაბით. მარნის გაფართოებასთან ერთად ვგეგმავთ გავაფართოვოთ ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტიც და თავი მოვუყაროთ ქართულ მრავალ უნიკალურ ყურძნის ჯიშს, რომლისგანაც ვარდიაშვილის ბრენდის ქვეშ ჩვენს ოჯახში დამზადდება ნატურალური, მრავალფეროვანი და უნიკალური არომატების მქონე ღვინოები. 

 

ავტორი: მზიკო მამულაშვილი

Tags: