გაიცანით – “თეოს კოტეჯები” ხორნაბუჯიდან

ინტერვიუში გაიცნობთ თეონა სეხნიაშილს, რომელიც სოფელ ხორნაბუჯში ოჯახთან ერთად მართავს საოჯახო სასტუმროს “თეოს კოტეჯებს”. მან მეუღლესთან ერთად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირისა და ჰეკს-ეპერის ერთობლივ საგრანტო კონკურსში, მოვიპოვა დაფინანსება და დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით კოტეჯების მშენებლობა.

     1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

გამარჯობა. მე ვარ თეონა სეხნიაშვილი, 28 წლის. ვარ დაოჯახებული.  მყავს ორი შვილი – გაბრიელი და მაშო. ვცხოვრობთ დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ხორნაბუჯში.

     2. რამდენი ხანია რაც კოტეჯი ფუნქციონირებს?

2019 წლის ივლისიდან ვმართავ საოჯახო სასტუმროს “თეოს კოტეჯებს”. მაქვს 4 ხის კოტეჯი. სამი საცხოვრებელი და ერთი სამზარეულო კოტეჯი.

      3. როგორ გაჩნდა კოტეჯის დაარსების იდეა?

2015 წლიდან მეუღლესთან ერთად ვეწეოდით მცირე ფერმერულ საქმიანობას სოფელ ხორნაბუჯში. გვქონდა პატარა საოჯახო ფერმა. აღნიშნული ადგილი მდებარეობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლ არწივის ხეობის გვერდზე. ყოველდღიურად უამრავი ტურისტი გვსტუმრობდა. აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ ფერმის გვერდით არსებული ადგილი, სადაც გვქონდა ძველი სახლი და დიდი ეზო, გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმროდ. 2019 წელს მივიღეთ მონაწილეობა ევროკავშირისა და ჰეკს-ეპერის ერთობლივ საგრანტო კონკურსში, მოვიპოვეთ დაფინანსება და დავიწყეთ ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით კოტეჯების მშენებლობა.

     4. რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ტურისტებს ვთავაზობთ კომფორტულ და წყნარ გარემოს ბუნებაში. ყველა კოტეჯი ერთმანეთისგან მოშორებით მდგარი პატარა სახლია თავისი სველი წერტილებით, გათბობა-გაგრილების სისტემით,ავეჯით და ეზოს ინფრასტრუქტურით.  

ასევე სტუმრებს ვთავაზობთ კვებას ნატურალური პროდუქტებით, რომელთა უმეტესობაც მოგვყავს ჩვენს ბოსტანში. ასევე ვეხმარებით სხვადასხვა ტურების დაგეგმვაში და საჭიროების შემთხვევაში ჩვენივე მანქანით ვემსახურებით.

     5. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

ბიზნესის დაწყებისას სირთულეები ნაკლებად შეგვხვდა, რადგან ევროკავშირის დაფინანსებულ ტრენინგებზე ორი თვის განმავლობაში შეგვასწავლეს ყველა ის საჭირო მასალა და შევიძინეთ ის უნარები, რაც გვჭირდებოდა საქმისთვის.

      6. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა პანდემია. 2019 წლის მარტში გაგვიუქმდა მთელი წლის ჯავშნები. მიუხედავად ამისა, დროულად მოვახდინეთ ადაპტირება. მაისიდან კოტეჯების ეზოში ვაწყობდით წვეულებებს, დაბადების დღეებს, ნიშნობებს, ქორწილებს და ა.შ. პანდემიის პირობებში დახურულ სივრცეში მეტი რისკის გამო, ხალხს ერჩია ღია სივრცეში შეკრება, მეტად უსაფრთხო გარემოში. რამაც საშუალება მოგვცა, წესების დაცვით გვემუშავა და მიგვეღო შემოსავალი.

     7. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენს კოტეჯებს აქვს რამდენიმე უპირატეოსბა რეგიონში არსებულ კონკურენტებთან შედარებით. არის ბუნების ძეგლის მეზობლად, გამწვანებული ეზოთი და გორებით, რაც ძალიან მოსწონს დამსვენებლებს. ასევე ყველა კოტეჯს დამოუკიდებელი და განცალკევებული სივრცე აქვს, რაც უმნიშვნელოვანესია პანდემიის პირობებში.

     8. სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლოდ სურვილი გვაქვს კიდევ ავაშენოთ რამდენიმე კოტეჯი, რათა დიდ ჯგუფებს ვუმასპინძლოთ.

     9. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?

იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, ვურჩევ არ დანებდნენ, სცადონ ბედი სხვადასხვა კონკურსებში, მიიღონ საჭირო განათლება და უნარები ტურისტული საქმიანობისთვის და აუცილებლად გაუმართლებთ საქმეში.

 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: