1. მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ არის თამარ დავითულიანი?
მე ვარ თამარ დავითულიანი, 27 წლის, „გარემო“ – ს თანადამფუძნებელი. დავიბადე და გავიზარდე რაჭაში, შემდეგ ტრადიციულად წავედი თბილისში სწავლის გასაგრძელებლად და დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის განხრით.
2. თქვენ რაჭის ერთ-ერთ სოფელ სადმელში მდებარე მიტოვებული სახლი გადააკეთეთ საოჯახო ტიპის სასტუმროდ, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ეს იდეა განგეხორციელებინათ?
რაჭისადმი ჩვენი სიყვარული იმდენად დიდი იყო და იმდენად განვიცდიდით, რომ ყოველდღიურად ახალგაზრდებისგან იცლებოდა, გვინდოდა აუცილებლად დავბრუნებულიყავით ჩვენს მშობლიურ მხარეში და რაიმე სასიკეთო გაგვეკეთებინა ჩვენი კუთხისთვის და მიგვეცა მაგალითი სხვა ახალგაზრდებისთვისაც, რომ მხოლოდ ქალაქში ცხოვრება არ არის გარანტია ფინანსური სიმყარის, რომ სოფელშიც შეგიძლია განვითარდე და წარმატებას მიაღწიო.
ამიტომაც, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, ერთი წამით არ დავფიქრებულვართ თბილისში დარჩენაზე. ჩავალაგეთ ბარგი და ჩვენს მშობლიურ რაჭას დავუბრუნდით, სადაც აუცილებლად, რაღაც ჩვენი უნდა შეგვექმნა, რადგან დაბრუნდე სოფელში და იმუშავო იქ, რაც მოგწონს და გიყვარს ძალიან რთულია… რადგან ხეტიალ-მოგზაურობა ძალიან გვიყვარდა, გვინდოდა ჩვენი საქმიანობაც ტურისტული კუთხით აგვერჩია, ჩვენც გვემასპინძლა სხვებისთვის და გაგვეცნო საოცარი რაჭა ვიზიტორებისთვის. სწორედ სოფელ სადმელში გვქონდა, სამწუხაროდ წლების განმავლობაში, მიტოვებული კოტეჯი, რომელიც რეალურად კარკასიღა იყო დარჩენილი. შევეჭიდეთ ამ კოტეჯის აღდგენას და გამოგვივიდა კიდეც…
რადგან არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ გვქონდა დავიწყეთ თანხების მოძიება, მივიღეთ რამდენიმე პროექტში მონაწილეობა, სადაც გავიმარჯვეთ და გრანტის სახით გარკვეული თანხა გადმოგვცეს, რასაც დავამატეთ სესხი, რითაც მასალები, ავეჯი და ტექნიკა შევიძინეთ და რადგან ხელოსნების თანხა აღარ დაგვრჩა, მე, მირანდუხტი (ჩემი ტყუპისცალი) და ვაკო (ჩემი მეუღლე) ჩვენი ხელით შევეჭიდეთ ყველაფრის კეთებას. დღეს ნამდვილად ბედნიერები ვართ და გვეამაყება, რომ თითოეული დეტალი, მშენებლობა, წყალგაყვანილობა, დიზაინი, ყველაფერი ჩვენი ხელით შევქმენით, მართალია უამრავი შრომის ფასად, მაგრამ „გარემო“ ამად ღირდა.
ეს ის მომენტია, როცა მოტივაცია და თავდაჯერებულობა იმდენად უზღვავია, რომ ვერანაირი პრობლემა, დამოკიდებულება, ცუდი სიტყვა ვერ გაჩერებს და პირიქით, მეტი შემართებისკენ გიბიძგებს, რომ უფრო და უფრო კარგი გახდე!
3. რამდენი ხანია და ვისთან ერთად გაქვთ დაწყებული ეს საქმიანობა?
2017 წლის მაისში გამოჩნდა „ასპარეზზე“ ჩვენი „გარემო“, რომელიც ჩემს ტყუპისცალთან და ჩემს მეუღლესთან ერთად შევქმენი.
4. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ ეკონომიკის სამინისტროს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის კონკურსში გაიმარჯვეთ, რა გრძნობაა, როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევ ცხოვრებაში?
საოცარი გრძნობაა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ხვდები, რომ შენი მიზნის განხორციელებისთვის დაწყებულ „ბრძოლაში“ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგი, რაც მეორე ნაბიჯის გადადგმას უზრუნველყოფს და მეორე მესამესას… ასე გრძელი ჯაჭვივ იქმნება… ხდები მეტად თავდაჯერებული და ყოველდღიურად თავს ეუბნები, რომ დანებების დრო არასდროს არაა, გიჩნდება სურვილი ახალ გამოწვევებს შეეჭიდო და კიდევ და კიდევ მეტად წარმატებული გახდე.
5. თქვენს საოჯახო სასტუმროს ჰქვია „გარემო“, თუ შეიძლება გვითხარით, როგორ გადაწყვიტეთ ამ სახელის შერჩევა?
მართალი გითხრათ ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რა სახელი უნდა შეგვერჩია ისეთი, რომელსაც შეეძლებოდა ერთ სიტყვაში მოეხდინა გაერთიანება იმის, რასაც ჩვენთვის აწ უკვე „გარემო“ ნიშნავდა. ალბათ დღეები დაგვჭირდა ამის მოსაფიქრებლად და ერთ დღესაც, უკვე ფიქრით და მსჯელობით გადაღლილები რომ ვიყავით უეცრად ჩემმა მეუღლემ წამოიძახა, „გარემოზე“ რას ფიქრობთო? აი, აქ უკვე დამთავრდა ჩვენი მრავალ დღიანი „წვალება“ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს უკვე იყო ის სახელი, რომელიც სრულიად ასახავდა ჩვენს შექმნილ სივრცეს.
6. გვიამბეთ თქვენი სტუმრების შესახებ, ძირითადად რა ასაკის ადამიანები მოდიან თქვენს „გარემო“ – ში?
ალბათ უკვე ყველა ასაკის სტუმარი გვყავდა, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა ახალგაზრდები მოდიან. შეყვარებულები, ახლად დაოჯახებულიწყვილები, ან უკეთეს შემთხვევაში ჩვენთან რომ ოჯახდებიან ისეთები, მეგობრები და მრავალშვილიანი ოჯახებიც კი. ალბათ უმეტესად ასაკი 18-45 წლამდე მერყეობს.
7. რომელ სეზონზე ფუნქციონირებს თქვენი საოჯახო სასტუმრო?
გვიხარია, რომ იმის შესაძლებლობა გვაქვს, რომ ოთხივე სეზონზე ვუმასპინძლოთ ჩვენთან ჩამოსვლის მსურველებს. მართალი გითხრათ, პირველ წელს, როცა გამოცდილება არ გვქონდა, ვიფიქრეთ, რომ ზამთრის პერიოდში შევაჩერებდით სტუმრების მიღებას, მაგრამ თავად ხალხის მხრიდან იმდენად დიდი დაინტერესება წამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ ზამთრის პერიოდშიც გვემუშავა და საახალწლოდაც ისეთი „გარემო“ შეგვეთავაზებია, სადაც ბავშვობას და საახალწლო ზღაპრებს „გააცოცხლებდნენ“.
8. რა განსაკუთრებულობა ახასიათებს „გარემო“-ს, რითია ის უნიკალური?
ჩვენს გამორჩეულობას ის ფერადოვნება და უბრალოება ქმნის, რაც გარემოშია, ის უბრალოება, რომელიც ემოციებს აღვიძებს. ხანში შესულ სტუმარს ბავშვობაში აბრუნებს, ბავშვებს ზღაპრის სახლში ჰგონიათ „ცხოვრობენ“, თითოეული ვიზიტორი „გარემოს“ საკუთარ სახლად ითავისებს და იქმნება ბედნიერი, ოჯახური, მეგობრული ურთიერთობები, სადაც რეალური ურთიერთობები უპირველესი ხდება.
Website – https://mygaremo.com/
ავტორი: სალომე კავაზაშვილი