გაიცანით სიონის ტბასთან მდებარე კოტეჯები – “სადმე”

ინტერვიუში გაიცნობთ ნათიას და ალექსანდრეს, სიონის ტბასთან მდებარე კოტეჯების – „სადმეს“ დამფუძნებლებს. „სადმე“ არის ადგილი, სადაც ღუნღულა კოტეჯები, ფერადი გარემო და პოზიტიური მასპინძლები ელოდებიან სტუმრებს.

     1. მოგვიყევით თქვენს შესახებ. 

ნათია და ალექსანდრე, ტურიზმის მენეჯერი და ფინანსისტი, გვიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები, სადმე ყოფნა, წითელი ღვინო და ერთმანეთი. 

     2. რამდენი ხანია რაც კოტეჯი ფუნქციონირებს? 

სადმე წამსვლელებს უკვე მეორე წელია რაც ვმასპინძლობთ ჩვენს კოტეჯებში. 

     3. როგორ გაჩნდა კოტეჯის დაარსების იდეა?

დრამატული ნამდვილად არაა ჩვენი, როგორც ანტერპრენერების ისტორია, შევიმუშავეთ ბიზნეს გეგმა, ვიყიდეთ მიწა სიონის ტბის პირას, ავაშენეთ კოტეჯები, საკუთარი ხელით გავაკეთეთ ყველა ის დეკორაცია თუ აქსესუარი, რასაც სადმეს კოტეჯებში და ეზოში ხედავთ, ყველა დეტალში იგრძნობა ჩვენი სიყვარული და დამოკიდებულება საქმის მიმართ, ამას ხედავენ ჩვენი სტუმრებიც, აფასებენ და უფრთხილდებიან ისე, როგორც საკუთარს.

სახელს რაც შეეხება, დამეთანხმებით რთულია, გვერდი ავუაროთ კითხვას “სად წავიდეთ?” – როცა საქმე განტვირთვას, ქალაქიდან გასვლას და საღამოს მშვიდად გატარებას ეხება, წასასვლელი ბევრია, მაგრამ პირველი პასუხი არის ყოველთვის – “სადმე”, სწორედ ეს პასუხი იქცა ჩვენს სტარტაპად, ახლა უკვე იციან სადმე წამსვლელებმა, რომ არის ადგილი სიონის ტბის პირას, სადაც ღუნღულა კოტეჯები, ფერადი გარემო და პოზიტიური მასპინძლები ელოდებიან

     4. რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს? 

ამ ეტაპზე მხოლოდ კოტეჯების გაქირავებით შემოვიფარგლებით, პანდემიამდე უამრავ საქორწილო თუ ხელისმოწერის ცერემონიას გავუკეთეთ ორგანიზება, რეივერებიც აქტიურად გვსტუმრობდნენ, მაგრამ ივენთების ორგანიზება ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო შევწყვიტეთ, იმედია დასტაბილურდება მალე სიტუაცია და დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს. 

     5. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით? 

მთავარი სირთულე იყო და არის ინფრასტრუქტურული პრობლემები სიონში, გზის პრობლემა, წყლის გრაფიკით მიწოდება, თუმცა ვცდილობთ საკუთარი ხარჯებით ეტაპობრივად პრობლემის აღმოფხვრას. 

     6. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე? 

ალბათ არ არსებობს ბიზნესი საქართველოში, რომელიც პანდემიას მომზადებული შეხვდა და პირდაპირი თუ ირიბი გავლენა არ მოახდინა მასზე. მოგვიწია ყველა ნაადრევი თუ მიმდინარე ჯავშნის გაუქმება, თანხების უკან დაბრუნება, გვქონდა გარკვეული ფინანსური ზარალი, იქიდან გამომდინარე, რომ სადმეს შექმნაში ჩადებული ინვესტიცია არ იყო პირადი დანაზოგი, გვქონდა საბანკო ვალდებულება.  

     7. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა? 

მდებარეობა: მთისა და წყლის იდელური კომბინაცია, თბილისთან სიახლოვე, ღია კომუნიკაცია და ინდივიდუალური მიდგომა ყველა სტუმრის მიმართ. იმაზე სასიამოვნო მართლა არაფერია, სტუმრები სადმე რომ ბრუნდებიან. 

     8. სამომავლოდ რას გეგმავთ? 

უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ სადმე წამსვლელებს სხვა ლოკაციებიც შევთავაზოთ, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად ჩავუშვებთ კიდევ ერთ ძალიან მაგარ პროექტს, რომლიც განხორციელებასაც წოდორეთში ვგეგმავთ. 

     9. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?

მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, გჯეროდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები განუსაზღვრელია და ჯანსაღი ამბიცია აუცილებელი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყოველთვის იქნება უამრავი დაბრკოლება, მთავარია ხელი არჩაიქნიონ და არ შეუშინდნენ წინააღმდეგობებს, მიუღწეველი მიზანი არ არსებობს. 

 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: