გაიცანით საოჯახო სასტუმრო “სულფონი”

მომავლის გეგმებში შედის ჩვენი სერვისებისა და გარემოს გაუმჯობესება, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჩვენთვის მხოლოდ საქმე არაა, ეს ისაა, რისი კეთებაც მოგვწონს და რაც კიდე უფრო უკეთ გვინდა გამოგვივიდეს - ანნა ჭინჭარაული

სტატიაში “სულფონის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ანნა ჭინჭარაული გვიყვება საკუთარ გამოცდილებაზე და იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებზე, რაც საოჯახო სასტუმროს მართვასთანაა დაკავშირებული. 

საოჯახო სასტუმრო “სულფონი”, მდებარეობს შატილში, რომელიც მშობლიურ მიწაზე ჭინჭარაულების ოჯახმა დაარსა. სასტუმრო გამორჩეულია მისი მყუდრო ადგილმდებარეობით, ულამაზესი ხედებითა და სტუმარ-მასპინძლობის გამორჩეული ტრადიციებით.

  1. მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ

ჩვენი საოჯახო სასტუმრო 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ზამთარში პირიქითა ხევსურეთში და მათ შორის, შატილში გზა იკეტება, ამასთან თითოეულ ოჯახის წევრს თბილისში გვიწევს სწავლა თუ საქმიანობა, ამიტომ ეს ორივე ფაქტორი განაპირობებს სასტუმროს სეზონურობას. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება შატილში გატარებული თვეების რაოდენობა. ვცდილობთ გზის გაყვანისთანავე დავიწყოთ საზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოები – ვამუშავებთ მიწას, ვაგროვებთ მცენარეებს ჩაისთვის, გვაქვს ბოსტანი და ვთესავთ იმ კულტურებს, მთის პირობებში ყველაზე უკეთ რომ ხარობს, გავაშენეთ ყვავილნარი, რომელიც შუა შემოდგომამდე, ოქტომბრამდე შესანიშნავად გამოიყურება. 

     2. რამ განაპირობა თქვენი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება?

ტურიზმის სფეროთი 2010 წელს დავინტერესდით. შატილიდან ვართ, ადგილობრივები, ბებიებით და ბაბუებითაც კი ხევსურები. შესაბამისად მუდმივად გვქონდა შეხება ამ ადგილთან. გარკვეული პერიოდი ვსწავლობდი კიდეც აქ, სწორედ სასწავლებლად გადმოსვლის შემდეგ, 2010 წლიდან გაჩნდა საოჯახო სასტუმროს დაარსების იდეა, რადგან ზაფხულებს შატილში ვატარებდით, ბევრად ნაყოფიერი და უმჯობესი იქნებოდა თუ დასვენებას საქმედაც ვაქცევდით და უფრო აზრიანად დავტვირთავდით მშობლიურ კუთხეში გატარებულ დღეებს, ამაში ხალხთან ურთიერთობა, პირველი საქმიანი გამოცდილებისადმი სწრაფვაც იგულისხმება. მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჩემი უმცროსი და-ძმაც სკოლის დაწყებით კლასებში სწავლობდნენ, ამიტომ, ამ გადმოსახედით, შეიძლება მართლაც კარგ გამოცდილებად ჩაითვალოს ჩვენი საქმიანობა, თუნდაც მხოლოდ ენობრივი კუთხით. 

     3. რატომ შეარჩიეთ სახელი „სულფონი“?

სახელის დარქმევა მართლაც იყო გარდამტეხი მომენტი ჩვენს საქმიანობაში. “აწარმოე საქართველოს” მცირე მეწარმეობის გრანტების ერთ-ერთ ეტაპზე გადავწყვიტეთ ჩვენც შეგვეტანა განაცხადი, რადგან საკუთარი შეზღუდული რესურსებით, მით უფრო მთის პირობებში, მცირე რემონტიც კი გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. გვქონდა საძინებლები, მაგრამ ჩვენი საზაფხულო სამზარეულო ოჯახის სტუმრებისა თუ ტურისტების დატვირთვისთვის მეტად პატარა იყო. საჭიროებამ და შატილში სასტუმროსგან იზოლირებულად კვების ობიექტების არარსებობამ ბიზნეს იდეა გამოკვეთა. სახელიც სწორედ ამ დროს მოვიფიქრეთ, გვქონდა რამდენიმე ვერსია, თუმცა, ჩემი დის შემოთავაზებული “სულფონი”, რომელიც ხევსურულად “მყუდრო”, “მოსვენებულ” მდგომარეობას გამოხატავს – ყველაზე შესაფერისი აღმოჩნდა პირობებიდან გამომდინარეც. ჩვენი სასტუმრო კოშკების ხედით, ლამაზი ეზოთი იწონებს თავს, ახლა ყველაზე დიდ კომპლიმენტად სწორედ იმას ვთვლით, როდესაც გვეუბნებიან, რომ “სახელს ვამართლებთ”.

     4. რითი გამოირჩევით სხვა საოჯახო სასტუმროებისაგან? რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

ჩვენი ძლიერი მხარე გულწრფელ სტუმართმოყვარეობასა და დიდ პასუხისმგებლობაშია. ერთი შეხედვით, თითქოს ადვილია – “საქართველო, ისედაც გამორჩეულია სტუმრის დახვედრითო”, ხშირად ვამბობთ, თუმცა მთლად ასეც არ არის. ყოველი დღე, ყოველ სტუმარს დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით ვხვდებით. საოჯახო სასტუმრო განსხვავდება ჩვეულებრივი სასტუმროსაგან – აქ პირობებზე მეტად მასპინძელის დამოკიდებულებებს, მის სიზუსტესა და ყურადღებას აფასებენ. დედა, რომელზეც ჩვენ ოთხთაგან ყველაზე უფრო მეტი სამუშაო დრო და დატვირთვა მოდის, ხშირად ხუმრობს ხოლმე, რომ ნებისმიერ გერმანელზე მეტად პუნქტუალურია, სიზუსტეში სწორედ ეს იგულისხმება. საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა სწორედ ესაა, ყველაფერს აბალანსებს და ქართველ თუ უცხოელ ტურისტს ერთნაირად, ზედმეტი მცდელობების გარეშე, კმაყოფილს ტოვებს. თუმცა სტუმართმოყვარეობას, როცა ვახსენებთ, ზომიერებაც იქვე იგულისხმება, გარკვეული დისტანცია, რაც სტუმართმოყვარეობას მომაბეზრებლობისაგან განასხვავებს.

    5. იქონია თუ არა გავლენა პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?

პანდემიის გავრცელებამ ჩვენზეც იქონია გავლენა, უცხოელი ვიზიტორების ჯავშნები დასაწყისშივე გაუქმდა. შესაბამისად, ჩვენც ერთგვარად, ალალ ბედზე მოგვიწია სეზონის დაწყება, მოვიმარაგეთ კოვიდ ინფექციისათვის ყველა საჭირო ატრიბუტი, დავიწყეთ საგაზაფხულო სამუშაოები და მშვიდად შევეგუეთ იმ აზრს, რომ არცთუ კარგი სეზონი გველოდა. თუმცა ქართველმა დამსვენებლებმა გაამართლეს – მოდიოდნენ ჩვენივე ყოფილი დამსვენებლების, მეგობრების რეკომენდაციებით, ეს ბევრის მანიშნებელი იყო და ის პასუხისმგებლობაც მოგვიმატა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუმცა, სამწუხაროდ მხოლოდ პანდემია არ ყოფილა გამოწვევა – აგვისტოში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ასევე გააუქმა რამდენიმე ჯავშანი, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილი 70 კილომეტრითაა დაშორებული შატილს. მთა ისედაც გაუთვალისწინებელ გამოწვევებს გვთავაზობს და ამ წელმა, ამ კუთხით რეკორდი მოხსნა, თუმცა ასეთებიც ხომ საჭიროა, გცდის და გზრდის.

    6. რას გეგმავთ სამომავლოდ?

მომავლის გეგმებში შედის ჩვენი სერვისებისა და გარემოს გაუმჯობესება, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე წარმოუდგენელია. ეს ჩვენთვის მხოლოდ საქმე არაა, ეს ისაა, რისი კეთებაც მოგვწონს და რაც კიდე უფრო უკეთ გვინდა გამოგვივიდეს.

    7. და ბოლოს, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

თვითრეფლექსია და ის პასუხისმგებლობა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: