გაიცანით საოჯახო სასტუმრო – “Mood Of Silence • Svaneti”

წარმატების მიღწევაში ადამიანს ეხმარება: მიზანდასახულობა, მონდომება, დაუღალავი შრომა და მომავლის იმედი. ასევე საკუთარი თავისა და საკუთარი იდეის რწმენა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ! და მე ვფიქრობ, რომ ის საქმე რაც გულით გიყვარს აუცილებლად გამოვა - თამარ გვიჩიანი

სტატიაში გაიცნობთ სვანეთში მდებარე ერთერთ სასტუმროსა და მის მასპინძელს თამარ გვიჩიანს, რომელმაც ოჯახთან ერთად მშობლიურ მიწაზე დაარსა საოჯახო სასტუმრო სახელად “Mood Of Silence • Svaneti”. სასტუმრო გამოირჩეულია მისი ადგილმდებარეობით, ულამაზესი ხედებითა და საინტერესო სერვისებით.

     1. გვიამბეთ თქვენს შესახებ.

მოგესალმებით, მე ვარ თამარ გვიჩიანი, მყავს მეუღლე და ერთი შვილი, პატარა ალექსანდრე, ამჟამად ვმუშაობ მესტიის იუსტიციის სახლში, მენეჯერის პოზიციაზე.

     2. რამ განაპირობა თქვენი ტურიზმის სფეროთი დაინტერესება?

ტურიზმის სფეროთი ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული, რაც სავარაუდოდ სვანეთმა განაპირობა, აქიდან გამომდინარე, მაგისტრატურა დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლის პერიოდში, ზუსტად ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი ჩემს მშობლიურ სვანეთში და აუცილებლად შევქმნიდი რაიმე ღირებულს ტურიზმის სფეროში.   

     3. როდის და როგორ გაჩნდა საოჯახო სასტუმროს დაარსების იდეა?

ჩემს მეუღლეს მესტიაში ჰქონდა მამა-პაპისეული მიტოვებული ძველი სახლი, გადავწყვიტეთ ამ სახლის აღდგენა და მისთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნება. იდეა წარმატებით განხორციელდა. ბანკში ავიღეთ ვალდებულებები, როსკების გათვლით  და დავიწყეთ ძველი სახლის განახლება. ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ავთენტურობა, რაც სვანური შენობებისთვის იყო დამახასიათებელი, მოვახერხეთ ძველის და ახლის შერწყმა და გამოგვივიდა საოცრად ლამაზი და მშვიდი გარემო, რაც ნამდვილად აღაფრთოვანებს ჩვენთნ მოსულ თითოეულ სტუმარს. 

     4. მოგვიყევით სად მდებარეობს საოჯახო სასტუმრო და რა სახის მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

საოჯახო სასტუმრო მდებარეობს მესტიაში, ზარგაშის ქ.ნომერ 8 ში. ტურისტებს ვთავაზობთ: განთავსებასა და სამჯერად კვებას, სურვილისამებრ ექსკურსიებს, საცხენოსნო, საფეხმავლო და ჯიპ ტურებს, ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას, მასტერკლასებს, ტრანსფერსა და სხვა მომსახურებებს.

     5. რითი გამოირჩევით სხვა სასტუმროებისაგან? რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

სასტუმროს მდებაროება გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, უშბის, მთა ლაილასა და მთა ბანგურიანის ხედებით. იდეალური ადგილია სალაშქროდ, სასტუმროს ახლო პერიმეტრში გადის გზა ქორულდის ტბებისა და ჭალაადის მყინვარისაკენ. არის მყუდრო, სუფთა და მწვანე გარემოში. სტუმრებს ვთავაზობთ ჩვენს მიერ დამზადებულ და მოყვანილ ეკოლოგიურ (ბიო) პროდუქტებს. გვაქვს პატარა ბიო მეურნეობა.  

     6. იქონია თუ არა გავლენა პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?

რაც შეეხეება პანდემიის ზეგავლენას ბიზნესზე, რა თქმა უნდა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ბიზნესის ფუნქციონირება თუმცა, რისკების გათვლით, ამ ეტაპზე ვახერხებთ რომ არ გვქონდეს ფინანსური კრიზისი.  

     7. რას გეგმავთ სამომავლოდ?

ბევრს ვშრომობთ განვითარებისთვის და გაზაფხულიდან ახალი იდეების განხორციელებას ვგეგმავთ, რასაც მოვარგებთ, როგორც ადგილიბრივ, ისე უცხოელ სტუმრებს. ვფიქრობ, ინოვაციები ყოველთვის საინტერესოა. 

     8. და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა ეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში?

წარმატების მიღწევაში ადამიანს ეხმარება: მიზანდასახულობა, მონდომება, დაუღალავი შრომა და მომავლის იმედი. ასევე საკუთარი თავისა და საკუთარი იდეის რწმენა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ! და მე ვფიქრობ, რომ ის საქმე რაც გულით გიყვარს აუცილებლად გამოვა.

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: