გაიცანით საოჯახო მარანი – “Winilia Winery”

სტატიაში გაიცნობთ სოფელ ძეგვში მდებარე საოჯახო მარანს – „Winilia Winery-ის“, რომელიც ქართული ტრადიციებით დამზადებულ სხვადასხვა სახეობის გამორჩეულ ქვევრის ღვინოებს გვთავაზობს.

     1. გვიამბეთ ვინ არის „Winilia Winery-ის“ დამფუძნებელი და რატომ გადაწყვიტეთ საოჯახო მარნის დაარსება? 

მარანი “Winilia Winery”-ის დამფუძნებელია ქეთევან თაგვაძე, ოჯახთან ერთად დიდი ხნის მანძლზე გვქონდა სურვილი რომ საკუთარი ღვინის წარმოებაში მოგვესინჯა თავი, შესაბამისად სამი წლის წინ აქტიური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით.  შევიძინეთ მიწა და ავაშენეთ მარანი. დაგვეხმარა „ახალგაზრდა მეწარმის“ პროექტი, რომელმაც დაფინანსება გამოყო ჩვენი მარნის კეთილმოწყობისთვის და სამასპინძლო სივრცის გამართვისთვის. 

     2. სად მდებარეობს თქვენი მარანი და რამდენი ხანია, რაც ის ფუნქციონირებს?

მარანი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში და უკვე სამი წელია ფუნქციონირებს. წელს მესამე მოსავალი მივიღეთ და დავწურეთ ყურძენი.

     3. ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და რამდენი სახეობის ღვინოს სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს?

მესამე წელია ყურძენს ვყიდულობთ საუკეთესო მევენახეებისგან. თუმცა ორი წლის თავზე ჩვენი ყურძენიც  წამოგვეწევა,  ჩვენი ვენახი ჯერ ახალგაზრდაა და გვაქვს გაშენებული ადგილობრივი ენდემური ჯიშის ყურძენი – თავკვერი და შავკაპიტო. 

ჩვენთან შეხვდებით  შემდეგ ღვინოებს: თავკვერი, საფერავი, რქაწითელი და ქისი. წელს პირველად მივიღეთ კაბერნე, რომელმაც გაამრავალფეროვნა ჩვენი ღვინის ასორტიმენტი.

     4. რითია გამორჩეული თქვენი ღვინოები?

ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ ტრადიციული წესით – გვაქვს ქვევრის ღვინო, ღვინის ნაწილის დავარგება კასრში ხდება. ჩვენი ღვინო გამორჩეულია იმით რომ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ღვინოა, წარმოებისას ყველა წესი დაცულია, ხარისხზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოფენებზე მიღებული არაერთი ოქროსა და ვერცხლის მედალიც მეტყველებს.

     5. რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

საკმაოდ რთული და შრომატევადია ღვინის გაყიდვების მიმართულება. ასევე მნიშვნელოვანი სირთულეა ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო პერიოდულად ხსნის საგრანტო პროექტებს, მაგრამ მიმდინარე წელს ღვინის მიმართულებით მნიშვნელოვანი დაფინანსება არ ყოფილა.

     6. იქონია თუ არა გავლენა პანდემიის გავრცელებამ თქვენს ბიზნესზე და რა კუთხით?

პანდემიამ ჩვენზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა, გვქონდა კონკრეტული გეგმები ადგილობრივი ტურიზმის განვითარების მიმართულებით, თუმცა ხელი შეგვეშალა. ამასთანავე წელს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩატარდა ღვინის ფესტივალები, რაც ჩვენნაირი დამწყები ღვინის მწარმოებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობადობის გაზრდის კუთხით ასეთი ტიპის გამოფენები და ღონისძიებები ძალიან გვეხმარება.

     7. რას ურჩევთ დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

დამწყებ მევენახეებს ვურჩევ სრული კონცენტრაცია მიმართონ ამ საქმიანობის მიმართ, ღვინოს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და ნაწილობრივი ჩართულობით საქმე ხარისხიანად არ გაკეთდება. ასევე მიიღონ მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას ემსახურება.

     8.და ბოლოს, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ.

სამომავლოდ ვგეგმავთ მარნის ტერიტორიაზე პატარა საოჯახო სასტუმროს მოწყობას, სადაც დასაწყისისთვის 8 სასტუმრო ნომერი გვექნება. გვინდა რომ ადგილობივ და უცხოელ ტურისტებს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენთან ყოფნით. ამასთან გვინდა რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ღვინის რეალიზაციის გაზრდაზე და ექსპორტის მიმართულებით.

 

ავტორი: სოფო უშხვანი

Tags: