გაიცანით ხატია კაკაჩიშვილი, პროფესიით არქიტექტურის-რესტავრატორი ქალაქ ვალედან, რომელიც ბავშვებისთვის ფერად კარვებს კერავს

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით ხატია კაკაჩიშვილი, პროფესიით არქიტექტურის-რესტავრატორი ქალაქ ვალედან, რომელიც ბავშვებისთვის ფერად კარვებს კერავს

ბავშვობიდანვე ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი სამკერვალო სალონი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში სხვა მიმართულება მქონდა არჩეული... და მქონდა შანსი დედაქალაქში დამემკვიდრებინა თავი ჩემი პროფესიით. პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდი რაიონში და ჩემი ოცნებების ახდენას შევუდექი. მგონია ყველა საქმე, რაშიც სულსა და გულს დებ შრომისმოყვარეობის გარეშე არ მიიღწევა - ხატია კაკაჩიშვილი

ინტერვიუში გაეცნობით ხატია კაკაჩიშვილს, პროფესიით არქიტექტურის-რესტავრატორს ქალაქ ვალედან, რომელიც ბავშვებისთვის ფერად კარვებს კერავს. მან დაწერა პროქტი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც შექმნა საკუთარი ბრენდი – K&K “ქეი&ქეი”

     1. მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის ხატია კაკაჩიშვილი?

მე ვარ ხატია კაკაჩიშვილი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის-რესტავრაციის ფაკულტეტი. დღისით ვმუშაობ ჩემი პროფესიით : მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში, თავისუფალ დროს კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებზეც ვმუშობ ჩემს თანაკურსელებთან ერთად, ხოლო საღამოობით მივუჯდები ხოლმე საკერავ მანქანებს და ვიწყებ კერვას… ჩემი ოცნებების ასასრულებლად…

     2. როგორც ჩემთვის ცნობილია თქვენ ბავშვებისთვის კერავთ კარვებს, როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

2015 წელს დავფინანსდი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რითაც შევიძინე საწარმო საკერავი მანქანები. აქედან მოყოლებული დღემდე ძირითადად საბავშვო კარვების, სუფრების, საბავშვო გამოსაყვანებისა და თეთრეულის კერვით ვართ დაკავებული და ეს გახდა ჩვენი ე.წ საოჯახო ბიზნესი. გვყავს ჩვენი მუდმივი მომხმარებელი, რომელსაც არც თუ იშვიათად სასურველ პროდუქციას, არა მხოლო საქართელოში, არამედ საზღვარგარეთაც კი ვაწვდით.

     3. რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

როგორც აღვნიშნე ბავშვობიდანვე ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი სამკერვალო სალონი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში სხვა მიმართულება მქონდა არჩეული… და მქონდა შანსი დედაქალაქში დამემკვიდრებინა თავი ჩემი პროფესიით, პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდი რაიონში და ჩემი ოცნებების ახდენას შევუდექი. პროექტით მოგებული საკერავი მანქანებით ჯერ საპროექტო განაცხადით გათვალისწინებული თეთრეულის კერვით ვიყავით დაკავებულები, მაგრამ შემდეგ საახალწლო სუფრების, დეკორაციებისა და პატარა დისშვილებისთვის შეკერილი ფერადი კარვის შემდეგ მოულოდნელად შეკვეთების რაოდენობამ და მოთხოვნამ სწორედ ამ მიმართულებით გადაინაცვლა და ჩვენც ფეხი ავუწყვეთ ახალ გამოწვევას.

     4. თუ შეიძლება გვითხარით, რამდენად შომატევადია ეს საქმიანობა?

მგონია ყველა საქმე, რაშიც სულსა და გულს დებ შრომისმოყვარეობის გარეშე არ მიიღწევა… საქმე კი რასაც მთელი ოჯახი ვუძღვებით საკმაო შრომას მოითხოვს თითოეული ჩვენთაგანისგან. თავდაპირველად ძირითადად მე და დედა ვმუშაობდით, (მე, რა თქმა უნდა სამსახურის შემდეგ და შაბათ-კვირას, დღეის მდგომარეობით კი გარდა იმისა, რომ ყველა სხვა წევრიც ამ საერთო საქმის სხვადასხვა ნაწილშია ჩართული უკვე მყავს ორი გარეშე პირიც დასაქმებული, ძირითადად კერვის მიმართულებით. წარმოებაც გაიზარდა და მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად მხოლოდ ოჯახი მას ვერ გავუმკლავდებით…)

     5. რას გრძნობს ადამიანი, როდესაც გარკვეულ წარმატებას აღწევს ცხოვრებაში, რამდენად სასიხარულო იყო თქვენთვის, როდესაც გაიგეთ, რომ პროგრამის ფარგლებში გაიმარჯვეთ?

რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან სასიამოვნო ემოცია და დიდი სიხარული, რადგან ეს იყო შანსი იმისა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია. მას შემდეგ არა ერთხელ მოვიგე გრანტი იმავე ან სხვა პროგრამებში და ვფიქრობ უკვე მივეჩვიე გამარჯვების შეგრძნობასაც.

     6. თქვენს კარვებზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება, რამდენად ელოდით ასეთ დაინტერესებას?

სიმართლე გითხრათ თავიდან ამ პროდუქციით ასეთ დიდ გამოხმაურებას და დაინტერესებას არ ველოდი. ბავშვებს და მათ მშობლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ფერადი საბავშვო კარვები, ვფიქრობ გრძნობს ჩვენი მომხმარებელი, რომ თითოეულ დეტალზე გუნდი დიდი სიყვარულით და მონდომებით მუშაობს. ყოველდღიურად გვახარებს მათი კმაყოფილი გამოხმაურებები და მადლიერება მათი პატარებისთვის შექმნილი ამ სიმყუდროვისა და სიხალისის გამო, ეს გვაძლევს ძალას შეუძლებელი შევძლოთ და ჩვენი მცირე რესურსით დროულად და ხარისხიანად დავაბრუნოთ შეკვეთა.

     7. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ინგლისთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს და თქვენი კარვები ძალიან მალე ინგლისშიც გაიყიდება, რამდენად სასიხარულოა თქვენთვის ეს ფაქტი?

ინგლისიდან დამიკავშირდა ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ჩემი საბავშვო კარვები სოციალურ ქსელში სრულიად შემთხვევით ნახა, ძალიან მოეწონა ნაკეთობა და დაინტერესდა იდეით, რომ დავგეგმოთ და საცდელად გავიტანოთ ქართული წარმოების რამდენიმე ეგზემპლიარი ინგლისში. ვფიქრობ, ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ გატანილ ქართულ წარმოებას მალე შესაძლოა ჩემიც შეემატოს.

     8. და ბოლოს, თუ შეიძლება გვითხარით, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ გაფართოვებას, ამისთვის უკვე შევიძინეთ ფართი, სადაც გადასვლას ვაპირებთ. ასევე კვლავ ვმონაწილეობ პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და გამარჯვების შემთხვევაში ამ რესურსსაც წარმატებით გამოვიყენებ, წინ ძალიან საინტერესო სიახლეები ელოდებათ ჩვენს მომხმარებლებს. ვმუშაობთ ახალ იდეებზე და ახალ მიმართულებებზე, პანდემიის დასრულების შემდეგ კი ახალციხეში საკუთარი „შოუ რუმის“ გახსნაზეც ვიზრუნებ.

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Facebook : K&K “ქეი&ქეი”

Tags: